ბელადები

სად და რატომ ჩამოაყალიბა ბერიამ აგენტ-უნივერსალთა საიდუმლო სკოლა

№26

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 11.07, 2021 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია ფენომენური პიროვნება იყო. მისი მრავალმხრივი ნიჭი ყველა სტრატეგიულ სფეროში გამოვლინდა და მისმა ორგანიზატორულმა სადაზვერვო გენიამ ისეთი განტოტვილი, უძლიერესი სისტემა შექმნა, რომელიც დღემდე ქმედითუნარიანია და კაცობრიობისთვის დიდი სარგებელიც კი მოუტანია... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი საველი ინოკენტოვი წერს: „ბერია პრაგმატული პიროვნება იყო და ხატოვნად რომ ვთქვათ, იმ დიდი, ნაყოფიერი ხის ნერგებს, რომელსაც უხვი მოსავალი უნდა მოეტანა, ძალიან ადრე რგავდა. ბერია, ისევე როგორც ჭადრაკის ყველაზე სახელგანთქმული გროსმაისტერები, მრავალი სვლით წინ იხედებოდა. მეტიც – ამ დიდოსტატებისგან განსხვავებით, ბერიას ბევრად უფრო კომპლექსური, მრავალპლანიანი მოქმედების უნარი ჰქონდა და მსოფლიოში მას ამ კუთხით ვერავინ შეედრებოდა. გენერალი პავლე ფიტინი იხსენებდა: „ლავრენტი პავლეს ძე ბერია რომ საკავშირო უშიშროების ხელმძღვანელი გახდა, მას უკვე გრანდიოზული გამოცდილება ჰქონდა ამ სფეროში. როგორც ბოლშევიკური იატაკქვეშეთის მოძრაობის დროს, ასევე შემდგომ პერიოდში. ამიტომ, სულაც არ იყო საკვირველი, რომ პატარა საქართველოს უშიშროების სამსახური საუკეთესო იყო საბჭოთა კავშირში. მას ხომ ბერია ხელმძღვანელობდა და სტალინმა ტყუილად როდი დააწინაურა ის...“

საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში უშიშროების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბერიამ, რომელიც 30 წლისაც არ იყო, ისეთი ინსტიტუციები ჩამოაყალიბა ამ სფეროში, რაც მანამდე არსად ყოფილა. პირველ რიგში, ბერიამ მენტალური კუთხით იმუშავა და სტრატეგიული განვითარების გეგმა პირადად შეიმუშავა. შემდგომ მან ამ სტრუქტურების შევსება დაიწყო და კონტინგენტსაც თავად არჩევდა.

ერთი სიტყვით, ახალგაზრდა გენიოსმა ისე ნაყოფიერად იმუშავა, რომ მისი ნაღვაწი უზარმაზარი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი გახდა. ახლა ვთქვათ, თუ რა გააკეთა ბერიამ, რომელსაც მისი ასაკიდან და თანამდებობიდან გამომდინარე, შეიძლება, „ნორჩი“ ვუწოდოთ. მან თბილისის მახლობლად, კოჯორში ააშენებინა ტყით შენიღბული მიწისქვეშა პატარა ქალაქი. იქ პირადად ლავრენტი ბერიას მიერ შერჩეულ კონტინგენტს ძალიან ცნობილი პედაგოგები (მათ გაუთქმელობის ხელწერილი ჰქონდათ დადებული) აბსოლუტურად ყველაფერს ასწავლიდნენ – ტანვარჯიშით დაწყებული, კლასიკური ფილოსოფიით დამთავრებული. ეს იყო სტრატეგიული აგენტ-უნივერსალთა ყველაზე გასაიდუმლოებული სტრუქტურა. მთელ ამ საქმეში მთავარი ის იყო, რომ სკოლის კურსდამთავრებულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იგზავნებოდნენ. აქ ისინი კარიერულად წინ მიიწევდნენ და მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. ჩავარდნის ნებისმიერი ვარიანტი რომ გამორიცხულიყო, მათ კლასიკური მეკავშირე არ ჰყავდათ.

მათი ამოცანა იყო სტრატეგიული ინფორმაციების მოპოვება, ანალიზი და კრიტიკულ სიტუაციებში მყისი მოქმედება, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად. ანუ, ამ ადამიანებს შეეძლოთ, დაუყოვნებლივ გაეწირათ თავი, თუკი ამას შექმნილი მდგომარეობა მოითხოვდა. თბილისის (კოჯრის) აგენტ-უნივერსალთა სკოლა „პირველი მერცხალი“ იყო ამ საქმეში. შემდგომ კი, როდესაც ბერია საკავშირო უშიშროების ხელმძღვანელი გახდა, ასეთი სკოლები გაიხსნა მოსკოვის მახლობლად (ბალაშიხაში), კიევში, მინსკსა და ვლადივოსტოკში. საგულისხმო და ნიშანდობლივი ფაქტია ის, რომ ბერიას მიერ შექმნილმა ამ ინსტიტუტმა ფუნქციონირება არც ბერიას სიკვდილის მერე შეწყვიტა. მაგალითად, სწორედ, ამ აგენტი-უნივერსალების წყალობით იქნა დროულად აღმოფხვრილი „კარიბის კრიზისი“ და სწორედ, მათ აღკვეთეს მესამე მსოფლიო ომი და არ დაუშვეს ატომური კატასტროფა. საინტერესო ფაქტია ის, რომ თუკი ხრუშჩოვი კუბიდან ატომური რაკეტების გატანაზე იტყოდა უარს, ერთ-ერთ ასეთ აგენტ-უნივერსალს, რომელიც კრემლში მუშაობდა, ხრუშჩოვი ფიზიკურად უნდა გაენადგურებინა. თუმცა, ეს საჭირო აღარ გახდა, მაგრამ ორი წლის შემდეგ რომ ხრუშჩოვს მისმა ხელქვეითებმა შიდა გადატრიალება მოუწყვეს, ამაში ლომის წილი, სწორედ, ამ ხალხს მიუძღოდათ.

შეიძლება, ბედის ირონიადაც მივიჩნიოთ ეს ფაქტი და ვთქვათ, რომ ხრუშჩოვის მოცილება ქვეყნის მართვის „პულტიდან“ ბერიას მიერ აღზრდილი ხალხის ხელშეწყობით ერთგვარი შურისძიება იყო ბერიას მკვლელობის გამო... ამ ადამიანებმა ბერიას სიცოცხლეშივე ბევრი გააკეთეს და მათი დამსახურებაა ის, რომ მოიპოვეს ინფორმაცია ფაშისტების მიერ გადამალული, ნაძარცვი ქონების დიდი ნაწილის შესახებ და ყველაფერი მოსკოვში ჩაიტანეს. ყველაზე მთავარი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ხალხი (მათი საქმის გამგრძელებლები) დღესაც ნაყოფიერად მუშაობენ. ბერიას სტრატეგიული გათვლა, რომელიც მან 90 წლის წინ გააკეთა დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, ბევრად უფრო აქტუალურია და თვალნათლივ ადასტურებს იმას, თუ რა გაქანების ადამიანი იყო ბერია და რა სარგებელი მოუტანა მან კაცობრიობას.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი