მედიცინა

ექიმის რჩევები

№16

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 02.05, 2021 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: მაქვს აკნე და ვაპირებ, როაკუტანით დავიწყო მკურნალობა. ვარ ალერგიული მწერებისა და ფუტკრის ნაკბენზე. ჩემს შემთხვევაში რაიმე უკუჩვენებას ან ალერგიას ხომ არ გამოიწვევს?

პასუხი: როაკუტანის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ არის რეკომენდებული, რადგან ძალიან ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს (მათ შორის ალერგიული) და მით უფრო, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მკურნალობა უშედეგოა. ზოგადად, უნდა დადგინდეს აკნეს მიზეზი და მკურნალობაც იმის მიხედვით დაინიშნოს. ამიტომ ყველა ნიუანსი თქვენს დერმატოლოგთან ერთად უნდა გაიაროთ.

კითხვა: გთხოვთ, მირჩიოთ, რომელი ანალიზი გავიკეთო, რომ გავიგო რის გამო არ მაქვს ენერგია და რატომ ვიღლები მალე? ამასთან, ყველაფერი მეზარება. როგორ მოვიქცე?

პასუხი: მოთენთილობას, სისუსტეს არაერთი პათოლოგიური მდგომარეობა იწვევს (ანემია, ღვიძლის პათოლოგიები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, სტრესი, დღის განმავლობაში ზედმეტი აქტიურობა ან, პირიქით, უმოძრაობა, მენიუში ზედმეტი ნახშირწყლები, კოფეინის ჭარბად მიღება, ზოგიერთი მედიკამენტი.და ასე შემდეგ), ამიტომ, თანმიმდევრული კვლევების დასაგეგმად ოჯახის ექიმს უნდა მიმართოთ.

კითხვა: ვარ 22 წლის გოგონა. დაახლოებით, ერთი თვეა, მაწუხებს სისუსტის შეგრძნება, სიმძიმე გულის არეში, სუსტი თავრბრუ – წნევის 50-ზე დაბლა დაწევის დროს, ასევე, გახშირებული სუნთქვა და ჰაერის უკმაირსობა. შეიძლება, ეს დაბალი იმუნიტეტის ბრალი იყოს და უბრალოდ, ვიტამინების მიღებით გამიაროს? თუ აუცილებელია, მივიდე ექიმთან და კონკრეტულად რის ექიმთან?

პასუხი: დაბალი წნევა (ჰიპოტონია) ამ ჩივილების ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზია, თუმცა, გამოსაკვლევია, რისგანაა გამოწვეული თავად დაბალი წნევა. არ გადადოთ ოჯახის ექიმთან ვიზიტი. მიიღეთ მეტი სითხე (წყალი, ახლადგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენი, ახლად მომზადებული ხილის კომპოტი, ტკბილი ჩაი), იკვებეთ ბალანსირებულად დღეში 3-ჯერ ძირითადი კვება და 1-2 წახემსება. მენიუში შეიტანეთ წვნიანი კერძები, ხორცი, თევზი – მოხარშული ფორმით, კვერცხი, კარაქი, ხაჭო, თაფლი, ბოსტნეულის სალათა, თხილეული, ჩირი და რა თქმა უნდა, ცოცხალი ხილი. ნუ იქნებით ჩაკეტილ სივრცეში, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და თუ შეგიძლიათ, შეასრულეთ მარტივი ფიზიკური ვარჯიშები.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი