მედიცინა

ნაწლავთა ინფექციის საშიში გართულებები

№21

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 03.06, 2023 წელი

ნაწლავთა ინფეცია
დაკოპირებულია

ბოლო დროს საქართველოში ხშირად აღირიცხება ნაწლავთა ინფექციის საკმაოდ საშიში გართულება – ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (ჰუსი), რომელიც თირკმლის უკმარისობას და სხვა ორგანოთა დაზიანებას იწვევს.

საგანგაშო ნიშნები

– პირველი საგანგაშო ნიშანი სისხლიანი განავლით მიმდინარე ნაწლავთა გახშირებული მოქმედებაა. განსაკუთრებით საყურადღებოა ნორმალური ტემპერატურით ან ტემპერატურის უმნიშვნელო მატებით მიმდინარე დიარეა. თუ სხვა ნაწლავური ინფექციების დროს მაღალი ცხელება დაავადების სიმძიმის ერთ-ერთ ნიშნად მიიჩნევა, ამ შემთხვევაში პირიქითაა – სხეულის ნორმალური ტემპერატურა ქმნის სიცოცხლისთვის საშიში სინდრომის განვითარების რისკს.

ჰუსისთვის დამახასიათებელია გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, საერთო სისუსტე, თუმცა ეს სიმპტომები სპეციფიკური არ არის და სხვა ნაწლავურ ინფექციებისაც ახლავს.

მეორე საგანგაშო ნიშანი შარდის რაოდენობის შემცირებაა, რასაც ადრეულ ეტაპზე სახის, უმთავრესად კი ქუთუთოების შეშუპება მოჰყვება. მოგვიანებით, შარდის გამოყოფა წყდება და სითხე მთელ ორგანიზმში გროვდება. ამის გამო ორგანიზმიდან ვეღარც ის მავნე ნივთიერებები გამოდის, ნივთიერებათა ცვლის პროცესში რომ გროვდება და, ჩვეულებრივ, შარდთან ერთად გამოიყოფა. მათი დაგროვების შედეგად იწამლება სისხლი, რომელიც, თავის მხრივ, მთელ ორგანიზმს წამლავს.

ვინაიდან ტოქსინის მეორე ძირითადი სამიზნე თავისა და ზურგის ტვინია, ვითარდება სხვადასხვა ტიპის ნევროლოგიური დარღვევები - დროსა და სივრცეში დეზორიენტაცია, კრუნჩხვები და სხვა. ასევე, შეიძლება განვითარდეს ინსულტი, მაღალი არტერიული წნევა.

მძიმე ჰუსის დროს თავის ტვინსა თუ სხვა შინაგან ორგანოებში შესაძლოა სისხლჩაქცევები გაჩნდეს ან დაიწყოს სისხლდენა პირიდან, ცხვირიდან, საშარდე გზებიდან, საშვილოსნოდან.

– ნაწლავურ ინფექციებს ჭუჭყიანი ხელების დაავადებებსაც უწოდებენ და მისი პროფილაქტიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჰიგიენას. ამ მხრივ არც სისხლიანი დიარეით მიმდინარე ნაწლავური ინფექციებია გამონაკლისი.

ინფექციის წყარო შეიძლება იყოს თერმულად ცუდად დამუშავებული ხორცი, კვერცხი, ბოსტნეული, რძე და რძის ნაწარმი. ცნობილია, რომ ღორებსა და ზოგიერთ სხვა ძუძუმწოვარს შიგელას და ენტეროჰემორაგიული ეშერიხია კოლის მიმღები რეცეპტორები არ გააჩნიათ, ამიტომ ამ მიკრობებით დასნებოვნების შემთხვევაში, ავად არ ხდებიან, თუმცა მათი ხორცი ადამიანისთვის მაინც ინფიცირების წყაროა.

– ჰუსის გამომწვევი ნაწლავური ინფექციის პრევენციაა ჰიგიენის დაცვა საკვებსა და ხელებთან დაკავშირებით; საკვების სწორად შენახვა, მისი თერმული დამუშავება საკმარისად მაღალ ტემპერატურაზე და ხანგრძლივად.

ინფიცირების მაღალ რისკს ქმნის უმი ხორცი, ჭურჭელი და მზა საკვები, რომელიც ასეთ ხორცს ეხება, უმი რძე; მიკროტალღურ ღუმელში და სწრაფი კვების ობიექტებში მომზადებული ხორცპროდუქტები; ფეკალური მასებით დაბინძურებული წყლის სასმელად გამოყენება ან ასეთ წყალში ბანაობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი