მედიცინა

რა იწვევს კენჭებს თირკმელებში და რა არის გამოსავალი

№18

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 14.05, 2022 წელი

თირკმელი
დაკოპირებულია

საშარდე სისტემაში კენჭების არსებობას ნეფროლითიაზს ან უროლითიაზს უწოდებენ. კენჭები შესაძლოა, იყოს თირკმელებში, შარდსაწვეთში, შარდის ბუშტში. მაგრამ საგანგაშო არაფერია – თუ ჯანმრთელობას დროულად მივხედეთ, ეს წარმონაქმნები სერიოზულ გართულებას არ გამოიწვევს. თირკმელებში კენჭები უამრავ ადამიანს უჩნდება.

თირკმლის პატარა კენჭმა შესაძლოა, შეუფერხებლად, ტკივილის გარეშე ან მცირე ტკივილის თანხლებით გაიაროს საშარდე გზებში, დიდი კი შესაძლოა გაიჭედოს და შარდის დინება შეაფერხოს. კენჭის გაჭედვა ძლიერ ტკივილსა და სისხლდენას იწვევს. ამ დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რათა კენჭის გამოდევნაში დაგეხმაროთ და თავიდან აგაცილოთ საშარდე გზების ინფექცია.

კენჭების გაჩენის ალბათობა შედარებით მეტი აქვთ მამაკაცებს, აგრეთვე, კენჭოვანი დაავადების ოჯახური ისტორიის მქონე ადამიანებს ანუ მათ, ვის მშობლებს, და-ძმას ან სხვა ახლო ნათესავებსაც კენჭები ჰქონიათ. და კიდევ, თუ ადამიანს ერთხელ მაინც ჰქონია კენჭი, უმეტესად მეორედაც უჩნდება. კენჭები გაცილებით ხშირად უჩნდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც საკმარისი რაოდენობის სითხეს არ იღებენ.

თირკმელებში კენჭები უმეტესად უსიმპტომოდაა, მაგრამ ზოგჯერ ნიშანსაც გვაძლევს. თირკმელებში კენჭების არსებობაზე მიუთითებს: თირკმლის ჭვალი – ძლიერი, მწვავე ტკივილი წელ-ზურგის არეში, რაც თირკმლის შარდით გადავსების ბრალია. შესაძლოა, ტკივილი გავრცელდეს მუცლის ქვედა ნაწილში ან საზარდულში, მალევე გაყუჩდეს ან დიდხანს გაგრძელდეს, ან პერიოდულად გაჩნდეს და გაქრეს. ტკივილთან ერთად მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, ცხელება, შემცივნება; შარდის შეფერვა ვარდისფრად, წითლად ან ყავისფრად; მოშარდვის ხშირი სურვილი; ტკივილი შარდვის დროს; შარდის გამოყოფის შეუძლებლობა ან მცირე ულუფებით შარდვა; ამღვრეული ან უსიამოვნო სუნიანი შარდი.

საკმარისი სითხის მიღება შემთხვევათა უმეტესობაში კენჭოვანი დაავადების თავიდან აცილების საუკეთესო გზაა. ბევრი სითხე შარდს აზავებს და შარდთან ერთად სხეულიდან გამოდევნის იმ მინერალებს, რომლებისგანაც ქვები წარმოიქმნება. ამისთვის საუკეთესო არჩევანია წყალი, თუმცა სხვა სითხეებიც გამოდგება, განსაკუთრებით, ციტრუსისგან დამზადებული სასმელები, ლიმონის, ფორთოხლის წვენი – მათში შემავალი ციტრატი კრისტალების კენჭებად გადაქცევას აფერხებს.

მეტი სითხეა საჭირო ისეთ ადგილას ყოფნისას, სადაც გარემოს ტემპერატურა მაღალია, მუშაობისას, ვარჯიშისას, როდესაც ოფლიანობის გამო სითხის დიდი მარაგი იკარგება.

კენჭების გაჩენის თავიდან აცილების მთავარი გზა, რა თქმა უნდა, საკმარისი სითხის მიღებაა, თუმცა კვებასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რეკომენდებულია, დაახლოებით, იმ დიეტური რეკომენდაციების შესრულება, რომლებსაც ჰიპერტენზიის პრევენციისთვის იღებენ – დამტკიცებულია, რომ ხილ-ბოსტნეულის, უცხიმო რძის ნაწარმის, თევზის, ფრინველის, პარკოსნების, თხილეულის, მცენარეული ზეთის მიღება და ცხიმიანი საკვებისა და ტკბილეულის შეზღუდვა თირკმელებში ქვების ჩამოყალიბების რისკს ამცირებს.

გასათვალისწინებელია კენჭების შემადგენლობაც:

თუ კალციუმის ოქსალატის კენჭები აღმოგაჩნდათ, შარდში ოქსალატის ოდენობის შესამცირებლად უნდა ერიდოთ თხილეულს, არაქისს, რევანდს, ისპანახს, ხორბლის ქატოს. უნდა შეზღუდოთ ნატრიუმის ანუ მარილის მიღებაც. გაითვალისწინეთ, რომ მარილით მდიდარია კონსერვები, სხვადასხვა მზა საკვები, განსაკუთრებით ერიდეთ სწრაფი კვების პროდუქტებს. ნაკლები უნდა მიიღოთ ცხოველური ცილაც: საქონლის, ქათმის, ღორის ხორცი და გულ-ღვიძლი, კვერცხი, თევზი, რძე და მისი ნაწარმი. ცხოველური ცილოვანი საკვები უნდა ჩაანაცვლოთ მცენარეულით: ლობიოთი, ბარდით, ოსპით.

მნიშვნელოვანია საკვების საშუალებით საკმარისი რაოდენობის კალციუმის მიღებაც. ის კენჭებს არ აჩენს – პირიქით, სისხლში კალციუმის ნორმალური შემცველობა აფერხებს მათ წარმოქმნას. ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ოქსალატის მცირე შემცველობის მქონე მცენარეული საკვები: კალციუმით გამდიდრებული წვენები, ბურღულეული, პური, ზოგიერთი ბოსტნეული და პარკოსანი.

კალციუმის ფოსფატის კენჭების არსებობის შემთხვევაშიც იგივე რეკომენდაციები უნდა შეასრულოთ, ოღონდ მცენარეული ცილების მხრივ მეტი თავისუფლება გენიჭებათ: მათი მარაგი შეგიძლიათ შეივსოთ არა მხოლოდ პარკოსნებით, არამედ თხილით, კაკლით, ნუშით, ნუშის კარაქით, კეშიუთი, კეშიუს კარაქით, ფსტით, მზესუმზირით, სოიით და მისი ნაწარმით: სოიის რძე, სოიის თხილის კარაქი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი