მედიცინა

ექიმის რჩევები

№21

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 04.06, 2023 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: მუცლის ღრუს გამოკვლევისას ღვიძლზე შეინიშნებოდა კალცინატი. რამდენად საშიშია ჯანმრთელობისთვის?

პასუხი: ღვიძლში არსებული კალცინატები არ არის დაავადება (შეიძლება გადატანილი ინფექციის მაჩვენებელი იყოს). ის სერიოზულ საშიშროებას არ წარმოადგენს და არ ითხოვს სპეციალურ მკურნალობას. კვლევის სრული შედეგი აჩვენეთ ჰეპატოლოგს.

კითხვა: მაინტერესებს სიფილისით დაავადება ხელს შეუშლის თუ არა ცხვირის ოპერაციის გაკეთებას?

პასუხი: ვენერიული დაავადებების დროს რინოპლასტიკა უკუნაჩვენებია.

კითხვა: მსურს ლაზერული ეპილაციის გაკეთება მკლავსა და იღლიის მიდამოში. რამდენად უსაფრთხოა? საკმაოდ გამხდარი ვარ, ორი წლის წინ მკერდის გვერდით პატარა ბურთულები შევამჩნიე გავესინჯე და არაფერი მქონდა. ვარ 26 წლის.

პასუხი: ლაზერულ ეპილაციას აქვს გარკვეული უკუჩვენებები. კერძოდ, პროცედურა უკუნაჩვენებია თუ დასამუშავებელ უბანზე კეთილთვისებიანი წარმონაქმნებია: ფიბრომა, მიომა, ლიპომა, ჰემანგიომა, კისტები და მასტოპათია. ამიტომ ეპილაციამდე მიმართეთ მამოლოგს, სარძევე ჯირკვალში გაჩენილი ნებისმიერი წარმონაქმნის და/ან დისკომფორტის უყურადღებოდ დატოვება დაუშვებელია. აუცილებელია პროფილაქტიკური შემოწმების გავლა.

კითხვა: ვარ 24 წლის. არ ვსვამ ალკოჰოლს, არც გაზიანებს, არ ვეწევი. მსუქანი არ ვარ, მხოლოდ ღიპი მაწუხებს. მირჩიეთ რამე.

პასუხი: ნორმალური წონის ადამიანებში, ეგრეთ წოდებული, ღიპის მიზეზი ხშირად არის კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევები – შეკრულობა, გაზები. ამიტომ, თუ მსგავსი პრობლემები გაწუხებთ, სრულფასოვანი მკურნალობის მიზნით აუცილებლად მიმართეთ გასტროენტეროლოგს. პარალელურად, ნაკლებად უნდა მიირთვათ ცომეული, საკონდიტრო ნაწარმი, დაიცვათ კვების სწორი რეჟიმი და აუცილებელი პროდუქტებით მდიდარი საკვები დღის აქტიურ, პირველ ნახევარში უნდა მიიღოთ. და რაც მთავარია, უნდა ივარჯიშოთ!

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი