მედიცინა

რა არის შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზი და როგორ დავიცვათ თავი მისგან

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 27.05, 2023 წელი

შარდსასქესო სისტემის
ტუპერკულიოზი
დაკოპირებულია

ტუბერკულოზი მიიჩნევა სასუნთქი სისტემის დაავადებად – მისი გამომწვევი მიკობაქტერია, კოხის ჩხირი, ადამიანის სხეულში სწორედ ამ სისტემის გავლით ხვდება. ფილტვები მისი პირველი სამიზნეა. თუმცა საკმაოდ ხშირია ტუბერკულოზის ფილტვგარეშე ფორმებიც. ამ შემთხვევაში პროცესი ფილტვებთან ერთად, სხვა ორგანოებსაც ჩაითრევს, ან ფილტვების გავლით, მათ დაუზიანებლად, სხვა ორგანოსა თუ სისტემაში დაიდებს ბინას. შარდსასქესო სისტემა მიკობაქტერიის ერთ-ერთი სავარაუდო მასპინძელია.

შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზი, იგივე უროგენიტალური ტუბერკულოზი ან უროტუბერკულოზი, მამაკაცებში შესაძლოა მოიცავდეს მხოლოდ საშარდე სისტემას (თირკმელები, შარდსაწვეთები, შარდის ბუშტი და ურეთრა) ან მხოლოდ სასქესო სისტემას (სათესლე ჯირკვლები, დანამატები, სათესლე ბაგირაკები, პროსტატა, სათესლე ბუშტუკები), თუმცა გვხვდება კომბინირებული ფორმებიც, როდესაც დაავადება ერთდროულად ორივე სისტემაში ვითარდება. ქალებში კი უროტუბერკულოზი მხოლოდ საშარდე სისტემას: თირკმელებს, შარდსაწვეთებს, შარდის ბუშტსა და ურეთრას მოიცავს.

შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზი საკმაოდაა გავრცელებული მსოფლიოში. ის ფილტვგარეშე ტუბერკულოზის საერთო სტრუქტურის 33-45%-ს შეადგენს. სასქესო გზების ტუბერკულოზის მქონე მამაკაცთა ნახევარზე მეტს ფილტვის ან თირკმლის ტუბერკულოზიც აღენიშნება.

როგორც ნებისმიერი ინფექციური დაავადება, ფილტვგარეშე ტუბერკულოზიც შეიძლება გამოვლინდეს ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენებით: სუბფებრილური ტემპერატურით, საერთო სისუსტით, ადვილად დაღლით, მადის დაქვეითებით, წონის კლებით, ჭარბი ოფლიანობით. როდესაც ტუბერკულოზური პროცესი თირკმელებში ღრმა მორფოლოგიურ ცვლილებებს იწვევს, შესაძლოა გამოვლინდეს წნევის მომატების ეპიზოდები. თირკმელების უკმარისობით გართულების შემთხვევაში ზოგადი სიმპტომოკომპლექსი კიდევ უფრო მძიმდება.

პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს ადგილობრივი ჩივილებიც, იმისდა მიხედვით, კერძოდ, სად, რომელ ორგანოში ღრმავდება არასასურველი პროცესი: ტკივილები თირკმელების ან შარდის ბუშტის საპროექციო არეში, დიზურიული მოვლენები – გახშირებული შარდვა მცირე ულუფებით, წვა და ტკივილი მოშარდვის დროს (მოშარდვის დასაწყისში, ბოლოს ან მთელი პროცესის განმავლობაში), ზოგჯერ – ტკივილი შარდვისგან დამოუკიდებლად, გაძნელებული შარდვა, მაკრო– ან მიკროჰემატურია (სისხლი შარდში), პროსტატის ტუბერკულოზის დროს – ტკივილები შორისის ან კუდუსუნის არეში. გარეთა სასქესო ორგანოების ტუბერკულოზის დროს – შესიება და ტკივილები სათესლე პარკის ორგანოების არეში, კანის ჰიპერემია, ტკივილები საზარდულის არეში. შესაძლებელია მტკივნეული ეაკულაცია (სპერმის დაღვრა), ჰემისპერმია (სპერმაში სისხლის არსებობა). ეს მხოლოდ ნაწილია უროტუბერკულოზით დაავადებულთა ჩივილებისა და თითოეული მათგანი შესაძლოა სხვადასხვა ინტენსივობით იყოს გამოხატული.

– უროგენიტალური სისტემის ტუბერკულოზისგან თავის არიდების ერთადერთი გზაა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა: ნარკოტიკებისა და თამბაქოს მოხმარებისგან თავის შეკავება, ალკოჰოლის ზომიერი მიღება, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, სრულფასოვანი და ბალანსირებული კვება.

მათთვის, ვისაც ტუბერკულოზით დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტი აქვს, საჭიროა საკონტროლო კვლევების ჩატარება.

შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზით დაავადებული საზოგადოებისთვის საშიში არ არის, თუნდაც ბაცილაგამომყოფი იყოს შესაბამის ბიოლოგიურ სითხეში – შარდში ან სპერმაში. მთავარია, დაიცვას პირადი ჰიგიენა, მისი პირადი თეთრეული ცალკე ირეცხებოდეს და უზრუნველყოფილი იყოს სველი წერტილის სისუფთავე. სასურველია, ამ პრობლემის მქონე ადამიანებმა პირველი თვეების განმავლობაში სექსუალურ პარტნიორთან ურთიერთობისას დამცავი საშუალება გამოიყენონ. მართალია, ტუბერკულოზი არ არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელიც ერთჯერადი სქესობრივი კონტაქტით გადადის, მაგრამ მუდმივ პარტნიორებს შორის შესაძლებელია მისი გადაცემა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი