მედიცინა

მწერის ნაკბენის მკურნალობა

№35

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 11.09, 2021 წელი

მწერის ნაკბენი
დაკოპირებულია

ხშირად მწერის ნაკბენს არაფრად ვაგდებთ, თუმცა მისი უყურადღებოდ დატოვება არ არის სწორი.

ბუზანკლისა და კოღოს ნაკბენს ანწლის, დიდგულას ან მრავალძარღვას ფოთლები აშუშებს. ახალმოკრეფილ ფოთლებს წყალი გადაავლეთ, ხელით დასრისეთ და წვენი ნაკბენზე წაისვით. ეს გარდა იმისა, რომ შეშუპებას შეამცირებს, ნაკბენის დეზინფექციასაც მოახდენს.

შეიძლება გამოიყენოთ წყალში 1:3 თანაფარდობით გაზავებული ნიშადურის სპირტის ხსნარიც. ისიც ნაკბენ ადგილას უნდა წაისვათ.

ქინქლის ნაკბენს უხდება ხახვის ახალგამოწურული წვენი.

დაასველეთ ბამბა ან დოლბანდის ტამპონი და მტკივან ადგილზე დაიდეთ.

ფუტკრის ან კრაზანას კბენას ადამიანი მაშინვე გრძნობს. ამ დროს სწრაფი რეაგირებაა საჭირო, რადგან ამ მწერების შხამი საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს.

თავდაპირველად ჭრილობიდან ნესტარი უნდა ამოიღოთ, ოღონდ ძალიან ფრთხილად, რათა არ დაზიანდეს ის პატარა პარკი, რომელიც ნესტრის ბოლოზეა მოთავსებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკბენში მეტი შხამი შევა და ტკივილი და სხვა შეგრძნებები გამძაფრდება. ნესტრის ამოღების შემდეგ კარგი იქნება, თუ ნაკბენზე ნივრის ფაფას დაიდებთ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ზოგჯერ ის კანის დამწვრობასაც იწვევს.

გამოგადგებათ ოროვანდის კომპრესი: ფოთოლი ერთი-ორი წუთით მდუღარე წყალში მოათავსეთ, მერე კი თხლად თაფლწასმული მიიდეთ მტკივან ადგილზე.

ნებისმიერი მწერის ნაკბენზე კარგია ყინულის დადებაც. ის ხსნის შეშუპებას და აცხრობს ქავილსა და წვას.

თითქმის ყველა მწერის ნაკბენით გამოწვეული ზომიერი ალერგიული რეაქცია 15-20 წუთის შემდეგ გაივლის, თუ ნაკბენ ადგილზე ალოეს ახალგამოწურულ წვენს წაისვამთ.

მწერის ნაკბენის ნეიტრალიზება ახალგამოწურული ლიმონის წვენითაც შეიძლება. ლიმონის წვენი აცხრობს ქავილის შეგრძნებას და კანის რეაქციას. ოღონდ სასურველია გამოვიყენოთ არა სუფთა წვენი, არამედ მისი წყალხსნარი, პროპორციით – 1:1. დაგეხმარებათ არაყიც. ეს კარგად ნაცადი საშუალებაა, ხსნის შეშუპებას, ქავილს და კანის გაღიზიანებას.

თუ ჩამოთვლილი საშუალებები არ გშველით ან აშკარაა ძლიერი ალერგიული რეაქცია, თუ ნაკბენი ადგილი ან მთელი კიდური შეშუპდა ან შესივდა ან სხვაგვარად გამოიხატა ორგანიზმის მკვეთრი რეაქცია, ეს სერიოზული სიმპტომია, სჯობს, არ გარისკოთ და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.

ტანის პედიკულოზი – ტანსაცმლის ტილი თავის ტილზე დიდია და 46 დღეს ცოცხლობს, ყოველდღიურად დებს 6-14 კვერცხს თეთრეულის, ტანსაცმლის ნაოჭებში, უმთავრესად, ნაკერის გასწვრივ. ტანსაცმლის სხეულთან შეხებისას ტილი სისხლის ამოსაწოვად კანზე გადადის. უყურადღებობის შემთხვევაში ტანსაცმლის ტილი შეიძლება, აღმოჩნდეს იღლიის მიდამოში, ბოქვენზე, სხეულის სხვა თმიან ადგილებზე.

ტანსაცმლის ტილის ნაკბენი იწვევს ქავილს და ჭინჭრის ციების მსგავს გამონაყარს. ძლიერი ქავილი აჩენს ნაკაწრებს, სისხლჩაქცევებს, რომლებიც პიოკოკებით ინფიცირდება. ხანგრძლივი ტილიანობა იწვევს კანის თავისებურ ცვლილებებს ბეჭის, იღლიის, წელის მიდამოში, თეძოს შიგნითა მხარეს. ამ დროს კანი გასქელებულია, არათანაბრად პიგმენტირებული, მუქი ნაცრისფერი, მასზე აღინიშნება თეთრი სტრიები.

საჭიროა ტანის ხშირი დაბანა საპნით, პირადი თეთრეულისა და საწოლის თეთრეულის გამოცვლა. თეთრეული და ტანსაცმელი უნდა დამუშავდეს დუღილით და გაუთოვდეს ცხელი უთოთი.

კოღოს ნაკბენი – მას ახასიათებს ქავილი და ხშირად, სწორედ, ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანებისა და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი. ამიტომ აუცილებელია ქავილისგან თავის შეკავება. ქავილის მოხსნის მიზნით კარგია ნაკბენის მრავალჯერადი გაწმენდა სოდიანი ხსნარით. ასევე, ნაკბენის არე უნდა დაიმუშავოთ სპირტით, კალენდულას ნაყენით, კორვალოლით ან ვალოკორდინით, ან რომელიმე სხვა ანტიჰისტამინური საშუალებით, ჩაის ხის ზეთით, პროპოლისის ხსნარით და ასე შემდეგ. ნაკბენ ადგილზე უნდა დაიდოთ რაიმე ცივი. ცივი ხსნის ქავილს და აცხრობს შეშუპებას. შეიძლება, ანტიჰისტამინური საშუალების დალევა, ეს იქნება ალერგიული რეაქციის პროფილაქტიკა. აუცილებლად წაისვით ნაკბენზე ბრილიანტის მწვანე.

თუ კოღოს ნაკბენი ადგილი ძლიერ შეშუპდა და გაწითლდა, მაშინ აუცილებელია ალერგოლოგთან დროული ვიზიტი.

რაც შეეხება პროფილაქტიკას, კოღოებისგან თავის დასაღწევად არსებობს ეთერზეთები (ლიმონის, პიტნის, ევკალიპტის) – საკმარისია რომელიმეს 1 წვეთი ტანისამოსს წავუსვათ და ეს სურნელი კოღოებს დააფრთხობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი