მედიცინა

რა არის ოსტეოართრიტი და ვინ დგას ამ საფრთხის წინაშე

№36

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 16.09, 2022 წელი

ოსტეოართრითი
დაკოპირებულია

ოსტეოართრიტი ეს ართრიტის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. ის ნელა ვითარდება და, ჩვეულებრივ, არ იწვევს შრომისუნარიანობის სერიოზულ დარღვევას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სწორად მართავ. 60 წელს გადაცილებული ადამიანების თითქმის ნახევარი და თითქმის ყველა, ვინც 80 წელს გადააბიჯა, ოსტეოართრიტით არის დაავადებული.

ოსტეოართრიტი უმეტესად მსხვილ სახსრებს უტევს, აზიანებს მუხლის, ბარძაყის სახსრებს, ხერხემალს.

მრავალი წლის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ოსტეოართრიტი ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში სახსრის ბუნებრივი ცვეთის შედეგი იყო, მაგრამ ამჟამად აღიარებენ, რომ არსებობს ფაქტორები, რომლებსაც მის განვითარებაში უსიამოვნო წვლილი შეაქვს. ესენია:

ასაკი – ასაკის მატებასთან ერთად ხრტილი ნაკლებად ელასტიკური ხდება და დატვირთვისადმი წინააღმდეგობის უნარს კარგავს;

სიმსუქნე – ზედმეტი წონა აჩქარებს პროცესს;

სახსრის დაზიანება, ტრავმები – ართრიტის განვითარებას შესაძლოა, ხელი შეუწყოს ძლიერმა ერთმომენტიანმა ტრავმამ, რომელსაც თან სდევს ღრძობა, მოტეხილობა, ამოვარდნილობა, სახსრის შემაკავშირებელი აპარატის დაზიანება დასახსრის განმეორებადმა მიკროტრავმებმა. ამგვარ მიკროტრავმებს ხშირად იღებენ განსაზღვრული პროფესიის ადამიანები და პროფესიონალი სპორტსმენები. მაგალითად, მუხლის ართრიტი უვითარდებათ ფეხბურთელებს, მეშახტეებს.

ოსტეოართრიტისადმი მემკვიდრეობითი განწყობა – ოსტეოართრიტის ზოგიერთი ფორმა ერთი ოჯახის წევრებშიც გვხვდება, თუმცა მემკვიდრეობა ოსტეოართრიტის განვითარების მთავარი მიზეზი არ არის.

ეს დაავადება ხშირად რამდენიმე სიმპტომით ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაშინაც კი, როდესაც რენტგენის სურათებზე კარგად ჩანს სახსარში არსებული ცვლილებები. ამ დროს შესაძლოა, ერთმანეთს ენაცვლებოდეს სახსრის ძლიერი ტკივილები და სტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდები. ხანდაზმულთა უმრავლესობა სახსრებში შეტევით ტკივილს გრძნობს, რომელიც მალე გაივლის ანდა მცირდება დასვენების დროს თუ სითბოს ადგილობრივი ზემოქმედებით, ზოგჯერ კი სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული.

პირველი სიმპტომი, რომელიც ადამიანს ექიმთან მისვლას აიძულებს, სახსრის ტკივილია. პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ ტკივილი „მღრღნელია“. დაავადების სტადიიდან გამომდინარე, ტკივილის ინტენსივობა სხვადასხვაგვარია – დაწყებული მკვეთად გამოხატულით, რომელიც ზღუდავს სახსრის მოძრაობას, დამთავრებული ზომიერით, რომელიც მხოლოდ განსაზღვრული სახის მოძრაობის დროს წარმოიშობა. ტკივილი სახსარში შესაძლოა, გაძლიერდეს დატვირთვის დროს და შემცირდეს დასვენების შემდეგ. ოსტეოართრიტის პროგრესირებისას ტკივილი მინიმალური აქტიურობის დროსაც შეიძლება აღმოცენდეს, ხოლო შორს წასულ შემთხვევებში ის პაციენტს ღამითაც კი აღვიძებს. შებოჭილობა და ტკივილები, ჩვეულებრივ, წარმოიშობა დასვენების შემდეგ, განსაკუთრებით – დილაობით, ხანმოკლე აქტიურობის პერიოდის შემდეგ, როცა მოძრაობის დაწყება ჭირს, და მოძრაობის სწრაფი დაწყების შემდეგ. ოსტეოართრიტის დროს სახსრების შებოჭილობა მცირე ხანს გრძელდება – 15 წუთამდე.

მკურნალობა შესაბამის მედიკამენტოზურ და ქიმიურ ჩარევასთან ერთად, მოიცავს:

👉 მოძრაობითი აქტიურობის განსაზღვრულ რიტმს, რათა დატვირთვას ენაცვლებოდეს დასვენება, რომლის დროსაც სახსარი უნდა განიტვირთოს;

👉სპეციალურ ფიზიკურ ვარჯიშებს, რომლებიც სახსრის გარშემო მძლავრი კუნთოვანი კორსეტის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ეს კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ნორმალურ მოძრაობას და კიდურის სათანადო სისხლმომარაგებას, რომელიც ამაგრებს თავად ხრტილს;

👉წონის დაკლებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი