მედიცინა

ექიმის რჩევები

№6

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 21.02, 2021 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: ხერხემალზე ორი ოპერაციის გაკეთებიდან რაღაც დროის შემდეგ დედაჩემს თვალების პრობლემა დაეწყო. სათვალის გაკეთებისას (+3) ძლიერ თავის ტკივილს გრძნობს და ცუდად ხდება. ყველანაირი გამოკვლევა ჩავუტარეთ, სამ სხვადასხვა ოფთალმოლოგთან გვყავდა – თვალის პრობლემა არ არის და ნომერიც სწორიაო. დედა 65 წლისაა. როგორ მოვიქცეთ, რა შეიძლება, იყოს მიზეზი?
პასუხი: ჩვენი რჩევა იქნება, გამოიყენოს 0,5-ით ნაკლები ზომის სათვალე. თუ მაინც იგივე პრობლემები ექნება, მაშინ იქნებ გაიკეთოს თავის ქალის მაგნიტო-რეზონენსული ტომოგრაფია, რომ რამე არ გამოიპაროს. ასევე, უნდა გამოირიცხოს თვალის შიდა წნევის ზრდა. საჭიროა გამოცდილ ოფთალმოლოგთან ვიზიტი.
კითხვა: წლებია, პერიოდულად, მარცხენა ფეხის ცერა თითის გული მეფხანება. ისეთი ნაპრალია, თითქოს გაჭრილიაო. არ ვიცი, ვის მივმართო ან რა საშუალებით ვიმკურნალო. თქვენ რას მირჩევდით? 
პასუხი: სავარაუდოდ, ეს ტერფის სოკოვანი დაავადებაა, მიმართეთ დერმატოლოგს. 
კითხვა: ყვითელი სხეულის კისტის დროს ციკლი ჩვეულებრივია თუ იგვიანებს ან შემდეგ თვეში ექოზე თუ გამოჩნდება?
პასუხი: მენსტრუალური ციკლი ამ დროს არ ირღვევა, კისტის უკუგაწოვა 2-3 თვეში მიმდინარეობს.
კითხვა: ძალიან ხშირად ვარ გაღიზიანებული მიზეზის გარეშე და თან, სულ მეძინება. თითქმის ყოველდღე კი, 10-20 წუთის განმავლობაში, გულმკერდის არეში ტკივილები მაქვს. შეიძლება, ეს გადაღლილობის ბრალი იყოს? ბევრს ვმეცადინეობ. ვგრძნობ, რომ ძალიან ვიღლები და დასტრესილიც ვარ.
პასუხი: დიახ, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს მართლაც თქვენი გადაღლილობის შედეგი იყოს, მაგრამ სასურველია მიმართოთ ოჯახის ექიმს, ჩაიტაროთ გამოკვლევები, გამორიცხოთ შინაგანი ორგანოების პათოლოგიებით გამოწვეული სიმპტომები (ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, ვეგეტოდისტონია  და ასე შემდეგ).
კითხვა: რა არის სუნთქვის ნერვოზი და რა სიმპტომები ახასიათებს?
პასუხი: ვეგეტონევროზის სახეობაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სუნთქვის რიტმის დარღვევა, ჩახველებები, ხმის ჩაწმენდა, ღრმა ჩასუნთქვები ან ამოსუნთქვები საუბრის დროს, ჰაერის უკმარისობა ჩასუნთქვისას და ასე შემდეგ.
კითხვა: ორი თვე გავიდა, რაც ტეტანუსზე ამცრეს (ხელი გავიჭერი). სასმელი რომ მივიღო, პრობლემა იქნება? 
პასუხი: თუ ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრასთან (ანატოქსინთან) ერთად  იმუნოგლობულინიც გაგიკეთდათ, ასეთ დროს ალკოჰოლის მიღებისაგან თავის არიდება რეკომენდებულია რამდენიმე დღის განმავლობაში.
კითხვა: არის თუ არა ლორწო სასაზე აივ ინფექციის ნიშანი?
პასუხი: არა, ეს არ მიანიშნებს აივ ინფიცირებაზე, მაგრამ, თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, იყოთ ინფიცირებული, აუცილებელია გამოკვლევა ჩაიტაროთ, აივ ინფექციის – შიდსის დიაგნოსტიკის მიზნით სპეციალური ლაბორატორიული გამოკვლევა უნდა ჩატარდეს. 
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე 

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი