მედიცინა

ბაჩო შენგელია: მოდის იმედგაცრუებული ადამიანი, რომელიც სიბრმავისთვისაა განწირული და ოპერაციის შემდეგ ბედნიერი მეუბნება, რომ დამინახა

№48

ავტორი: ნინო საყვარელიძე 13:03 02.12, 2021 წელი

ბაჩო შენგელია
დაკოპირებულია

ოფთალმოლოგი ბაჩო შენგელია წარმატებული ექიმების ოჯახიდანაა და თავადაც ღირსეულად აგრძელებს ამ გზას. თანამედროვე ოფთალმოლოგიურ პრობლემებთან წარმატებით ბრძოლაში კარგი განათლება და ევროპისა და აზიის ქვეყნებში მიღებული მდიდარი და მრავალფეროვანი გამოცდილება ეხმარება. ყველაზე ხშირად თვალთან დაკავშირებული რა ჩივილებით მიდიან პაციენტები მასთან და პრევენციის რა საშუალებები არსებობს, ამ კითხვებზე თავად ბაჩო შენგელიამ გვიპასუხა.

ბაჩო შენგელია: ექიმების ოჯახიდან ვარ, ორივე ბებია პროფესორები იყვნენ, მამა – სრული პროფესორი დავით შენგელია, თვალის კათედრის გამგეა, ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც მუდმივად სამედიცინო საკითხები განიხილებოდა. ოჯახმა მხარი დამიჭირა, რომ მეც ამ სფეროში წავსულიყავი. დაახლოებით, 16 წლის ვიყავი, როდესაც პირველი შეხება მქონდა მედიცინასთან. თავდაპირველად კარდიოლოგობა მინდოდა, თუმცა როდესაც მამასთან ერთად გავდიოდი პრაქტიკულ მოღვაწეობას, მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ ოფთალმოლოგი გავმხდარიყავი. ოფთალმოლოგია მედიცინის ხუთ ფუნდამენტურ ნაწილში შედის. თვალი საკმაოდ საინტერესო და იდუმალებით სავსე ორგანოა, რომელიც უდიდეს ინფორმაციას ინახავს. დღეს თითქმის ყველა ორგანოს გადანერგვა ხდება ტვინისა და თვალის გარდა.

– როგორ განვითარდა თქვენი კარიერა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ?

– სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბელორუსიაში, ქალაქ მინსკში ჩავაბარე პოსტდიპლომურ აკადემიაში. სხვადასხვა დროს მიწევდა მოღვაწერობა ინდოეთში, ასევე, ევროპაში და რამდენიმე ქართული, რუსული და აზიური ლიცენზიის მფლობელი ვარ. ამ პროფესიაში მუშაობა ძალიან დიდი სიამოვნებაა. წარმოიდგინეთ, როდესაც მოდის იმედგაცრუებული ადამიანი, რომელიც სიბრმავისთვისაა განწირული და ოპერაციის შემდეგ ბედნიერი მეუბნება, რომ დამინახა. საოცარი შეგრძნებაა. ჩემდა სასიკეთოდ, არა მარტო მამაჩემთან, ბევრ არაჩვეულებრივ ადამიანთან ერთად მომიწია მუშაობა, რომლებიც მხოლოდ ცნობილი ექიმები კი არა, ოფთალმოლოგიაში კონკრეტული განხრების ფუძემდებლები არიან. მათ შორისაა ბატონი გოგა თევზაძეც, რომელმაც საქართველოში დანერგა ლაპარასკოპული ქირურგია ოფთალმოლოგიაში.

– რა პათოლოგიები გხვდებათ ყველაზე ხშირად?

– ევოლუციამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ადამიანის გენეტიკაზე, ადრეც გვხვდებოდა, მაგრამ ახლა ძალიან გახშირდა ბავშვებში ის დაავადებები, რაც ადრე არ გვხვდებოდა, მაგალითად: დღენაკლულთა რეტინოპათია, საცრემლე მილაკების სტენოზი, სიელმე, არა მხოლოდ ბავშვებში. მოხუცებში ხშირია კატარაქტა, ასევე, დიაბეტური რეტინოპათია და მოზარდებში ხშირად გვხვდება მიოპია.

– რა იწვევს დღენაკლულთა რეტინოპათიას?

– საკმაოდ დიდი პრობლემაა დღენაკლულთა რეტინოპათია, რაც სამწუხაროდ, 90 პროცენტში სიბრმავით სრულდება. როდესაც დღენაკლული ბავშვი ხვდება ჭარბი ჟანგბადის ქვეშ, თვალი არ ახდენს განვითარებას და ეს იწვევს რეტინოპათიას. დაბადების დროს თვალი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და ბავშვი გარკვეული პერიოდის შემდეგ იწყებს შუქის ფიქსაციას. ხშირია ინკუბატორიდან მიღებული თვალის გართულებები. რეტინოპათია შეიძლება, გენეტიკურადაც იყოს გამოწვეული. თუ ორსულობის დროს დედა ინფექციურ დაავადებას გადაიტანს, ეს შესაძლოა, ბავშვისთვის რეტინოპათიის გამომწვევი მიზეზი გახდეს.

– როგორ უნდა იმართოს ორსულობა, რათა თავი ავარიდოთ ნაადრევ მშობიარობას და ამით გამოწვეულ მხედველობის პრობლემებს?

– ორსულმა ისე უნდა განვლოს ფეხმძიმობის პერიოდი, რომ არ მოხდეს ნაადრევი მშობიარობა. ამისთვის საჭიროა ნაკლები სტრესი, ნაკლები ქიმური ზემოქმედება, სიგარეტი, ალკოჰოლი და ასე შემდეგ – ეს ყველაფერი განაპირობებს ნაადრევ მშობიარობას, თუმცა არის გარდაუვალი სიტუაციები, რაც მშობელზე არ არის დამოკიდებული და ნაადრევი მშობიარობა შესაძლოა, ნაყოფის განუვითარებლობის გამო მოხდეს. ამ შემთხვევაში ბავშვი ხვდება ინკუბატორში და ვიბრძვით ორი მიმართულებით: რომ მოხდეს ბავშვის გადარჩენა და მისი მხედველობის შენარჩუნება.

– ბავშვებში ხშირი პრობლემაა ახლომხედველობა, რა იწვევს ამ დაავადებას?

– ბავშვებში ეს პრობლემა, მართლაც, ძალიან ხშირია. ეს ნიშნავს; რომ ბავშვის თვალის ზრდა არასწორ ფორმაში ხდება. კომპიუტერებმა და ტელევიზორებმა ახლო მანძილზე მუშაობა განაპირობა, რა დროსაც თვალი იღებს ოვალურ ფორმას და სხივის შესვლის დროს მაკულაში არ ხდება სწორი პროექცია და მას სჭირდება რეფრაქციული მანკის გასწორება სათვალით ან ლინზით, იმისთვის, რომ ამ სხისვის გარდატეხა პირდაპირ თვალში მოხდეს.

– კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემაა თვალის სიმშრალე.

– თვალის სიმშრალეც საკმაოდ დიდი პრობლემა გახდა. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ბავშვი თვალს ჭუტავს, დიდი ალბათობით; საქმე გვაქვს მხედველობის პრობლემასთან ან თვალის სიმშრალესთან. ერთი რეფლექსური დახამხამება უდრის ერთ ცრემლს, რომელსაც პირველ რიგში, დამცავი ფუნქცია აქვს, მეორე რიგში – კვება, მესამე რიგში – სხივის გატარებაში იღებს ის მონაწილეობას, რომელსაც მუცინის შრე ჰქვია. როდესაც მუცინის შრე ზიანდება, ხდება ბარიერული ფუნქციის დაწევა და თვალის იმუნიტეტიც ქვეითდება. თვალის ლორწოვანს აღარ აქვს იმუნიტეტი, რომ თვალი დაიცვას გარეშე ბაქტერიებისგან და ეს მუდმივი ანთების წყაროა, რაც თავის მხრივ, სხვა დაავადებების მაპროვოცირებელია. პრევენციისთვის პაციენტებს ვურჩევ, რომ დაცული იყოს კვებითი ნორმა, მიიღონ ნაკლები ქიმიური პროდუქტები. აუცილებელია, დაკავდნენ სპორტით, მიიღონ წყალი და მაქსიმალურად შეზღუდონ თვალის გამაღიზიანებლები.

– ძირითადად, რა ჩივილების დროს მოჰყავთ პაციენტები თქვენამდე?

– როდესაც ბავშვს აქვს ცრემლდენა, სიწითლე, ქავილი, ხშირად ახამხამებს, სტკივა და ასე შემდეგ.

– რა არის თქვენი ძლიერი მხარე?

– ზემოთ ვახსენე ის დიდი ადამიანები, რომლებიც ჩვენს სფეროში სხვადასხვა მიმართულებებით იყვნენ საუკეთესოები და რომლებთან ერთად მუშაობის ბედნიერებაც მქონდა, ვფიქრობ, ძალიან შევეცადე ყველა ამ ადამიანისგან საუკეთესო ამეღო, რასაც დღეს ჩემს პრაქტიკაში წარმატებით ვიყენებ.

– ვიცი, ამაზე არ გიყვართ საუბარი, მაგრამ ხშირად სტუმრობთ უნარშეზღუდულ ბავშვებს და სრულიად უსასყიდლოდ უწევთ სამედიცინო დახმარებას

– ამაზე დიდ სიამოვნებას არაფერი მანიჭებს, საოცრად ბედნიერი ვარ, როცა შემიძლია, მცირედი მაინც გავაკეთო მათთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი