მედიცინა

ექიმის რჩევები

№36

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 19.09, 2021 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: ვაპირებ ფაიზერით აცრას. 1990-იან წლებში ფურაცილინის ხსნარზე ან სინტომიცინის მალამოზე მომცა მაგარი ალერგია და რეანიმაციაში ვიწექი. ასევე, ალერგიული ვარ ლითონზე, ზოგ პროდუქტსა და წამალზე. მაინტერესებს, რამდენად რეკომენდებულია ჩემი აცრა? ასევე, მაქვს დეპრესია და ვსვამ ზოლომაქსს.

პასუხი: ფაიზერის აცრისგან თავის შეკავებას ურჩევენ იმ ადამიანებს, ვისაც ვაქცინაში შემავალ ნივთიერებებზე ჰქონდა მკვეთრი ალერგიული რეაქცია. თქვენ მიერ მითითებული ნივთიერებები არ შედის ვაქცინაში. თუმცა, რადგან ზოგადად ხართ ალერგიული, აუცილებლად უთხარით ამის შესახებ ექიმს, რომელიც დაგხვდებათ აცრის კაბინეტში. თუ ინიექციის შემდეგ ალერგიული რეაქციისთვის დამახასიათებელ რაიმე სიმპტომს იგრძნობთ, ამის შესახებაც დროულად აცნობეთ ექიმს. თუმცა, ასეთი რეაქციის განვითარების შანსი მინიმალურია. ვაქცინაციის უკუჩვენებად ანტიდეპრესანტებიც არ არის მითითებული.

კითხვა: როდესაც თვითმფრინავით ვმგზავრობ, ყოველთვის ძალიან მიგუბდება ყურები. მეგობარმა ქსიმელინი მირჩია აღარ დაგიგუბდებაო. შველის თუ არა ქსიმელინი ყურების დაგუბებას?

პასუხი: ქსიმელინი იმ შემთხვევაში დაგეხმარებათ, თუ ყურის დაგუბების მიზეზი რინიტი და ცხვირის ლორწოვანის შეშუპებაა, რაც ფრენისას შუა ყურის ვენტილაციას აფერხებს და შეგუბების შეგრძნებას იწვევს. მაგრამ თუ რინიტი არ გაქვთ, მაშინ ფრენის დროს უმჯობესია, მიმართოთ შემდეგ საშუალებებს: აუცილებლად გაიკონტროლეთ წნევა გაფრენის წინ და მაღალი წნევის შემთხვევაში მიიღეთ ჰიპოტენზიური საშუალება. აფრენისა და დაფრენის დროს თან იქონიეთ საწუწნი კანფეტი ან საღეჭი რეზინი – ეს საშუალებები ხელს უწყობს წნევის გათანაბრებას სასმენი მილის აპკის ორივე მხარეს.

კითხვა: ვარ ორსული. ხშირად მეჭედება ცხვირი და ზოგჯერ ყურიც მტკივა. რომელი სპრეი და ყურის წვეთები შეიძლება, გამოვიყენო?

პასუხი: ყური და ცხვირი კავშირშია ერთმანეთთან, ამიტომ მდგომარეობის შესაფასებლად და ადეკვატური მკურნალობის დასანიშნად ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი