მედიცინა

პორფირია – როგორ ამოვიცნოთ ეს დაავადება

№19

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 18.05, 2023 წელი

პორფირია
დაკოპირებულია

პორფირია ძნელად დიაგნოსტირებადი დაავადებაა. უმთავრესად კანს და ნერვულ სისტემას აზიანებს, მისი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი კი მუცლის ტკივილია. უმეტესად გენეტიკურია, მისი გამომწვევი დეფექტური გენი, წესისამებრ, მშობლებისგან შვილებს გადაეცემა. პორფირიით დაავადებულთა უჯრედებს არ შეუძლია პორფირინისა და მისი წინამორბედების ჰემად გარდაქმნა. ჰემი წითელი პიგმენტია, რომელიც ერითროციტების შემადგენლობაში შედის. სისხლს სწორედ მის გამო აქვს წითელი ფერი. ჰემს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. მისი უდიდესი ნაწილი ჰემოგლობინის სახით ძვლის ტვინსა და სისხლის წითელ უჯრედებშია თავმოყრილი, ჰემოგლობინს კი, მოგეხსენებათ, ჟანგბადი გადააქვს ფილტვებიდან სხვა ორგანოებამდე. ღვიძლში ჰემი იმ პროტეინების შემადგენლობაში შედის, რომლებიც ჰორმონების, მედიკამენტებისა და ქიმიური ნივთიერებების დაშლაში მონაწილეობს და ღვიძლის ნორმალურ ფუნქციობას უზრუნველყოფს. ადამიანის ორგანიზმში ჰემის წარმომქმნელი „ქარხანა“ ძვლის ტვინი და ღვიძლია. ჰემის სინთეზი საკმაოდ რთული პროცესია. მის თითოეულ საფეხურს რვა ფერმენტი აკონტროლებს. როდესაც რომელიმე მათგანის ოდენობა საჭიროზე ნაკლებია, ჰემის წარმოქმნის პროცესი ირღვევა. სწორედ ასე ხდება პორფირიის დროს: ჰემი არ წარმოიქმნება, სამაგიეროდ, სისხლში გროვდება პორფირინი, რომელიც ტოქსიკურად მოქმედებს და ავადმყოფობას იწვევს.

ხშირად დაავადების გამოვლენა განსაზღვრული ფაქტორების ზემოქმედების შედეგია: ზედმეტი რკინის არსებობა ადამიანის ორგანიზმში, ალკოჰოლის ან ესტროგენის მოხმარება, ზოგიერთი მედიკამენტის ან ჰორმონის მიღება, თამბაქო; ჰეპატიტი, აივ ინფექცია, სტრესი, დიეტა, მზეზე დიდხანს წოლა.

არ გეგონოთ, ყველას, ვისაც კი პორფირიის გამომწვევი გენი აქვს, დაავადება ემართებოდეს. არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანი ამ გენს ატარებს, მაგრამ არაფერს უჩივის. ამას ლატენტური პორფირია ეწოდება. მათ, ვისაც ნაკლებად გაუღიმა ბედმა და პორფირიის კანის ტიპი აღმოაჩნდა, აწუხებთ:

👉მზისადმი მომატებული მგრძნობელობა;

👉ბუშტუკები კანის მზისგან დაუცველ ნაწილზე;

👉კანის მზისგან დაუცველი ნაწილის ქავილი და შეშუპება.

მწვავე პორფირიის მქონე ავადმყოფები კი უჩივიან:

👉მუცლის ტკივილს;

👉გულმკერდის, კიდურების ან ზურგის ტკივილს;

👉გულისრევასა და ღებინებას;

👉ყაბზობას – მდგომარეობას, როდესაც ზრდასრულ ადამიანს კუჭის მოქმედება კვირაში სამზე ნაკლები აქვს, ხოლო ბავშვს – კვირაში ორზე ნაკლები;

👉დიარეას;

👉 შარდის შეკავებას – ბოლომდე ვერ ცვლიან შარდის ბუშტს;

👉 გონების დაბინდვას, ჰალუცინაციებს;

👉 გულყრებს, კუნთების სისუსტეს;

👉წითელ ან ყავისფერ შარდს.

მწვავე პორფირიის სიმპტომები სწრაფად, რამდენიმე საათში ან დღეში ვითარდება, რამდენიმე დღეს ან კვირას გასტანს და ავადმყოფს დროდადრო მერეც შეახსენებს ხოლმე თავს, კანის პორფირია კი უფრო მეტხანს გრძელდება.

პორფირია საკმაოდ სერიოზული დაავადება. არასათანადო ან დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში მოსალოდნელია გართულებები: დეჰიდრატაცია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, სისხლის მაღალი წნევა, ღვიძლის დაზიანება, კანის პერმანენტული დაზიანება. ვისაც მწვავე პორფირია აქვს, უხვად უნდა მიიღოს ნახშირწყლებით მდიდარი საკვები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი