ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 14:00

კითხვა: 41 წლის ქალბატონს ყოველ გამთენიას, ზუსტად ერთი და იმავე დროს, სტკივდება ფეხი მუხლიდან ქვემოთ. ეს ტკივილი არის გაუსაძლისი და უკვე 3 თვეა, ასეა. რა შეიძლება, იყოს და ვის მივმართოთ?
პასუხი: მდგომარეობა საყურადღებოა. უნდა მიმართოს ანგიოლოგს – სისხლძარღვოვანი პრობლემების გამოსარიცხად (მნიშვნელოვანია ფეხის არტერიული და ვენური დუპლექს-კვლევა). თუ სისხლძარღვთა პრობლემები გამოირიცხა, მაშინ ნევროლოგის კონსულტაცია გახდება საჭირო – ნეიროპათიის ან რადიკულოპათიის გამოსარიცხად. თუ ამ მხრივაც არ აღმოჩნდა ცვლილებები, მაშინ ტრავმატოლოგ-ორთოპედს – საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის შესამოწმებლად (მაგალითად, მუხლის, მენჯ-ბარძაყის ან ხერხემლის ცვლილებები).
კითხვა: ყურის ნიჟარის შესასვლელთან, დაბლა საშინლად მექავება, დამტანჯა, ლამის დავიკაწრო. გამონაყარი არ არის. რა შეიძლება, იყოს?
პასუხი: გამონაყრის გარეშე ყურის ნიჟარის შესასვლელთან ქავილი, შეიძლება, რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული: კანის სიმშრალე, ალერგია (საყურე, სპრეი, საპონი), გაღიზიანება (ხშირი წმენდა ან უცხო საგნებით მანიპულირება აღიზიანებს კანს), სოკოვანი ინფექცია. რაც მთავარია, არ მოიქავოთ, გამოიყენეთ რბილი საპონი ან, უბრალოდ, წყალი და მოერიდეთ შესაძლო ალერგენებს. თუკი ქავილი არ გაივლის ან სხვა სიმპტომები (ტკივილი, გამონადენი) დაემატება, მიმართეთ ოტორინოლარინგოლოგს.
კითხვა: თუ დაბალწნევიანი ადამიანი დალევს შარდმდენს და შარდვა არ ექნება, პრეპარატი არ იმოქმედებს თუ წნევა, შეიძლება მაინც დაეწიოს?
პასუხი: შარდმდენი წნევას ამცირებს მხოლოდ მაშინ, როცა ის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს გამოყოფს შარდის სახით. თუ შარდმდენი არ იწვევს გაძლიერებულ შარდვას, ის ვერ დაწევს წნევას. დაბალწნევიანი ადამიანისთვის შარდმდენის მიღება ძალიან სარისკოა, რადგან მას შეუძლია წნევა კრიტიკულად დასწიოს, მაშინაც კი, თუ ადამიანი ვერ გრძნობს „ჩვეულებრივზე მეტ“ შარდვას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან