მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ ალერგიაზე ორსულობის დროს

№27

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 17.07

ალერგია
დაკოპირებულია

ორსულობასთან ალერგიის თანხვედრა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქრონიკული დაავადების, არ არის სასურველი, თუმცა ალერგია ორსულობის უკუჩვენებად არ მიიჩნევა. მომავალი დედის ორგანიზმში იმატებს ჰორმონ კორტიზოლის დონე, რომელსაც ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. ამიტომ არის, რომ ორსულებთან ალერგიული რეაქცია იშვიათი და მსუბუქია. ისეთმა სერიოზულმა დაავადებებმაც კი, როგორიც არის ბრონქული ასთმა და ჭინჭრის ციება, ორსულობის პერიოდში შესაძლოა, საერთოდ არ იჩინოს თავი. მშობიარობის შემდეგ კორტიზოლის რაოდენობა თანდათან პირვანდელ დონეს უბრუნდება და ალერგიული დაავადებაც ჩვეულ სახეს იღებს. თუ პირველი ორსულობისას ალერგიამ თავი საერთოდ არ შეგახსენათ, შესაძლოა, მომდევნო ორსულობებმაც მშვიდად ჩაიაროს. მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ორსულობისას ალერგია ადრინდელზე მძაფრად გამოვლინდეს. ეს გამოწვეულია ქალის იმუნურ სისტემაში მიმდინარე ფიზიოლოგიური ძვრებით და, ამის კვალობაზე, ალერგენებზე უფრო აქტიური რეაქციით.

თუ პაციენტს ალერგიული დაავადება აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, მდგომარეობა ორსულობის დაგეგმვამდე დასტაბილურდეს, რათა ქალი უსიმპტომოდ შეხვდეს ორსულობას და მინიმალური მედიკამენტური ჩარევა დასჭირდეს. თუ ალერგია სეზონურია, უმჯობესია, ორსულობის პერიოდი მცენარეთა ყვავილობის ფაზას არ დავამთხვიოთ, თუმცა, ეს არ არის იოლი, რადგან ორსულობა ხანგრძლივი პროცესია. ალერგიული დაავადების მართვის პირველი ნაბიჯი ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტაა.

ქალებს, რომლებსაც ალერგიული დაავადება აქვთ, ორსულობამდე ზედმიწევნითი გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეთ, რათა თავიდან ავიცილოთ დედისა და ნაყოფისთვის სახიფათო მდგომარეობის განვითარების რისკი. ალერგიის პირველი გამოვლენა ნებისმიერ პერიოდშია შესაძლებელი, მათ შორის – ორსულობის დროსაც, ამიტომ სასურველია, ორსულმა მაქსიმალურად არიდოს თავი ალერგენებთან კონტაქტს, ხშირად დაიმუშაოს ცხვირის ღრუ ფიზიოლოგიური ან ზღვის მარილის შემცველი ხსნარით, ერიდოს ქარიან ამინდში გარეთ გასვლას. ამასთან ერთად, აუცილებელია საცხოვრებელ გარემოში სისუფთავის შენარჩუნება, იატაკის, ავეჯის ზედაპირის სველი წესით დამუშავება.

ალერგია, როგორც პროცესი, გავლენას არ ახდენს არც ორსულობაზე და არც ნაყოფზე, თუმცა მისმა შედეგებმა და ფარმაკოლოგიურმა მკურნალობამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს. მაგალითად, ხანგრძლივად მიმდინარე, უკონტროლო ალერგიული რინიტი, როდესაც ცხვირის ლორწოვანი შეშუპებულია, სუნთქვა კი გაძნელებული და ორსული მუდმივად განიცდის ჟანგბადის უკმარისობას, არასასურველია როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვის, ამიტომ ინიშნება არაფარმაკოლოგიური მკურნალობა, ხოლო საჭიროებისამებრ – ადგილობრივი მედიკამენტებიც, რომელთა უსაფრთხოება სარწმუნო კვლევებით არის დადასტურებული.

კანი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები: თმა, ფრჩხილები და ლორწოვანი – ორსულობისას ცვლილებებს განიცდის. არსებობს უშუალოდ ორსულობით გამოწვეული ალერგიის მსგავსი ჩივილები, რომელთა გამო ქალი შესაძლოა, ალერგოლოგთან მოხვდეს. ესენია გამონაყარი, ქავილი და რინიტი. ორსულთა 20%-თან გამონაყრის გარეშე გამოვლენილი ქავილი შესაძლოა, ფიზიოლოგიური იყოს. ის, ძირითადად, თავის კანს, ანუსს, ვულვას, მესამე ტრიმესტრში კი მუცლის არეს მოიცავს. დამატენიანებელი აბაზანები და მზის სხივები სიმპტომებს ხსნის და მდგომარეობას აუმჯობესებს.

ორსულობასთან ასოცირებულ კანის დაავადებათაგან, რომლებიც გამონაყრითა და ქავილით მიმდინარეობს, საყურადღებოა ორსულთა პოლიმორფული გამონაყარი, რომელიც პირველი ორსულობის ბოლო კვირებში 300-დან ერთ ორსულს უჩნდება. ვარაუდობენ, რომ ამას დედის ორგანიზმში ნაყოფის ანტიგენების ცირკულაცია იწვევს. გამონაყარი ჩნდება სტრიების გასწვრივ და თან ახლავს ძლიერ შემაწუხებელი ქავილი. პროცესი მუცლის სტრიებიდან იწყება და თანდათან გადადის ბარძაყებზე, გულმკერდსა და ზურგზე. სახე, ხელის მტევნები და ფეხის ტერფები, წესისამებრ, სუფთაა. მკურნალობის მთავარი მიზანი სიმპტომების შემსუბუქებაა, რისთვისაც კრემებს იყენებენ. გამონაყარი 4-დან 6 კვირამდე გრძელდება და მშობიარობიდან ორ კვირაში გაივლის.

ორსულობა ცხვირის ლორწოვანის შეშუპებასა და სისხლმოდინების მომატებას იწვევს. ორსულთა 20-30%-ს უვითარდება, ეგრეთ წოდებული, ორსულთა რინიტი, რომელიც ცხვირის გაჭედვით, ცხვირით სუნთქვის გაძნელებით გამოიხატება. სიმპტომები გრძელდება ექვს კვირას ან უფრო მეტხანს, სხვა ჩივილები თან არ ახლავს, თუმცა ცხვირის გაჭედვის გამო ქალი იძულებულია, პირით ისუნთქოს, ხოლო სუნთქვის დარღვევას ძილის დარღვევამდე მიჰყავს. ორსულთა რინიტი მშობიარობიდან ორ კვირაში ალაგდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა