მედიცინა

ექიმის რჩევები

№22

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 13.06, 2021 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი მაია ნუცუბიძე.

კითხვა: მშობიარობიდან რამდენ ხანში შეიძლება ჩვილის დაბანა? აუცილებელია თუ არა გვირილიანი წყალი და რამდენად კარგი და უსაფრთხოა ეს?

პასუხი: 6 თვემდე ჩვილს დაბანა ყოველდღე სჭირდება, ხოლო 6 თვის შემდეგ – დღეგამოშვებით. პირველი ბანაობა სამშობიაროდან გამოსვლის პირველ დღესვე შეგიძლიათ. ამისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ კალენდულა, გვირილა, სალბი, ორკბილა, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რადგან ბალახების ნაყენის ხშირად გამოყენება, ერთი მხრივ, ზრდის კანის სიმშრალეს, ხოლო, მეორე მხრივ, ალერგიული რეაქციების განვითარების რისკს.

კითხვა: 7 თვის ბავშვს განავლის ანალიზში აღმოაჩნდა დიდი ოდენობით ნეიტრალური ცხიმები, საშუალო რაოდენობით ლორწო, ლეიკოციტები – 8-10, თრომბოციტები – 5-6 მხ/ა. რას ნიშნავს ეს შედეგი და რამდენად სწორია მკურნალობა მხოლოდ ნეო პეკეს პრებიოტიკით ერთხელ დღეში და რეუტაზა – 5 წვეთი 3-ჯერ დღეში? ბავშვს ძალიან ცუდი მატება აქვს და ხშირად – აკუწული, თხიერი, ლორწოვანი განავალი. დამატებით ხომ არ საჭიროებს რაიმე სახის კვლევებს?

პასუხი: აღნიშნული ანალიზი აჩვენებს, რომ დარღვეულია მონელება და ნაწლავში კი ანთებითი პროცესია. დაიწყეთ დანიშნული მკურნალობა და დააკვირდით ბავშვს, თუ მოწესრიგდა კუჭის მოქმედება და წონის მატებაც დაიწყო, დამატებითი კვლევა საჭირო აღარ არის, მაგრამ თუ მკურნალობა მდგომარეობას არ გააუმჯობესებს, მაშინ უნდა გაგრძელდეს კვლევა და უნდა გაკეთდეს განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, აგრეთვე, ანალიზი ფერმენტებზე.

კითხვა: 25 წლის ასაკში, სამწუხაროდ, პირველივე ორსულობის მეხუთე კვირაზე მომიწია მედიკამენტოზური აბორტის გაკეთება. ყველაფერი ნორმალურად იყო. ამის მიუხედავად დენა 16 დღე გამიგრძელდა, ანუ ასე 15-დან 31 მარტამდე მქონდა. შემდეგ ციკლი დროულად დამეწყო, მაგრამ რაღაც ყავისფერი გამონადენით, რომელსაც ზოგჯერ, ძალიან იშვიათად, სისხლიც მოჰყვება. ხომ ვერ მეტყვით, რისი ბრალი შეიძლება, იყოს ან როგორ შეიძლება, ვუშველო?

პასუხი: ზოგადად, საშიში არაფერია და შესაძლოა, ყავისფერი გამონადენი არ იყოს დაკავშირებული რაიმე პათოლოგიასთან. თუმცა, საშვილოსნოს ღრუს შეფასების მიზნით საჭიროა, ჩატარდეს ექოსკოპიური გამოკვლევა.

კითხვა: მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ქალიშვილებმა მიიღონ გერალი, ლევოსტარი და მიკოფლუ?

პასუხი: ზოგადად, აღნიშნული მედიკამენტების ერთდროულად მიღება შეიძლება და ქალიშვილობას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ პაციენტის ასაკი. მოზარდებისთვის უფრო დამზოგველი თერაპია უნდა შეირჩეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი