ბელადები

სტალინი სახელმწიფო სტანდარტებს ღირსებასთან აიგივებდა

№16

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 29.04, 2021 წელი

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინს მავანნი ჰომოფობიაში სდებენ ბრალს, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. უბრალოდ, მას მიაჩნდა, რომ საბჭოთა ხალხი უკეთეს ცხოვრებას იმსახურებდა, რაც მათ ღირსებაზეც დადებითად აისახებოდა. ეს კი ნამდვილად შესაძლებელი იყო, უბრალოდ, ამისთვის ხელმძღვანელობასაც და ხალხსაც დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა. 

პირველი, რისი გაკეთებაც დაისახა მიზნად, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის აღორძინება იყო. უზარმაზარ სამშობლოში იმდენი რესურსი იყო, რომ საზღვარგარეთული პროდუქციის მასობრივი იმპორტი კი არ უნდა განეხორციელებინათ, არამედ თავადვე ეწარმოებინათ ისეთი მაღალხარისხიანი, კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რომელიც ექსპორტზე გავიდოდა და ქვეყანაში დიდძალ ვალუტას მოიზიდავდა.

ისტორიკოს-პუბლიცისტი გალინა სტაროსტინა წერს: „სტალინს უბრალო სქემა ამოძრავებდა – ის ხალხის საკეთილდღეოდ იღვწოდა. მას მიაჩნდა, რომ კეთილდღეობა ღირსების გარეშე არაფერს წარმოადგენდა და რომ ეს ღირსება აბსოლუტურად ყველაფერში უნდა გამოვლენილიყო. ამ გამოვლინების ერთ-ერთი ქვაკუთხედი, სწორედ, სახელმწიფო სტანდარტის დაწესება იყო აბსოლუტურად ყველანაირ პროდუქციაზე და განსაკუთრებით საკვებ პროდუქტებზე.

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „მთავრობის თავმჯდომარედ სულ რაღაც ორი საათის დანიშნული ვიყავი. სტალინმა თავის კაბინეტში დამიბარა და მითხრა:

– პრინციპში, მუშაობის შენი გეგმა მისაღებია, მაგრამ მას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ აკლია და სასწრაფოდ უნდა ჩაამატო, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს.

– რას გულისხმობ, კობა? – ვკითხე სტალინს.

– ლაპარაკი მაქვს ხარისხზე. ანუ ჩვენთან წარმოებული ყველა პროდუქცია უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს და სახელმწიფო სტანდარტების შემოღებაა საჭირო, – მითხრა სტალინმა.

მეორე დღიდანვე შევქმენით კომპეტენტური კომისია და სულ რაღაც ერთი თვის განმავლობაში საბჭოთა კავშირში ყველანაირ პროდუქციაზე სახელმწიფო სტანდარტი დაწესდა და მათ უკვე მყარი, უცვლელი ფასი დაედო. საბჭოეთში წარმოებული პროდუქცია მსოფლიო სტანდარტებს მნიშვნელოვნად სჯობდა და ჩვენთან ჩამოსული უცხოელები ერთსულოვნად აღნიშნავდნენ, რომ საბჭოეთში საუკეთესო პროდუქცია და საკვები პროდუქტები იყიდებაო...“

სტალინის მიერ დაწესებული სტანდარტები ხარისხს მეოცე საუკუნის სამოციან წლებამდე ინარჩუნებდა, მაგრამ უგერგილო მმართველებმა ყველაფერი ჩააფლავეს – ჯერ ყველაფრის ხარისხი დაეცა, შემდგომ კი საბჭოთა პროდუქცია მსოფლიოში დასაცინი გახდა.

აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი: „სტალინური უმაღლესი სტანდარტების პარალელურად, ბელადმა სხვა, განსაკუთრებული სტანდარტებიც შემოიღო. კონკრეტულად კი სტალინის განსაკუთრებული ბრძანებით ნავთობპროდუქტები, ხე-ტყე, ქვანახშირი და სხვა სტრატეგიული ნედლეული, მხოლოდ და მხოლოდ, ოქროზე იცვლებოდა. ხაზს ვუსვამ, ვალუტაზე კი არ იყიდებოდა, არამედ ოქროზე იცვლებოდა. ამით კი ქვეყანა მდიდრდებოდა. გარდა ამისა, ოქროს, სხვა ძვირფასი მეტალებისა და ძვირფასი თვლების ქვეყნიდან გატანა-გაყიდვა სასტიკად იყო აკრძალული და ამ კანონის დამრღვევი უმკაცრესად ისჯებოდა. ნიშანდობლივი, ხაზგასასმელი ფაქტია, რომ სტალინის მმართველობის პერიოდში საბჭოთა კავშირის ოქროს მარაგი გასამმაგდა, ხოლო ძვირფასი და განსაკუთრებულად ძვირფასი ქვების მარაგი კი გაორმაგდა...“

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ სტალინური მმართველობა სიმკაცრით, ზოგჯერ სისასტიკითაც კი იყო გამორჩეული, მაგრამ ქვეყანა მდიდრდებოდა. ხალხის ცხოვრების დონე მაღლდებოდა და საბჭოთა ადამიანიც ღირსებით ივსებოდა. ნიშანდობლივია, რომ უმძიმესმა ომმაც კი ვერ გაასწორა მიწასთან სტალინური სახელმწიფო და ბელადმა უმოკლეს დროში ქვეყანა ხალხს ფერფლიდან აღადგენინა. გააკეთა ატომური ბომბი და ხალხმა წესიერი, ნორმალური და ღირსეული ცხოვრებისკენ დაიწყო სვლა.

სხვათა შორის, სწორედ, სტალინის გენერალური გეგმა იყო საბჭოეთის მოქალაქეთა ინდივიდუალური საცხოვრებლებით უზრუნველყოფა. მოგვიანებით ამ იდეით ხრუშჩოვმა ისარგებლა და სახლებს, რომლებიც დღემდე ფუნქციონირებს, „ხრუშჩოვკები“ შეარქვეს... აქ ერთი შესწორებაა შესატანი – ეგრეთ წოდებული, „ხრუშჩოვკის“ ტიპურ პროექტებში პირადად ხრუშჩოვმა შეიტანა შესწორება – კორპუსები აგურის ნაცვლად ბეტონის ფილებით აშენდა, ოთახები კი ძალიან პატარა და ზედმეტად დაბალჭერიანი გამოვიდა. სტალინურ პროექტებში კი, რომლებიც აგრეთვე, პირადად სტალინმა მოიწონა, ბინები უფრო ფართო, ჯანსაღი და ლამაზი იყო.

ერთი სიტყვით, სტალინი ხარისხს (ამ შემთხვევაში ბინების ხარისხი) ასევე, ღირსებასთან აიგივებდა და მიაჩნდა, რომ საბჭოთა ხალხს ანგლო-ამერიკული ან სხვა მოწინავე ქვეყნების მოქალაქეებზე ნაკლებად არ უნდა ეცხოვრათ... მოსკოვის ცენტრში აშენებული, ეგრეთ წოდებული, „სტალინური ცათამბჯენებიც“ სტალინს ქვეყნის ღირსებად მიაჩნდა, რომ არაფერი ვთქვათ მოსკოვის მეტროს სტალინის დროინდელ სადგურებზე, რაც ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენს...

ასე რომ, „დიქტატორი“ სტალინი ყველა სფეროში ცხოვრების უმაღლეს ნორმებს ამკვიდრებდა და ყოველივე ეს უბრალო, მშრომელი ხალხისთვის კეთდებოდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი