მედიცინა

ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი „მედინვესტი“ – სანდო კვლევები და უტყუარი დიაგნოზი თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის

№46

ავტორი: ინა სიმონია 13:00 22.11, 2021 წელი

მარინა აბაშიძე
დაკოპირებულია

ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი „მედინვესტი“ მდიდარი ისტორიის მქონე პრაქტიკული, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებაა საქართველოში. ინსტიტუტში ფუნქციონირებს კლინიკური განყოფილება, ლაბორატორია და დღის სტაციონარი, სადაც კვლევები უახლესი აპარატურით ხორციელდება კვალიფიციური პერსონალის მიერ. ინსტიტუტს სათავეში უდგას მედიცინის დოქტორი, პროფესორი მარინა აბაშიძე, რომელიც პროფესიონალების გუნდთან ერთად ჩატარებული კვლევების სანდოობით ყოველთვის გამორჩეულია საქართველოში.

მარინა აბაშიძე: კოვიდპანდემიამ სრულიად შეცვალა არსებული რეალობა. ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ეს გამოწვევა ჩვენთვისაც რთულია. ჩვენი კლინიკის პაციენტები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათ ძალიან დიდი გაფრთხილება სჭირდებათ. განსაკუთრებით აპლაზიაში მყოფ პაციენტებს აქვთ მოსპობილი ყველანაირი დაცვის საშუალება, მკვეთრად დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე, ამიტომ ჩვენ შეხება არ გვაქვს კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან. ყველა შემოსულ პაციენტს ვუკეთებთ სწრაფ ტესტს, ჩვენი თანამშრომლები კი პისიარით ორ კვირაში ერთხელ იტესტებიან. ჩვენი ყველა თანამშრომელი აცრილია და პაციენტებსაც მოვუწოდებთ ვაქცინაციისკენ.

– რა გავლენა იქონია კოვიდპანდემიამ თქვენი პაციენტების მდგომარეობაზე?

– ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყვიტონ წამლების მიღება ინფიცირების ან აცრის დროს. მათზე, ვინც გადის ქიმიოთერაპიის კურსს, მითითებაა, რომ კურსის დამთავრებიდან ორი კვირის შემდეგ აქვთ აცრის უფლება. ჩვენი მხრიდან კი, კლინიკაში ყველა დადგენილ რეკომენდაციას ზედმიწევნით ვიცავთ და პრაქტიკულად არ გვქონია შემთხვევა, რომ პაციენტი ქიმიოთერაპიის კურსის დროს დაინფიცირებულიყოს. კოვიდგადატანილ ჩვენს პაციენტებს, ისე როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, ძირითადად აღენიშნებათ საერთო სისუსტე და D-დიმერის მომატება. აქვე მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ მხოლოდ D-დიმერით თრომბოზულ გართულებას ვერ დავადგენთ. თუმცა, პაციენტებს, რომელთაც აქვთ ჰიპერკოაგულაცია, უკვე კოვიდკლინიკებში უტარდებათ ანტიკოაგულანტებით მკურნალობა და საკმაოდ კარგი შედეგით.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს პანდემიის დაწყებიდან დიდი დრო გავიდა, სამწუხაროდ, ეს პერიოდი მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ გადაჭრით ვთქვათ, თუ რასთან გვაქვს საქმე. კონკრეტული წამალი ამ ინფექციის წინააღმდეგ ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა მთელი მსოფლიო მუშაობს ამაზე და გარკვეული წარმატებებითაც.

– გარდა სისხლის სისტემის დაავადებებისა, თქვენთან სხვა დაავადებების მკურნალობაც ხდება?

– ჩვენ ვართ ჰემატოლოგები. სხვა ლიცენზია არ გვაქვს და არც გვევალება. მაგრამ კლინიკა საკმაოდ გამოცდილი ექიმებისგანაა დაკომპლექტებული და როდესაც პირველადი პაციენტი რთული მდგომარეობით შემოდის, თუნდაც არა სისხლის სისტემის დაავადებით, ვცდილობთ, დავაზუსტოთ დიაგნოზი, მივცეთ სწორი მიმართულება და შესაბამის სპეციალისტთან გავუშვათ.

– ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი სწორ დიაგნოზთან და უტყუარ ანალიზებთან ასოცირდება.

– შემიძლია თავი დავდო, რომ დიაგნოსტიკასა და ანალიზების სიზუსტეში ვერავინ შეგვედრება. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ყველა პაციენტს, რომელიც ჩვენგან საზღვარგარეთ წავიდა, ზუსტად იგივე დიაგნოზი დაუსვეს და ანალიზებში თითოეული წერტილიც კი დაემთხვა. დღეს ყველა კუთხე-კუნჭულში გახსნილია ლაბორატორიები და რატომღაც ყველას მიაჩნია, რომ დააჭერს ანალიზატორის სტარტს თითს და სწორ პასუხს მიიღებს, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ჩვენთან მოსული პაციენტების ანალიზები გადასამოწმებელია. მით უმეტეს, რომ ანალიზატორს მიკროსკოპულ კვლევასაც ვამატებთ. არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე, ალბათ, კვალიფიკაცია და გამოცდილება არ ჰყოფნით. როდესაც მე მკურნალობას ვნიშნავ, აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა ვიყო ანალიზების სიზუსტეში.

– ძირითადად რა ჰემატოლოგიური დაავადებები გხვდებათ?

– ჰემატოლოგიური დაავადებების სამი დიდი ჯგუფი შეგვიძლია გამოვყოთ, ესენია – ანემიები, სისხლდენითი პათოლოგიები და ლეიკემიები/ლიმფომები. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ამ პათოლოგიას ვუწევთ მონიტორინგს. ხშირად გვხვდება თრომბოზები. ფართოდ ვმკურნალობთ ანემიებს, ლეიკემიებსა და ლიმფომებზე შემიძლია გითხრათ, რომ იგივე სიმსივნეებია, მაგრამ ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე სხვა ორგანოსი. მათი დიაგნოსტირება მხოლოდ მეტასტაზირებულ სტადიაში არის შესაძლებელი, მაშინ, როდესაც სხვა ორგანოს სიმსივნე 0 ან I სტადიაშიც შეიძლება, აღმოვაჩინოთ და განვკურნოთ ქირურგიული ჩარევით ან სხვა ტიპის თერაპიით. ლეიკემიები და ლიმფომები კი ძვლის ტვინის ან ლიმფოიდური ორგანოების სიმსივნეებია, რომელიც მთელ ორგანიზმშია მეტასტაზირებული და აქ მკურნალობის პირველი და ყველაზე ძლიერი ხაზი პოლიქიმიოთერაპიაა, შემდგომში – სხივური თერაპია და ბოლოს – ტრანსპლანტაციაა. საქართველოში ჯერჯერობით აუტოტრანსპლანტაცია კეთდება, მაგრამ არა მწვავე ლეიკემიებზე და ვისაც ალოტრანსპლანტაცია სჭირდება, ძირითადად, საზღვარგარეთ მიდის.

– რკინადეფიციტური და B12 დეფიციტური ანემიები 21-ე საუკუნის დაავადებაა, რამ გამოიწვია ეს?

– ეს ყველაფერი, სხვა გამომწვევ მიზეზებთან ერთად, ხშირად კვებას უკავშირდება. ჯანსაღი კვება არ ნიშნავს მხოლოდ მცენარეულ საკვებს, ჯანსაღი კვებისთვის აუცილებელია საქონლის ხორცის მიღებაც. მოზარდი ორგანიზმისთვის სავალდებულოა საქონლის ხორცის მიღება კვირაში 2-3-ჯერ.

– როგორ მივხვდეთ, რომ რკინადეფიციტურ ანემიასთან გვაქვს საქმე?

– რკინადეფიციტური ანემიის დროს გამოხატული სიმპტომებია კანის და ხილული ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე. მარტივად შეგვიძლია ჩამოვწიოთ ქუთუთო და დავაკვირდეთ, როგორია სკლერა. ასევე ახასიათებს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გახშირებული პულსაცია, ნაზი სისტოლური შუილი გულის მოსმენით. ეს არის როდესაც ანემია ჩამოყალიბებულია. მაგრამ ამ ყველაფერს წინ შეიძლება უსწრებდეს სხვა ნიშნები, მაგალითად, თმის ცვენა, გემოვნების გაუკუღმართება, კანის სიმშრალე, ფრჩილების მტვრევა, ნახეთქები ტუჩის კუთხეებში და ასე შემდეგ. ყველა შემთხვევაში პაციენტი გამოსაკვლევია და სამკურნალო. მით უმეტეს, რომ დაავადებები განკურნებადია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი