მედიცინა

ექინოკოკი – დაავადების მიზეზები და პროფილაქტიკა

№22

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 12.06, 2021 წელი

ექინოკოკი
დაკოპირებულია

ექინოკოკოზი გადამდები პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ლენტისებრი პარაზიტი – ექინოკოკი. დაავადება ადამიანს ცხოველისგან გადაედება, ამიტომ ცხოველებთან ურთიერთობისას არ დაივიწყოთ, რომ შესაძლოა, ამ დროს ექინოკოკოზით დაავადდეთ.

განასხვავებენ ექინოკოკის ორ ფორმას – კისტურს და ალვეოლურს. უფრო ხშირად გვხვდება კისტური ფორმა.

ზრდასრული ექინოკოკი ბინადრობს შინაური და მტაცებელი ცხოველების (ძაღლის, მგლის, ტურას, მელიის, აფთრის) ნაწლავებში, რომლებიც ექინოკოკის კვერცხებს ფეკალურ მასებთან ერთად გამოყოფენ და გარემოს აბინძურებენ. ადამიანისთვის დაავადების ძირითადი წყარო ძაღლია.

👉ექინოკოკის კვერცხი დიდხანს ძლებს ძაღლის ბეწვზე, საოჯახო ნივთებზე, წყალში, საკვებში, ხილზე, მწვანილზე, ბალახზე, ნიადაგში, ბალახთან ერთად ხვდება შუალედური მასპინძლის, როგორიცაა ცხვარი, მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ღორი, კუჭ-ნაწლავში და ექინოკოკოზით აავადებს.

დაბინძურებული საკვების, წყლისა და დაბინძურებული ხელების საშუალებით ექინოკოკის კვერცხები ხვდება ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტშიც. ადამიანისა და ცხოველის კუჭ-ნაწლავში მოხვედრილი კვერცხების გარსი ირღვევა და იქიდან ლარვები გამოდის. ლარვების უმეტესობა იქვე იღუპება. გადარჩენილები იჭრებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლებში და სისხლის ნაკადის მეშვეობით ღვიძლში ან ფილტვებში, უფრო იშვიათად კი სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში – თავის ტვინში, ელენთაში, თირკმელებში, კუნთებში, ძვლებში – აღწევენ, სადაც ვითარდება პარაზიტის კისტური, ანუ ბუშტუკოვანი სტადია. კისტა შეიცავს სითხეს და ათასობით შვილეულ ბუშტუკს, რომლებშიც, თავის მხრივ, მოთავსებულია ჩანასახოვანი სკოლექსი. ექინოკოკური ბუშტუკების კედელი სამშრიანია.

თუ ძაღლმა ან რომელიმე მტაცებელმა ექინოკოკით დაავადებული ცხოველის ორგანო შეჭამა, მის კუჭში მოხვედრილი შვილეული ბუშტუკიდან წარმოიქმნება პარაზიტის თავისუფალი, მოძრავი ფორმა. ეს პათოლოგია საქართველოშიც არის გავრცელებული.

კისტის ნელი ზრდის გამო დაავადების ნიშნებმა შესაძლოა დიდხანს არ იჩინოს თავი.

👉მისი გავრცელებული და ადრეული სიმპტომია ყრუ ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა და ეპიგასტრიუმის არეში. სიყვითლე ვლინდება კისტის მსხვილ ნაღვლის სადინარებზე ზეწოლისას. კლინიკური სურათი მძიმდება გართულების – დაჩირქებისა და კისტის გახეთქვის დროს.

დაჩირქებული ექინოკოკი იწვევს ცხელებას, ღვიძლის არეში ტკივილს, ცვლილებებს სისხლში. კისტის სანაღვლე გზებში გახსნისას მოსალოდნელია ქავილი, ჭინჭრის ციება, ზოგჯერ – ანაფილაქსიური შოკი.

მუცლის ღრუში დაჩირქებული ექინოკოკის ბუშტის გახეთქვისას ვითარდება პერიტონიტი. ღვიძლის ექინოკოკოზი შეიძლება, ვიეჭვოთ მკვრივი სიმსივნის, ჰეპატომეგალიის, ჰიპერეოზინოფილიის არსებობისას.

👉მნიშვნელოვანია დაავადების პროფილაქტიკა, რომელიც განსაკუთრებით გულდასმით ტარდება ექინოკოკოზის კერებში. უნდა გამოვრიცხოთ ბავშვების კონტაქტი დაავადებულ ცხოველებთან, კარგად გავრეცხოთ ხილი და ბოსტნეული, ხშირ-ხშირად დავიბანოთ ხელები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი