მედიცინა

ექიმი გენეტიკოსი და ემბრიოლოგი – ქეთევან ტუხაშვილი ახალი სიცოცხლის სამსახურში

№25

ავტორი: ქეთი მოდებაძე 12:14 30.06, 2022 წელი

ქეთევან ტუხაშვილი
დაკოპირებულია

მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი გენეტიკოსი და ემბრიოლოგი ქეთევან ტუხაშვილი არაერთი უშვილო წყვილის ოჯახური ბედნიერების თანამონაწილეა. ის თავისი ყოველდღიური პროფესიული საქმიანობით ახალი სიცოცხლის სამსახურშია.

ქეთევან ტუხაშვილი: 2002 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი და სწავლა გავაგრძელე ასპირანტურაში, სამედიცინო გენეტიკის განხრით, ვარ ერთ-ერთი სერტიფიცირებული ექიმი-გენეტიკოსი საქართველოში.

– როგორ აღმოჩნდით ემბრიოლოგიაში?

– 2011 წელს ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკიდან მივიღე შემოთავაზება ემბრიოლოგის პოზიციაზე და გადავწყვიტე, ეს დარგი მესწავლა. საქართველოში დღემდე არ არსებობს მაგისტრატურა და რეზიდენტურა ამ განხრით, ამიტომ სხვადასხვა სასწავლო კურსსა და ტრენინგებზე უცხოეთში წასვლა მომიწია – ვიყავი ესპანეთში, საფრანგეთში, ბელგიაში, უკრაინაში. გავიარე ტრენინგები თურქეთში, უნგრეთში, დანიაში. ზურაბ საბახტარაშვილის კლინიკის სხვა ექიმებთან ერთად, მუდმივად ვთანამშრომლობ ინვიტრო განაყოფიერების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ კლინიკასთან - ვალენსიის IVI კლინიკასთან. ვარ ESHRE (ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპული საზოგადოება) წევრი. იყო წარმატებული ემბრიოლოგი, ნიშნავს, მუდმივად ითვისებდე შენს დარგში თანამედროვე გამოწვევებს და ვითარდებოდე.

– რა როლი აქვს ემბრიოლოგს ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესში?

– ინ ვიტრო განაყოფიერებისათვის პაციენტის მომზადების პირველი ნაწილი რეპროდუქტოლოგზეა დამოკიდებული, მაგრამ კვერცხუჯრედების ამოღების მომენტიდან ოოციტების დამუშავება, განაყოფიერება, ემბრიონების ზრდა-განვითარება და საშვილოსნოს ღრუში გადატანის პროცესი უკვე ემბრიოლოგის პრეროგატივაა. თუ ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში ყველა პროცესი სწორად არ მიმდინარეობს, განაყოფიერება წარმატებით ვერ განხორციელდება და ორსულობის მიღებით ვერ დასრულდება.

– რას მოითხოვს ემბრიოლოგია თქვენგან?

– როდესაც ხარ ემბრიოლოგი, ვფიქრობ, პაციენტის ბიოლოგიურ რიტმში უნდა იცხოვრო. შესაძლებელია, დასვენების დღეებშიც მოგვიწიოს სამსახურში მოსვლამ. ამ დროს ყველანაირი ყოფითი პრობლემა უნდა დაივიწყო.

– გიწევთ, უარი თქვათ კოსმეტიკურ საშუალებებზე...

– ნებისმიერი ქიმიური ნივთიერება, ძვირფასი პარფიუმერიის შემადგენელი ნაწილიც კი, შეიძლება, უჯრედისთვის და ემბრიონებისთვის ტოქსიკური იყოს, ამიტომ მაკიაჟი, სახის კრემი, სუნამო, დეზოდორანტი და ასე შემდეგ არ უნდა გამოვიყენოთ. ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში შესვლამდე ყოველდღე სუფთა, სპეციალურ ტანსაცმელს ვიცვამთ. პროფესიული ხარისხის სიზუსტითა და ამ ნორმების დაცვით მიიღწევა ის შედეგი, რითაც ჩვენი კლინიკა საქართველოში ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზეა.

– რა თვისებებია ემბრიოლოგისთვის მთავარი?

– ხელის სიზუსტე და თვალის სიმახვილე.

– რა შეცდომის დაშვება არ ეპატიება ემბრიოლოგს?

– როგორც ყველა საქმეში, აქაც ვერ წარმომიდგენია საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება. მიმაჩნია, რომ ძალიან უნდა გიყვარდეს შენი ყოველდღიური რუტინა. ეს ის საქმეა, როცა ვერ აჩქარდები. არასოდეს ეცადო, სწრაფად მოამთავრო საქმე. აქ ყველაფერი წამებსა და წუთებშია გაწერილი და ყოველი არასწორი ნაბიჯი უარყოფითად აისახება შედეგზე. ამიტომ, როდესაც ზიხარ მიკროსკოპთან და განაყოფიერებას აკეთებ, თავიდან ბოლომდე უნდა იყო იქ, სადაც ხარ და სხვა არაფერზე იფიქრო.

– რამდენად მნიშვნელოვანია სისწრაფე?

– როგორც აღვნიშნე, ემბრიოლოგიური პროცედურების ხანგრძლივობა მკაცრადაა განსაზღვრული. როგორც აჩქარება, ისე პროცედურის დროში გახანგრძლივება არაა სასურველი.

– რამდენად დიდია მოთხოვნა ტყუპებზე?

– ხანდახან გვყავს წყვილი, რომელიც ორი ემბრიონის გადატანას ითხოვს და უნდათ, რომ ტყუპები ჰყავდეთ. ორი ემბრიონის გადატანა ყოველთვის ტყუპ ნაყოფს არ ნიშნავს. თუმცა ეს პროცედურა თეორიულადაც და პრაქტიკულადაც ტყუპ ორსულობასთან ასოცირდება. პაციენტს ეძლევა ინფორმაცია ორსულობის პერიოდში და მშობიარობის დროს მოსალოდნელ გართულებებზე. ბოლო პერიოდში, თუ პაციენტის დაჟინებული მოთხოვნა არ არის, მხოლოდ ერთი საუკეთესო ემბრიონი გადაგვაქვს.

– რამდენია გაყინული ემბრიონის ხანდაზმულობის ვადა?

– თეორიულად, გაყინული ემბრიონის შენახვის ვადა ათი წელია.

– რა ასაკში მიგიღიათ ყველაზე ხანდაზმული ორსულობა?

– საკუთარი კვერცხუჯრედით 44 წლის ქალბატონთან მქონია ორსულობა. ხოლო დონორის კვერცხუჯრედით შვილი 56 წლის ქალბატონმა გააჩინა.

– რა სიახლეებია ემბრიოლოგიაში?

– სიახლის დონეზეა ემბრიონების გენეტიკური დიაგნოსტიკის არაინვაზიური მეთოდი. ტრადიციული მეთოდით, პატარა ფრაგმენტის აღება (ბიოფსია) ემბრიონიდან ხდება და ეს ფრაგმენტი იგზავნება გენეტიკურ კვლევაზე. თანამედროვე მონაცემებით, ამ მეთოდთან შედარებით არაინვაზიურად ითვლება იმ სითხის გამოკვლევა, რომელშიც იზრდება ემბრიონი 5-6 დღის განმავლობაში. ამ სითხეში გამოიყოფა ემბრიონის გენეტიკური მასალა და ისეთივე ინფორმაციულია, როგორც ბიოფსირებული ფრაგმენტი. ემბრიონის ბიოფსია არ ხდება, ის იყინება და გენეტიკურ კვლევაზე მხოლოდ მისი საკულტივაციო სითხე იგზავნება. ჩვენი კლინიკა უკვე ჩართულია ამ პროცესში. საკმაოდ მაღალია გენეტიკურ დიაგნოსტიკაზე მოთხოვნა, განსაკუთრებით უცხოელ პაციენტებში. ეს უფრო ისეთი პაციენტებისთვისაა მნიშვნელოვანი, ვინც გარკვეული გენეტიკური დაავადებების მიმართ წინასწარგანწყობილი არიან და უნდათ, რომ ჰყავდეთ ჯანმრთელი შვილები.

– რას ნიშნავს თქვენთვის ახალი სიცოცხლე?

– ყოველი ახალი სიცოცხლის დაბადება ჩემთვის ნიშნავს, რომ სამყაროს კიდევ ერთი ადამიანი მოევლინა და ამ მნიშვნელოვან მოვლენაში ჩემი წვლილიცაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი