ბელადები

სად და ვინ შეიფარა 1908 წელს კატორღიდან გაქცეული სტალინი

№17

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 06.05, 2021 წელი

სტალინის შესახებ
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინის შესახებ მსოფლიოს ბეჭდვით ორგანოებში ყველაზე მეტია დაწერილი და მისი ბიოგრაფია სკურპულოზურადაა გამოკვლეული, საბჭოთა ბელადის რევოლუციური მოღვაწეობის ადრეული პერიოდი შედარებით ნაკლებადაა ცნობილი ფართო საზოგადოებრიობისთვის, თუმცა ახლა საიდუმლო არქივებიდან თანდათან ხდება ტაბუირებული დოკუმენტების გამომზეურება.

ისტორიის დოქტორი ვლადისლავ პოლიანსკი წერს: „საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ იოსებ სტალინს სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული და იმის მიუხედავად, რომ სასულიერო სემინარია ვერ დაამთავრა, ის საფუძვლიანად იცნობდა ამ სფეროს. არც ისაა საიდუმლო, რომ სტალინს შესანიშნავი სასიმღერო ხმა და სმენა ჰქონდა და რომ ის ბავშვობაში საეკლესიო გუნდში გალობდა. არც რევოლუციონერ „კობას“ კატორღებიდან მრავალჯერადი გაქცევებია ვინმესთვის საიდუმლო. მაგრამ, ალბათ, თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანმა თუ იციან რა მოხდა 1908 წლის მეორე ნახევარში, როდესაც სტალინი კიდევ ერთხელ გაიქცა ციმბირის კატორღიდან.

ძველი ბოლშევიკი ფილიპე მახარაძე იხსენებდა: „1907 წლის 26 ივნისის თბილისური ექსპროპრიაციის შემდეგ იმპერიული ჟანდარმერია და „ოხრანკა“ გამწარებული იყო და ჩვენ რევოლუციონერ-იატაკქვეშელებს გაასმაგებული გააფთრებით გვეძებდა. „ოხრანკამ“ მაშინ თითქმის ყველა მონაწილე დააპატიმრა. მართალია, სტალინს ამ აქციასთან არავითარი შეხება არ ჰქონია, მაგრამ „ოხრანკა“ მასაც ეძებდა და ის 1908 წლის დასაწყისში გამცემის მეშვეობით დააპატიმრეს და ტამბოვის გუბერნიაში გადაასახლეს. სტალინმა იქ სულ ორიოდე თვე დაჰყო და მისთვის ჩვეული გამბედაობით, უკვე მერამდენედ დააღწია თავი საპყრობილეს. თებერვალი იწურებოდა, მაგრამ იმ მხარეში მეტრამდე თოვლი იდო და ყინვები 30 გრადუსს აღწევდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ „ოხრანკა“ ძალიან გააქტიურდა, რადგან იქ ბევრი რევოლუციონერი გადაასახლეს. კაზაკები და ჟანდარმები ყოველი ფეხის ნაბიჯზე გხვდებოდნენ. საბუთებს ამოწმებდნენ და ყველა საეჭვო გამვლელი პოლიციაში მიჰყავდათ პიროვნების დასადგენად. ერთი სიტყვით, სტალინს თოვლის, ყინვისა და ჟანდარმების გამო გასაქცევი არსაით ჰქონდა. მართალია, მან მაინც მოახერხა და ასეთ საშინელ პირობებში 70 კილომეტრი გამოიარა, მაგრამ ქალაქ ტამბოვში ჩარჩა. იქ კი ის არავის იცნობდა და იძულებული გახდა, ფანდისთვის მიემართა. ეს ფანდი კი ეკლესიისთვის თავის შეფარება იყო“.

ტამბოვში 1908 წელს, ანუ მაშინ, როდესაც წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში სტალინი მივიდა (ეს ტაძარი 1924 წელს დაანგრიეს ტროცკის მითითებით), ეკლესიის წინამძღოლი 36 წლის მამა ნიკოლოზი იყო (ნიკოლოზ ბოგდანოვი). დევნილი სტალინი თებერვლის სუსხიან საღამოს სწორედ წმიდა ნიკოლოზის ეზოში შევიდა და წინამძღოლს თავი სალოს ბერად გააცნო და უთხრა, რომ სერაფიმედ იყო წოდებული.

წინამძღოლმა სტალინი შეიფარა, ტრაპეზზეც მიიწვია და შესთავაზა, რომ დროებით მაინც დარჩენილიყო ტაძარში მანამდე, სანამ არ დათბებოდა. სტალინის მიზანიც ეს იყო და 1908 წლის მარტიდან აგვისტომდე, ანუ მთელი ექვსი თვის განმავლობაში წმიდა ნიკოლოზის ტაძარში არა მარტო ცხოვრობდა, არამედ მოღვაწეობდა კიდეც. ამ ხნის განმავლობაში სალოსი სერაფიმე, სინამდვილეში კი, ძებნილი კატორღელი „კობა“ (სტალინი), ტაძრის წინამძღოლს ნათლობაში და წირვა-ლოცვაში ეხმარებოდა. თავადაც ატარებდა ნათლობასა და წირვა–ლოცვებს. გალობდა ტაძრის მგალობელთა გუნდში, რომელიც თავადვე ჩამოაყალიბა.

იმავდროულად, დიდი კონსპირატორი სტალინი რევოლუციურ იატაკქვეშა საქმიანობასაც ახერხებდა. მან კავშირების დამყარება მოახერხა გუბერნიაში გაფანტულ კოლეგებთან. ხოლო 1908 წლის 29 აგვისტოს კი, ასევე, გადასახლებაში მყოფ ფელიქს ძერჟინსკისთან ერთად თავი დააღწია ტამბოვის გუბერნიას და ისინი პეტერბურგში ჩავიდნენ.

მოგვიანებით, უკვე „ჩეკას“ ხელმძღვანელი, ფელიქს ძერჟინსკი თავის ხელქვეითებს უყვებოდა, თუ როგორ წარუდგინეს თავი მან და მაშინ ჯერ კიდევ „კობამ“ კაზაკების პატრულს სასულიერო პირებად. ძერჟინსკი ამბობდა: „მე და სტალინი, წვერმოშვებულები, ანაფორებში ვიყავით გამოწყობილი. სტალინი ვითომ მღვდელი იყო, მე კი – მისი მორჩილი. კაზაკებს საბუთებიც კი არ მოუთხოვიათ, რაც არც გაგვაჩნდა და გამომშვიდობებისას „მამაომ“ (სტალინმა) ისინი დალოცა, ჯვარს ამთხვია და გაისტუმრა“.

სხვათა შორის, როდესაც ტროცკის მეთაურობით ტამბოვის წმიდა ნიკოლოზის ტაძარი მიწასთან გაასწორეს, მისი წინამძღოლი დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკში უკრეს თავი, სტალინი უკვე გენერალური მდივანი იყო და ტროცკისთან და მის მომხრეებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდა. 1926 წელს სტალინმა თავისი სიმამრისგან, სერგო ალილუევისგან შეიტყო, რომ 2 წლის წინ ტროცკიმ ტამბოვის ტაძარი დაანგრევინა და მისი წინამძღოლი დააპატიმრა. სტალინმა მაშინვე ძერჟინსკის დაურეკა და დაპატიმრებული წინამძღოლის მოძებნა და თუ ცოცხალი იყო, მისი გათავისუფლება დაავალა. მამაო ცოცხალი აღმოჩნდა და გაათავისუფლეს. სტალინმა თავისი მფარველი მოძღვარი მოსკოვში ჩაიყვანა და ის სიკვდილამდე დედაქალაქის ეკლესიაში მსახურობდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი