მედიცინა

ფარინგიტის სიმპტომები და მკურნალობა

№15

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 23.04, 2021 წელი

ფარინგიტის მკურნალობა
დაკოპირებულია

მწვავე ფარინგიტი ხახის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებაა. მას იწვევს ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია. ვირუსული წარმოშობის მწვავე ფარინგიტი შემთხვევათა 70 პროცენტში გვხვდება, ბაქტერიული კი – 30 პროცენტში.

ფარინგიტის ხელშემწყობი ფაქტორებია ორგანიზმის ზოგადი და ადგილობრივი გადაცივება, ასევე, ცხვირის ღრუს, ცხვირის წიაღებისა და ცხვირ-ხახის პათოლოგიები, გარდა ამისა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები.

მწვავე ფარინგიტის დიაგნოსტიკა რთული არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ანალოგიური კლინიკური სურათი შეიძლება გამოიწვიოს დიფტერიამ, კატარულმა ანგინამ თუ სხვა ინფექციურმა დაავადებებმა.

მწვავე ფარინგიტისთვის დამახასიათებელია ხახის ფხაჭნისა და წვის შეგრძნება. ასევე, სიმშრალე ყელში, სუსტი ტკივილი ყლაპვის დროს და ყურების დაგუბება. ზოგჯერ ავადმყოფი უჩივის ყელში უცხო სხეულის შეგრძნებას. ძირითად შემთხვევებში, ადამიანის ზოგადი მდგომარეობა ნაკლებად იცვლება, თუმცა ანთების გამოხატული ფორმის დროს მოსალოდნელია ტემპერატურის კიდევ უფრო მატება, ლიმფური კვანძების გადიდება და თავის ტკივილი.

უმცროსი ასაკის ბავშვებში დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს.

ქრონიკული ფარინგიტი ხახის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელსაც იწვევს ქრონიკული სურდო, ხშირი მწვავე ფარინგიტი, ცხვირის დანამატების ჩირქოვანი დაავადებები და ქრონიკული ტონზილიტი. მის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის მოშლა, გულის, ფილტვების, ღვიძლის, თირკმლის დაავადებები, ცივი ამინდები და მავნე ჩვევები, როგორიცაა ნიკოტინი და ალკოჰოლი.

განასხვავებენ ქრონიკული ფარინგიტის სამ ფორმას: კატარულს, ჰიპერტროფიულსა და ატროფიულს.

კატარული და ჰიპერტროფიული ფორმების დროს კლინიკური სურათი ერთნაირია:

* ლორწოვანი ამ დროს ჰიპერემიულია, შესივებული. ხახის უკანა კედელზე შეიმჩნევა წითელი ფოლიკულები, რომლებიც დაფარულია ლორწოვან-ჩირქოვანი სეკრეტით;

* ნახველის დაგროვება და ამოხველების სურვილი, განსაკუთრებით – დილაობით.

ატროფიული ფორმის დროს ავადმყოფი უჩივის:

* ხმის დაღლას;

* ყელის სიმშრალეს, ფხაჭნისა და უცხო სხეულის შეგრძნებას;

* ხველას.

ფარინგიტის მკურნალობა უმთავრესად კლინიკური სიმპტომების მოხსნას გულისხმობს, რისთვისაც, უპირველესად, მათი გამომწვევი მიზეზების მოშორებაა საჭირო. რაც გამოიხატება, მაგალითად, ალკოჰოლსა და ნიკოტინზე უარის თქმით. კატარული და ჰიპერტროფიული ფორმების დროს ყელში გამოსავლებად უნიშნავენ სოდის, ევკალიპტის ან მარილის წყალხსნარს.

ამ დროს იკრძალება გამაღიზიანებლების მიღება, როგორიცაა: ცხელი, ცივი, მჟავე, ცხარე, მარილიანი და სხვა, ასევე, მოწევა, ალკოჰოლი და ხმამაღალი ლაპარაკიც კი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი