მედიცინა

პარაზიტული დაავადებები და მათგან თავდაცვა

№18

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 11.05, 2023 წელი

პარაზიტები
დაკოპირებულია

ტრიქინელოზი

ტრიქინელა – ასეთი სახელი აქვს ჭიას, რომლის ლარვები კუნთებში სახლდება და მძიმე დაავადებას იწვევს. ამ პარაზიტით შეიძლება გარეულმა მხეცებმა, როგორიცაა დათვი, ტახი, შინაური ცხოველებიდან კი ღორმა დაგვასაჩუქროს. უმეტესად მღრღნელები აავადებენ. ეს ცხოველები კი პარაზიტგამძლეობით გამოირჩევიან. მაგალითად, ღორს, დაკვლამდე არაფერი ეტყობა.

ტრიქინელოზი ძლიერი ალერგოზით მიმდინარე დაავადებაა. დასნებოვნებული ღორის ხორცის ჭამიდან 2-3 კვირის შემდეგ ადამიანს უშუპდება ქუთუთოები, შემდეგ – მთელი სახე, ეწყება კისრისა და კიდურების კუნთების აუტანელი ტკივილი, უწევს სიცხე. სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი სახეობა, ეგრეთ წოდებული,. ეოზინოფილები, ამ დროს საგრძნობლად იმატებს. შეიძლება, თავიდანვე გამოვლინდეს გართულებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. თუ დიაგნოზი დროულად დაისვა, განკურნება ძნელი არ გახლავთ. იშვიათად, თუმცა არის ფატალური შემთხვევებიც.

ადამიანს ტრიქინელოზით ასნებოვნებს ღორის არასაკმარისად მოხარშული ან შემწვარი ხორცი. დამარილებისას, შებოლვისა თუ გაყინვისას პარაზიტი არ კვდება, ამიტომ ლორთანაც სიფრთხილეა საჭირო. საქართველოში უმი ხორცის ჭამა მიღებული არ არის, მაგრამ ზოგჯერ დაავადება მაინც ამ გზით გადადის. მოგეხსენებათ, დიასახლისები ხშირად სინჯავენ ფარშს და ზოგჯერ მის გადაყლაპვასაც არ ერიდებიან. ცვრიანი მწვადების მოყვარულებსაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. გამოსავალი მხოლოდ ლაბორატორიულად შემოწმებული ხორცის მოხმარებაა.

ექინოკოკოზი

ექინოკოკი რამდენიმემილიმეტრიანი პარაზიტია, თუმცა მის მიერ გამოწვეულ დაავადებას მსუბუქს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. მასპინძლები, ჩვეულებრივ, მგელი, მელა, ტურა და შინაური ძაღლი არიან. დაავადებული ცხოველი განავალთან ერთად გამოყოფს ექინოკოკის ნაწილაკებსა და კვერცხებს, რომლებიც მიკროსკოპული ზომისაა და ყველაფერს შეიძლება მიეწებოს. თუ კვერცხი ადამიანს გადაეყლაპა, პარაზიტი განვითარებას უკვე მის ორგანიზმში დაიწყებს. ყველაზე ხშირად ღვიძლს ირჩევს, თუმცა შესაძლოა, სხვა შინაგან ორგანოებშიც დაიბუდოს. აქ ყალიბდება სიმსივნისმაგვარი ნელა მზარდი ცისტები – პარაზიტების თავებით სავსე ბუშტები, რომელთა ზომამ შეიძლება, ძალიან დიდ მაჩვენებლებს მიაღწიოს. განსაკუთრებული საფრთხე ბავშვებს ემუქრებათ ცხოველებთან თამაშის დროს – დაავადებულ ცხოველს ბეწვზე ხშირად აქვს მიკრული კვერცხები, ამიტომ მისი მოფერება და, მით უმეტეს, კოცნა ძალიან საშიშია.

სამწუხაროდ, ექინოკოკოზით ავადობამაც მოიმატა. ოჯახში ძაღლის ყოლა მოდური გახდა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, ძაღლს ბავშვზე არანაკლები მოვლა სჭირდება. ის ყოველი გასეირნების შემდეგ უნდა დაბანოთ, ყოველ 2-3 თვეში ერთხელ კი ვეტლაბორატორიაში შეამოწმოთ და თუ საჭიროა, უმკურნალოთ. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო მაწანწალა ძაღლებთან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი