ბელადები

სტალინი ფინეთთან მოგებულ ომს წაგებულად მიიჩნევდა

№25

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 01.07, 2021 წელი

სტალინის შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ძალიან გაწონასწორებული ადამიანი იყო და თავისი ემოციების შეკავება შეეძლო. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც თვით საბჭოთა ბელადსაც უჭირდა მოჭარბებული ემოციების შეკავება და მტრისას, ვისაც მისი რისხვა დაატყდებოდა თავს... პუბლიცისტი იოლანტა პეტერსონი წერს: „საბჭოთა კავშირ-ფინეთის 104-დღიანი ომი მსოფლიო ისტორიაში შევიდა, როგორც უპრეცედენტო წინააღმდეგობა პატარა სახელმწიფოს მხრიდან იმპერიული მონსტრის მიმართ. მართალია, საბჭოეთმა ეს დაპირისპირება მოიგო და მიიღო კიდეც, რასაც ითხოვდა, მაგრამ ისეთი გრანდიოზული დანაკლისი განიცადა, რომ ასეთი რამ ვერავის წარმოედგინა. პირადად სტალინი კი ამ ომს წაგებულად მიიჩნევდა და ამას იმით ხსნიდა, რომ საბჭოეთმა თითქმის ათჯერ მეტად დაზარალდა, ვიდრე წაგებული ფინეთი... ოფიციალური მონაცემებით, ამ ომში ფინეთმა 25 ათასი მებრძოლი დაკარგა. საბჭოთა კავშირმა კი – 230 ათასი. არადა, ფინეთის მოსახლეობა მაშინ 5 მილიონი იყო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ვიაჩესლავ მოლოტოვი ცნობილ, ტაბუირებულ ტელეინტერვიუში ამბობდა: „სტალინი ძალიან იშვიათად კარგავდა საკუთარი თავის ფლობის უნარს. ხოლო, როდესაც მას ფინეთის ომის შედეგები დაწვრილებით გააცნეს, სასწრაფოდ გამოიძახა კლიმენტი ვოროშილოვი თავის კაბინეტში და ჩემი და ბერიას თანდასწრებით, მას ისეთი დღე აყარა, რომ კლიმმა (ასე ეძახდნენ ვოროშილოვს მეგობრები, მათ შორის, სტალინიც, რომელმაც შეარქვა კიდეც ეს სახელი), ალბათ, ათი ლიტრი ოფლი დაღვარა. და რომ არა ჩვენი (უფრო – ბერიასი) თხოვნა, ვოროშილოვი სტალინის კაბინეტიდან ლუბიანკაზე გადაინაცვლებდა, რასაც სტალინი ითხოვდა კიდეც. ეს სცენა კი ასე გათამაშდა: ვოროშილოვს სტალინის კაბინეტში პოსკრებიშევი შემოუძღვა და მაშინვე გავიდა. კლიმს სახე ჰქონდა გაფითრებული. მან იცოდა, რისთვისაც იბარებდა სტალინი. მართალია, ისინი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, ერთად ბევრი ჭირ-ვარამი ჰქონდათ გადატანილი, მაგრამ სტალინი ფიასკოს არავის პატიობდა და ვოროშილოვმა ეს ყველაზე უკეთ უწყოდა. სტალინმა ახალმოსულს შეხედა და ირონიით უთხრა:

– რაო, მარშალო ვოროშილოვ, აქ მოსვლის წინ ცარცი წაისვი სახეზე?

ვოროშილოვი კიდევ უფრო გაფითრდა, სიტყვა ვერ დაძრა და მხოლოდ თავი გააქნია. სტალინმა კი გაამწვავა:

– სახეზე ისეთი თეთრი ხარ, როგორც ფინური თოვლი. რა თავს აქნევ, სიტყვას ვერ ძრავ?

ვოროშილოვმა მთელი ძალები მოიკრიბა და მიუგო:

– ვერა, „კობა“...

– იმიტომ ხომ არა, რომ ოფიციალურად მოგებულ ომში ფინეთმა 25 ათასი, ხოლო ჩვენ კი ათჯერ მეტი მებრძოლი დავკარგეთ? თქვი, გისმენ, – უთხრა სტალინმა კლიმს.

– ფინელები დიდი თავგანწირვით იბრძოდნენ, კობა. არც ჩვენ ვაკლებდით, მაგრამ ყინვამ და მოულოდნელობამ თავისი ქნა, – თქვა ვოროშილოვმა.

შემდგომ სტალინმა ვოროშილოვის მიმართ ისეთი სიტყვები გამოიყენა, რაც მისგან არც მანამდე და არც შემდეგ არ მსმენია. ამ სიტყვებს სტალინი ხან რუსულად წარმოთქვამდა, ხან ქართულად. თან, ბერიას მრავალმნიშვნელოვნად გადახედავდა ხოლმე. ვოროშილოვი ნირწამხდარი იდგა და მუხლები ეკეცებოდა. სტალინმა პაუზა გააკეთა და ბერიას ქართულად უთხრა, რაც ყველასთვის გასაგები იყო:

– შენთან წაათრიე ეს უვიცი და ზედმიწევნით გამოიძიე, ვისი „შპიონიაო“.

სიტყვა „შპიონი“ სტალინმა შეგნებულად რუსულად თქვა. კლიმი აცახცახდა და თეთრზე თეთრი გახდა. ბერიამ კი სტალინს მუდარით უთხრა:

– ამხანაგო სტალინ, იქნებ, ამხანაგ ვოროშილოვს გამოსწორების შანსი მივცეთ. მართალია, მან დააშავა, მაგრამ ყველაფერი მისი ბრალი ხომ არაა.

მე მართალია, ქართული ცუდად მესმოდა, მაგრამ ყველაფერს მივხვდი და სტალინს ვუთხარი:

– კობა, გთხოვ, კლიმს შეუნდო. ლავრენტი პავლოვიჩი მართალია. ყველაფერი კლიმის ბრალი არ იყო და მიეცი გამოსწორების შანსი.

სტალინმა ანთებული თვალებით შემოგვხედა მე და ბერიას. შემდეგ ჩიბუხი დატენა და გააბოლა. ამ პროცედურამ 5 წუთს გასტანა. რადგან სტალინი ძალიან ნელა აკეთებდა ამას და აშკარა იყო, ფიქრობდა, რა ექნა. ბოლოს კი კლიმს ზურგი შეაქცია და მე და ბერიას გვითხრა:

– რადგან საკუთარ თავზე იღებთ კლიმის პასუხისმგებლობას, იყოს, როგორც თქვენ გსურთ. წავიდეს. იმუშაოს, მაგრამ ოდნავ მაინც რომ დაუცდეს ფეხი, სამივე პასუხს აგებთ.

ერთი სიტყვით, სტალინი დამშვიდდა და სამივე კაბინეტიდან დაგვითხოვა. როგორც კი მისაღებში გავედით, კლიმი მე და ბერიას მოგვიბრუნდა და ჩაგვეხუტა.“

სტალინმა ვოროშილოვი კიდევ ცოტა ხანს გააჩერა სამხედრო მინისტრის პოსტზე და სამხედრო რეფორმა დააწყებინა. შემდგომ კი მოხსნა თანამდებობიდან, მაგრამ აღარ შეურისხავს. თუმცა, ძალზედ ხშირად ახსენებდა ხოლმე ფინურ ბატალიებს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი