მედიცინა

ექიმის რჩევები

№2

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 23.01, 2021 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

„თბილისელების" მკითხველის შეკითხვებს ექიმი პასუხობს 👇

კითხვა: რა დროს შეიძლება საიტოტეკის მიღება?

პასუხი: საიტოტეკის გამოყენება ხდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით. მაგრამ იმის გამო, რომ საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვასაც იწვევს, მას სხვა პრეპარატებთან ერთად ორსულობის შეწყეტის მიზნითაც იყენებენ. ექიმის გარეშე მედიკამენტის გამოყენება დაუშვებელია.

კითხვა: 7 წლის ბავშვს უზმოზე შაქრის დონე 5.6 ჰქონდა, ზედა ზღვარი 5.5-ია. რამდენად საგანგაშოა ეს მაჩვენებელი და დიეტით თუ ჩადგება ნორმაში? ზოგადად, ტკბილი საკვები უყვარს, ხილიც. ანალიზი აღებულია თითიდან.

პასუხი: როცა გლუკოზის მაჩვენებელი ზედა ზღვარზეა, სასურველია, მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ. კარგი იქნება, ჩატარდეს გლუკოზით დატვირთვის ტესტი, მით უმეტეს, თუ არის რაიმე საეჭვო სიმპტომი, რის გამოც ანალიზი გააკეთეთ. ზოგადი სიჯანსაღისთვის აუცილებლია რეგულარული ვარჯიში და რაფინირებული ნახშირწყლების წილის შემცველობის შემცირება მენიუში. ასეთ ნახშირწყლებს შეიცავს გაზირებული წყლები, კანფეტები, ნამცხვრები, ტკბილეული.... კონსულტაციისთვის მიმართეთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს.

კითხვა: მაინტერესებს, ხდება თუ არა ორსულობის დადგენა ტრანსაბდომინური ულტრაბგერითი გამოკვლევით?

პასუხი: რა თქმა უნდა, ხდება, თუ არ არის მცირე ვადის ორსულობა. სტანდარტულად, ექოსკოპიით ორსულობა განაყოფიერებიდან სამ კვირაში კარგად უნდა ჩანდეს.

კითხვა: თუ შეიძლება, მიპასუხეთ რამ იცის თეთრი ნადები ენაზე?

პასუხი: ენაზე თეთრი ნადები შესაძლოა, იყოს პირის ღრუს პათოლოგიების, საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის მანიშნებელი. თუ პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, რაც ენის გაწმენდასაც გულისხმობს, საკმარისი არ არის, მაშინ დიფერენცირებისთვის კვლევის საწყის ეტაპზე თერაპევტს მიმართეთ, რადგან გარდა ამ მინიშნებისა, დიაგნოსტიკისთვის ბევრი სხვა დამატებითი ინფორმაციის შეგროვებაა საჭიროა.

კითხვა: უკანა კბილებზე მაქვს ქვები. ვიცი, რომ სტომატოლოგთან უნდა მივიდე და მან გამიწმინდოს, მაგრამ პანდემიის პირობებში ვერიდები. თუ არის რაიმე ხერხი რითიც სახლში, ჩემით მოვაგვარებ ამ პრობლემას, თუნდაც, ნაწილობრივ?

პასუხი: არა, დამოუკიდებლად მოქმედებისას შესაძლოა, კბილის ემალი დაიზიანოთ. მიმართეთ სტომატოლოგს.

კითხვა: ვარ 13 კვირის ორსული. 2 დღის წინ გავიკეთე გრიპის აცრა. ეს 2 დღეა, დილაობით წელის ტკივილს ვგრძნობ. სხვა ჩივილი არ მაქვს. შესაძლოა, ეს გრიპის აცრის ბრალი იყოს?

პასუხი: ზოგადად, წელის ტკივილი არ არის დაკავშირებული გრიპის საწინააღმდეგო აცრასთან. ის შესაძლოა, საშვილოსნოს ტონუსით იყოს გამოწვეული.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი მაია ნუცუბიძე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი