რა დაავადებებს იწვევს სტრესი და როგორ დავძლიოთ ის
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 26.02, 2022 წელი
სტრესი შეიძლება იყოს ფსიქიკური ან ფიზიკური. თუკი სტრესი ნეგატიურია, ძლიერი და დიდხანს გრძელდება, მაშინ ადამიანის ორგანიზმი ვერ ახერხებს ადაპტაციას, ხდება გამოფიტვა და ეს ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების განვითარებას.
როდესაც სხეული განიცდის სტრესს, ორგანიზმი პასუხობს თავის, ზურგის ან მუცლის ტკივილით, კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა სიმპტომატიკით, გულისრევისა და თავბრუს შეგრძნებით, გულისცემის რიტმის მომატებითა და გულმკერდის ტკივილით, იმუნური სისტემის დაქვეითებითა და ხშირად, ინფექციური დაავადებების განვითარებით. სტრესი ადამიანს ართმევს ენერგიას და ანადგურებს მისი ნორმალური, ფიზიოლოგიური ძილის ციკლს, აზიანებს ადამიანის მეხსიერებას, უკარგავს თავის სხეულზე კონტროლს, აზიანებს ყველა სისტემას. კარდიოვასკულური სისტემაზე სტრესის დამაზიანებელი მოქმედება აისახება ადამიანის ქცევის ეფექტზე და სხვა ფაქტორებზე, რაც ზრდის კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკს. როდესაც ადამიანს აქვს სტრესული გარემო და თვითონაც განიცდის ქრონიკულად სტრესს, მას ერღვევა ნორმალური ფიზიოლოგიური რიტმი, ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩვევები და მიდრეკილია ალკოჰოლიზმის, თამბაქოსა და სხვა წამლების მოხმარებისკენ, უძილობისა და ჭარბი კვებისკენ. სწორედ, ამ ჩვევებს მივყავართ საბოლოოდ სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებამდე.
ადამიანმა სტრესი შეიძლება ორი სახით განიცადოს. ეს შეიძლება მოხდეს დროის მცირე მონაკვეთში მრავალი სტრესის მიღებით ან ქრონიკულად, ხანგრძლივი სტრესის ზემოქმედებით – ეგრეთ წოდებული, მწვავე და ქრონიკული სტრესი. ორივე სახეობას თავისი ნიშა და სპეციფიკური რისკები ახასიათებს. თუ მომენტალურად მიღებული მაღალი დონის სტრესის დროს რისკია უკვე არსებული ათეროსკლეროზული დაავადებების გამწვავება და მიოკარდიუმის ინფაქტში გადაზრდა, ქრონიკული სტრესის დროს ძირითად საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელ ინდივიდებთან კორონარული დაავადებებისა და ჰიპერტენზიის განვითარება.
მწვავედ ან ქრონიკულად განცდილი სტრესი ადამიანს აყენებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების გაზრდილი რისკის წინაშე, რაც მსოფლიოში სიკვდილიანობის პირველი მიზეზია. სტრესი აზიანებს ადამიანის ყველა სისტემას, როგორც ფიზიკურად, ასევე ქცევების, მენტალიტეტის დონეზე. შესაბამისად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების პროფილაქტიკისათვის, აუცილებელია, ადამიანი მაქსიმალურად ცდილობდეს ნებისმიერი სახის სტრესის არიდებას.
სტრეს-ფაქტორები:
👉 რთული სამუშაო პირობები, გათავისუფლების საფრთხე, ფინანსური პრობლემები;
👉 სირთულეები პირად ცხოვრებაში (დაშორება, საყვარელი ადამიანის დაკარგვა);
👉 სომატური ჯანმრთელობის პრობლემები;
👉 ბუნებრივი კატასტროფები, კატაკლიზმები, ეპიდემიები და ასე შემდეგ.
სტრესის მართვის ხერხები:
👉 რელაქსაცია, სუნთქვითი ვარჯიშები, ფოკუსირება დადებით ფიქრებზე;
👉ფიზიკური ვარჯიში, სრულფასოვანი კვება;
👉 ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა.
გახსოვდეთ, რომ თუ თავად ვერ უმკლავდებით ქრონიკულ სტრესს, მუდმივი შფოთვისა და დაძაბულობის შეგრძნებას, დროულად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.
დაუშვებელია:
👉ალკოჰოლით ან რაიმე ფსიქოაქტიური ნივთიერებით თრობაში „შვების“ ძიება;
👉 თვითნებურად, არასპეციალისტი ახლობლის მიერ ნარჩევი სამკურნალო პრეპარატის მიღება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





