მედიცინა

მიოზიტი – პრობლემა, რომელიც ძალიან ბევრს აწუხებს

№41

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 23.10, 2021 წელი

მიოზიტი
დაკოპირებულია

მიოზიტი ბევრისთვის პროფესიული დაავადებაა. ის ხშირად ემართებათ ისეთი პროფესიის ადამიანებს, რომელთა საქმიანობა ამა თუ იმ ჯგუფის კუნთების გადაძაბვას ან მოუხერხებელ პოზაში დიდხანს მუშაობას მოითხოვს (მევიოლინეებს, პიანისტებს, კომპიუტერთან მომუშავეებს, მძღოლებს...). მიოზიტი, აგრეთვე, შეიძლება განვითარდეს გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვისას კუნთების მკვეთრი გადაძაბვის გამო, ტრავმის შემდეგ ან ძლიერი გადაცივებისას. ქრონიკული მიოზიტი მწვავე მიოზიტის შედეგი ან რომელიმე ინფექციის გართულებაა. არასასურველი ფაქტორების ზემოქმედება – გადაცივება, ზომას გადაჭარბებული ფიზიკური დაძაბულობა და ასე შემდეგ, დაავადების ხშირი რეციდივის მიზეზია.

მიოზიტის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება ზურგის, კისრის, მხრის, გულმკერდის, ზურგის, შედარებით იშვიათად – დუნდულა და წვივის კუნთები. დაავადება ვლინდება ხელის, ფეხის, სხეულის კუნთების ლოკალური ტკივილით, რომელიც მოძრაობისას ძლიერდება. არცთუ იშვიათად კუნთებში იგრძნობა გამკვრივება და დაჭიმულობა, კანი შეწითლდება. ღია ტრავმის დროს ინფექციის გამო შესაძლოა, განვითარდეს ჩირქოვანი მიოზიტი. ამ დროს იმატებს სხეულის ტემპერატურა, ავადმყოფი უჩივის შემცივნებას, თავის ტკივილს. საღეჭი კუნთების მიოზიტის დროს საღეჭი კუნთები ძლიერ დაჭიმულია. ტკივილი ზოგჯერ ისეთი ძლიერია, რომ ადამიანს არამცთუ ღეჭვა, ლაპარაკიც კი არ შეუძლია. გამკვრივებული კუნთების ტკივილი ძლიერდება არა მარტო მოძრაობისას, არამედ მოსვენების დროს, ღამით, ამინდის შეცვლისას. მსუბუქ შემთხვევებში ტკივილი რამდენიმე დღეში გაივლის.

ყველაზე გავრცელებული ფორმა კისრის მიოზიტია. ის თითქმის ყოველ მეორე ადამიანს აქვს. ამ დროს თავს იჩენს ყრუ ტკივილი, რომელიც კისრის კუნთებიდან კეფაში, მხრის სარტყელზე და ბეჭებს შორის გადაეცემა. ზოგჯერ ყრუ ტკივილს შეიგრძნობთ ყურებში, საფეთქლებში, შუბლის მიდამოში. გამორიცხული არ არის, კისრის მალების მოძრაობაც შეიზღუდოს, თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდება. კისრის მიოზიტის მიზეზია კუნთების ხანგრძლივი დაძაბულობა, მაგალითად, არასწორ პოზაში მუშაობისას, დაღლილობისას, ნერვული გადაძაბვისას. მწვავე ჩირქოვანი მიოზიტი ხშირად ჩირქოვანი პროცესის გართულებაა. მას სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, პნევმოკოკი, ანაერობული მიკროორგანიზმები იწვევენ. დაზიანებული კუნთები შეშუპებულია, მათი ძალა – შემცირებული. ხშირია შემცივნება, სხეულის ტემპერატურის მატება.

მიოზიტი შესაძლოა, განვითარდეს მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების (ტიფის, ბრუცელოზის, სიფილისის), ვირუსული ინფექციების (გრიპის, ენტეროვირუსული ინფექციის) ფონზეც. ამ დროს ტკივილი და კუნთების სისუსტე უფრო ნაკლებად არის გამოხატული, ვიდრე მწვავე ჩირქოვანი მიოზიტის დროს. ზოგ შემთხვევაში ანთების ერთადერთი გამოვლინებაა კუნთების ტკივილი – მიალგია.

პარაზიტული დაავადებების დროს მიოზიტი კუნთების პარაზიტული დაზიანებით არის გამოწვეული. ამ დროს დომინირებს ტკივილის სინდრომი, კუნთების შეშუპება და დაჭიმულობა. ხშირია სისუსტე, შემცივნება, ცხელება, კიდურების, გულმკერდის ყაფაზის, ენის, საღეჭი კუნთების ტკივილი.

გამოყოფენ ოსიფიცირებულ მიოზიტს, რომლის დროსაც ავადმყოფები უჩივიან კუნთების ტკივილს, კუნთოვან სისუსტეს, მოძრაობის დარღვევას. შედარებით გვიანდელ სტადიაში ამას დაერთვის კუნთების სკლეროზი, კუნთოვანი კონტრაქტურები.

დაავადების დასაწყისში აუცილებელია მოსვენება, ზურგის, ფეხის, მუცლის წინა კედლის კუნთების დაზიანებისას – წოლითი რეჟიმის დაცვა.

აუცილებელია ექიმთან მიმართვა და თუ მკურნალობა დროულად დაიწყო შესაძლოა, ავადმყოფი, მით უფრო, ახალგაზრდა, სავსებით გამოჯანმრთელდეს.

გამოჯანმრთელების პროცესში დაგეხმარებათ ფიტოთერაპიაც:

👉 წინასწარ გასაპნულ კომბოსტოს ორ ფურცელს წაუსვით საჭმელი სოდა და მიიდეთ დაზიანებულ ადგილას. ზევიდან გადააფარეთ რაიმე ქსოვილი;

👉აიღეთ თითო სადილის კოვზი ვაშლის ძმარი და თაფლი, დაასხით ერთი ჭიქა წყალი და კარგად აურიეთ. მიიღეთ 2-3 ჭიქა დღეში. იმავდროულად, სასურველია, სხეული ვაშლის ძმრით დაიზილოთ. ერთი თვის შემდეგ 10 დღით შეისვენეთ;

👉კოწახურის ტოტის ქერქს დაასხით 1 ჭიქა 70-პროცენტიანი სპირტი და 7-10 დღით დააყენეთ სიბნელეში. მიიღეთ 30 წვეთი დღეში 3-ჯერ. ერთთვიანი კურსის შემდეგ 10 დღე შეისვენეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი