მედიცინა

აბზინდის სამკურნალო თვისებები

№18

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 12.05, 2022 წელი

აბზინდი
დაკოპირებულია

აბზინდა შეიცავს ფლავონოიდებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას, ლაქტონებს. მწარე ნივთიერებები ანაბზინტინი და აბზინთინი განაპირობებენ მის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას.

ხალხურ მედიცინაში აბზინდა გამოიყენება გაზების დაგროვების საწინააღმდეგოდ, ჭიების დასაყრელად, სისხლნაკლებობის დროს. მისი ნაყენი კარგი საშუალებაა პირის ღრუში გამოსავლებად არასასიამოვნო სუნის საწინააღმდეგოდ.

მედიცინაში აბზინდის პრეპარატებს იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების სტიმულირებისათვის, ნაღვლის, კუჭქვეშა ჯირკვლისა და კუჭის წვენის სეკრეციის გასაძლიერებლად.

უნდა გახსოვდეთ, რომ აბზინდას ხანგრძლივი და დიდი დოზებით გამოყენება არ შეიძლება, რადგან შეიძლება, პირღებინება და მოწამვლა გამოიწვიოს.

აბზინდას ნაყენი მზადდება მცენარის გამხმარი და დაქუცმაცებული ბალახისგან 70-პროცენტიან სპირტზე, თანაფარდობით 1:5, დააყენეთ 7-14 დღის განმავლობაში. ნაყენი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ინახება და არ ფუჭდება. აბზინდას ნაყენი შემდეგნაირად მზადდება: 5 გრამ ბალახს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. გამოიყენეთ გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, უძილობის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების, სისხლნაკლებობის დროს. მუცლის ჭიებით დასნებოვნებისას გაიკეთეთ ოყნა. კარგია ამ ნაყენით ჭრილობებისა და წყლულების მობანვა. აბზინდას ნაყენს იყენებენ, ასევე, თვალებზე საფენების სახით. ნაყენი შეინახეთ ცივ ადგილას 2-3 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა. გამეორება შეიძლება 1-2 თვის შემდეგ.

აბზინდის ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 2 ჩაის კოვზი ბალახი 200 მილილიტრ წყალზე. შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღისა. დააყენეთ 20 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

აბზინდისა და სალბის ფოთლების ნახარში: აიღეთ თანაბარი წონითი რაოდენობით აბზინდის და სალბის ფოთოლი. 20 გრამ ნედლეულს დაასხით 400 მილილიტრი წყალი და ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 2-3 საათში ერთხელ ჭვალის დროს. მოიშორებთ მეჭეჭებს, თუ ყოველდღე აბზინდას მაგარ ნაყენს ან ნახარშს წაისვამთ.

აბზინდა და ბეგქონდარა შეურიეთ ერთმანეთს 1:4-ზე თანაფარდობით. 15 გრამ ნედლეულს დაასხით 300 მილილიტრი წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში, დააყენეთ 30 წუთი, გაწურეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე. მკურნალობის კურსი 2-3 თვეა.

ახლადმოწყვეტილი აბზინდის წვენით მოიბანეთ ჩირქოვანი ჭრილობები და წყლულები. თვალების ანთებისას გაიკეთეთ აბზინდის წვენის კომპრესი.

ღვიძლის დაავადებებისას კი მიიღეთ აბზინდის ბალახის ფხვნილი 0,2-0,5 გრამი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ან ჭამის დროს.

აბზინდას მალამო: 10 გრამ აბზინდას შესქელებული ექსტრაქტი შეურიეთ 100 გრამ მცენარეულ ზეთს ან ღორის ქონს. წაისვით ჭრილობებზე, წყლულებზე, მოყინულ ადგილებზე, დამწვრობებზე.

გაითვალისწინეთ: 18 წლამდე ასაკის მოზარდებმა აბზინდა არ გამოიყენონ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი. თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. თუ გამოყენების დროს აღინიშნა რაიმე უკუჩვენება, სასწრაფოდ შეწყვიტეთ მისი გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი