მედიცინა

რა შემთხვევაში დასრულდება პანდემია და ვის არ გაუკეთდება ვირუსის ვაქცინა

№3

ავტორი: ეთო ხურციძე 14:00 27.01, 2021 წელი

გიორგი ღოღობერიძე
დაკოპირებულია

ონკოლოგიის ექიმი-რეზიდენტი და USMLE მოსამზადებელი ცენტრის ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი გიორგი ღოღობერიძე,  სოციალურ ქსელში ხშირად აწვდის საზოგადოებას მნიშვნელოვან და სასარგებლო ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებით. რა უნდა უნდა იცოდეთ კორონავირუსის გადატანის შემდეგ და რა არის აუცილებელი პოსტკოვიდ მდგომარეობისას, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გიორგი ღოღობერიძე „თბილისელებს“ ესაუბრა.

– რას გულისხმობს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილი დააბნია?
– ახალი შტამი, ფაქტობრივად, წინა კორონავირუსია, უბრალოდ, ნაწილობრივ სახეცვლილი. ის უფრო ადვილად ვრცელდება, რადგან კარგად მრავლდება და კარგად უკავშირდება ადამიანის უჯრედებს. შესაბამისად, ის ერთი ადამიანიდან მეორეს ბევრად მარტივად გადაეცემა, მაშინ, როცა არ ეკეთებათ ნიღაბი და დაცული არ ექნებათ დისტანცია. თუ ნიღაბი იქნება გამოყენებული, რა მნიშვნელობა აქვს რომელი შტამი იქნება არ გავრცელდება. ადამიანს, რომელსაც მოხდილი აქვს კოვიდი ეს შტამი არანაირად პრობლემას არ შეუქმნის. კლინიკურადაც არ განსხვავდება წინა ვარიანტისგან – იგივეა, რეინფექცია არ ახასიათებს, ასე რომ, არ არის სანერვიულო.
– რატომ უნდა ატაროს პირბადე კოვიდგადატანილმა ადამიანმა?
– კოვიდის ტესტირებიდან ათ დღეში ან ნიშნების გამოვლენიდან ათ დღეში ადამიანი დაავადებას აღარ ავრცელებს, მას შემდეგ ჯერზე არც დაემართება კოვიდი. თუმცა, საყურადღებოა ის, რომ შესაძლოა, მერე ჰქონდეს კონტაქტი კოვიდის მატარებელთან და მისგან მიღებული ვირუსი სხვას გადაუტანოს.
– რატომ არის ხშირი კოვიდგადატანილ პაციენტებში დეპრესია და პანიკური აშლილობა?
– დიახ, პოსტკოვიდმდგომარეობაში ხშირია დეპრესიები, პანიკური შეტევები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ პაციენტს რჩება სხვადასხვა სიმპტომი: უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, ქოშინი, მოხრჩობის შეგრძნება... ასევე, ნერვიულობენ, რომ თრომბოზი მერეც შეიძლება განუვითარდეთ. ყველაზე კარგი რჩევა ის არის, რომ დრო არ დაუთმონ ნეგატიურ მოვლენებს.
– პოსტკორონავირუსის პერიოდში დეპრესიის დროს ხშირად თვითნებურად მიმართავენ აბებით მკურნალობას. რითი შეიძლება, ჩავანაცვლოთ აბები?
– აბების ჩანაცვლება, პირველ რიგში, უძილობის მოგვარებით შეიძლება. ამისთვის სასურველია: ძილის ხანგრძლივობის გაზრდა, კარგია ცივ ოთახში ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს დაძინება, სინათლის მიწოდების შეზღუდვა, ტელეფონის შორს მოთავსება, საკვების მიღება და ვარჯიში დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე. თუ უძილობა მოგვარდება, ნერვიული სისტემაც დაუბრუნდება პირვანდელ სახეს.
– რა უნდა იცოდნენ კოვიდგადატანილმა პაციენტებმა მათი ცხოვრების წესის შესახებ?
– უმნიშვნელოვანესია აქტიური ცხოვრების წესი. იზოლაციის პირობებში ხალხი გარდა იმისა, რომ დეპრესიაშია, წონაში იმატებს, აღარ მოძრაობს და ასე შემდეგ. ჭარბწონიანობა ცალკე პრობლემაა კოვიდის ფონზე. ცხოვრების ჯანსაღი წესი, რაც გულისხმობს ფიზიკურ აქტივობას, თუნდაც კვირაში 150 წუთს, ძალიან დიდ როლს შეასრულებს მათ ცხოვრებაში – გაანახევრებს, როგორც დეპრესიებს, ასევე პანიკური შეტევების რიცხვს, ჭარბი წონის პრობლემასა და თრომბოზების რისკს. ფიზიკურ აქტივობაში მოიაზრება: სახლში ლიფტის გარეშე ასვლა, მანქანის გაჩერება მოშორებით და ფეხით გავლა, აერობიკა, იოგა, სეირნობა. იზოლაცია არ ნიშნავს იმას, რომ ჩაკეტილები ვიყოთ და ოთხ კედელში ვიაროთ. სირბილში არაფერი გვიშლის ხელს. საცურაო აუზი და მსგავსი აქტივობა ახლა არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ამ დროს შხაპის მიღებაც ძალიან კარგი ვარიანტია.
– თუ გაქვთ ინფორმაცია, რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში და რა სახის უკუჩვენება შეიძლება, ჰქონდეს მას?
– დიდი ალბათობით, ჩვენთან „ფრაიზერის“ ვაქცინა შემოვა, რომელიც გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის პროდუქტია. ის ახალია, აქამდე მსგავსი არაფერი ყოფილა. პერსპექტივაში ამ ვაქცინებს ის აქვთ, რომ კოვიდის შემდეგ, შესაძლოა, გამოყენებული იქნას სიმსივნის წინააღმდეგაც. უკუჩვენება ყველაფერს აქვს, მათ შორის არც ვაქცინაა გამონაკლისი. აქ ყველაზე მთავარია მძიმე ალერგიული რეაქციები, თუ წარსულში იყო ანაფილაქსიური შოკი, სუნთქვის გაძნელების მკვეთრი ეპიზოდები, ამ დროს ვაქცინის გაკეთება არაა სასურველი. ასევე, ვაქცინა არ გაუკეთდებათ ფეხმძიმეებს და ბავშვებს, რადგან კვლევა არ ყოფილა მათზე. დანარჩენ შემთხვევაში ყველა ასაკობრივ ჯგუფს და პათოლოგიის მქონე ადამიანს ვაქცინაზე უკუჩვენება არ აქვს.
უნდა აიცრას მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი, რომ საბოლოო ჯამში, საზოგადო, ჯოგური იმუნიტეტი მივიღოთ. დარჩენილი პროცენტი თუ არ გაიეკთებს, აღარ იქნება პრობლემა. ვაქცინა, რომელიც ახლა შემოდის ბევრად უსაფრთხოა, რადგან ახალი ტექნოლოგიაა და ძალიან სუფთაა. ვირუსი კი არ შეჰყავთ ჩვენს ორგანზმში, არამედ ვირუსის პატარა ინფორმაცია, რომელიც მალევე იშლება და არც რჩება ჩვენს სხეულში. მისი ეფექტურობა არის 95 პროცენტი. მსგავსი ეფექტურობის მქონე ვაქცინები არც თუ ისე ბევრი ვიცით.
– კოვიდგადატანილ ბავშვებში „მულტისისტემური ანთებითი სინდრომი“ დაფიქსირდა. რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომ შვილები გართულებებისგან დაიცვან?
– როცა ბავშვი მოიხდის კოვიდს, რამდენიმე კვირის, მაქსიმუმ, 2 თვის განმავლობაში, შესაძლოა, განვითარდეს „მულტისისტემური ანთებითი სინდრომი“. ეს არის სინდრომი, რომელიც გამოწვეულია ჩვენივე იმუნური სისტემის ჩვენსავე ორგანოებზე შეტევით. ის შეუტევს: გულს, ფილტვებს, თირკმელს, თავის ტვინს, კანს. ამ სინდრომის მქონე ბავშვებში ნიშნები ვლინდება ცხელებით, რომელიც არის სამ დღეზე უფრო მეტი ხანგრძლივობის, შესაძლოა, ახლდეს გამონაყარი სხეულზე, ხელების, ფეხების შეშუპება, კისრის ბირთვული კვანძების გადიდება, თვალების ჩაწითლება – თვალების ლორწოვანი გარსის ანთების, კონიუნქტივიტის გამო, ასევე, ენის ანთება – გლოსიტი. მდგომარეობა შესაძლოა დამძიმდეს იმით, რომ მოხდეს გულის მკვებავი სისხლძარღვების გაფართოება და საბოლოო ჯამში, გამოიწვიოს გულის უკმარისობა პაციენტებში – მარცხენა პარკუჭი ისე დაზიანდეს, რომ წნევა დაეცეს და განვითარდეს შოკი. ეს დაავადება მოითხოვს დიდ ყურადღებას, თუ ჩაერევიან დროულად, მაშინ გადარჩენის ალბათობა 98 პროცენტია. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ თუ ბავშვს დაეწყება ცხელება, მუცლის ტკივილი, ღებინება, დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს. ამ შემთხვევაში მდგომარეობა იქნება მართვადი. საქართველოში ამ დაავადების უკვე ათეულობით შემთხვევაა დაფიქსირებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი