ბელადები

რომელი ცნობილი საბჭოთა იარაღის „ნათლიაა“ სტალინი

№47

ავტორი: ნიკა ლაშაური 16:05 23.11, 2020 წელი

საბჭოთა იარაღი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი მრავალმხრივი ადამიანი იყო და შესაბამისად, მისი ინტერესების სფეროც აბსოლუტურად ყველა ცხოვრებისეულ დარგს მოიცავდა... ისტორიის დოქტორი ედუარდ ფრეინდლიხი წერს: „სტალინი უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანი არ ყოფილა, მისი ასეთი ცნობისმოყვარეობა სახელმწიფოებრივი აუცილებლობით იყო განპირობებული. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ საბჭოთა ბელადის ცნობისმოყვარეობას ამაგრებდა ღრმა ცოდნა ყველა იმ სფეროში, რითაც ინტერესდებოდა ხოლმე. ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ბერია წერდა: „სტალინი გენიალური მმართველი იყო და ეს საქმე უმაღლესი პოლიტიკური ხელოვნების რანგში ჰქონდა აყვანილი. მისი ინტერესების სფერო მრავლისმომცველი გახლდათ, აინტერესებდა ყველაფერი, რაც სახელმწიფოს სიძლიერეს გამოადგებოდა. რა თქმა უნდა, სტალინი დიდად იყო დაინტერესებული სამხედრო შეიარაღებითაც და ამ ინტერესს ცოდნით იღრმავებდა. სტალინს ფუნდამენტური ცოდნა ჰქონდა ყველა სახის იარაღზე და ამ ცოდნას ის იღებდა როგორც წიგნებიდან და სამხედრო დოკუმენტაციიდან, ასევე, უშუალოდ იმ ადამიანებისგან, ვინც ამ იარაღს ქმნიდა. სტალინს ვერ მოატყუებდი, ვერ გააცურებდი და მან ისეთი პროფესიონალური შეკითხვების დასმა იცოდა, რომ იარაღის შემქმნელი კონსტრუქტორები გაოცებულები რჩებოდნენ. მე საბჭოთა სარაკეტო სისტემების შექმნაზე ვმუშაობდი. მაშინ პავლე ნიკოლოზის ძე კუსენკოს საკონსტრუქტორო ბიუროში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს ვქმნიდით (ამისთვის ჩვენ სტალინური პრემია მივიღეთ), როდესაც ერთ დღეს წინასწარი შეტყობინების გარეშე, სტალინი გვეწვია, ისეთი ინსპექტირება ჩაგვიტარა, ისეთი კითხვები დაგვისვა და ისეთი ცოდნა გამოამჟღავნა ჩვენს სფეროში, რომ ძალიან გაკვირვებულები დავრჩით. პავლე ნიკოლოზის ძემ კი კარგ გუნება-განწყობაზე მყოფ სტალინს შეჰბედა და ჰკითხა:
– ბოდიში, ამხანაგო სტალინ, მაგრამ თქვენ ჩვენს სფეროში სპეციალური განათლება ხომ არ მიგიღიათ?
სტალინს გაეცინა. თავი გააქნია და მიუგო:
– არა, ამხანაგო კონსტრუქტორო, ჩემი სპეციალური განათლება დაუმთავრებელი სასულიერო სემინარიით შემოიფარგლება. სხვადასხვა სპეციფიკური ცოდნის მიღებას კი ჩემი თანამდებობა მავალებსო. 
რაც მართალია, მართალია, სტალინი უნიჭიერესი ადამიანი იყო და ყველაზე რთულ, სპეციფიკურ საგნებსაც ადვილად ითვისებდა...“
რა თქმა უნდა, იოსებ სტალინის დამსახურებაა უძლიერესი საბჭოთა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შექმნა, რომელიც დღემდე ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. განა ტყუილად თქვა უინსტონ ჩერჩილმა – სტალინმა გუთნიანი რუსეთი ჩაიბარა და თერმობირთვული ქვეყანა დატოვაო... ალბათ, ბევრმა არც კი იცის, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ყველაზე დიდტირაჟიანი ცეცხლსასროლი იარაღი – ავტომატი „კალაშნიკოვი“, სტალინის უშუალო ძალისხმევით გახდა ასეთი პოპულარული. როგორც უკვე ვთქვით, სტალინი ყველა სიახლით პირადად ინტერესდებოდა. ჯერ კიდევ 1945 წელს მოახსენეს ბელადს მიხეილ კალაშნიკოვის შესახებ, რომელიც თანამედროვე ტიპის ავტომატური იარაღის შექმნაზე 1943 წლიდან მუშაობდა. სტალინი 1946 წელს პირადად გაეცნო კალაშნიკოვს და ახალი იარაღის ნახაზები გულდასმით დაათვალიერა. ბელადმა კალაშნიკოვი ქალაქ იჟევსკის მოტოციკლეტების ქარხანაში გაგზავნა, რომ იქ გაეგრძელებინა მუშაობა. 1948 წელს კი „აკ 47-ის“ ათას ხუთასი საექსპერიმენტო პარტია შეიქმნა გამოსაცდელად, რომლებიც სხვადასხვა სამხედრო ნაწილში უნდა შეემოწმებინათ. თუმცა, პირველი გამოცდა თავად სტალინმა განახორციელა და 1948 წელს მოსკოვის მახლობლად მდებარე პოლიგონზე საკუთარი ხელით გამოსცადა ეს ავტომატი. ბელადს ეს ახალი იარაღი ისე მოეწონა, რომ სპეციალური ქარხნის აშენების ბრძანება გასცა. 1949 წელს კი მიხეილ კალაშნიკოვს სტალინური პრემია და წითელი ვარსკვლავის ორდენი მიანიჭა. თავად მიხეილ კალაშნიკოვი ასე იხსენებდა ამ ისტორიას: „პირველი ათას ხუთასი ავტომატი უკვე მზად იყო, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ მეორე დილით პოდმოსკოვიეში, კერძოდ კი, ბალაშიხაში უნდა მივსულიყავი, სადაც ჩვენს იარაღს გამოსცდიდნენ. ხოლო თუ ვინ იყო გამომცდელი, არ უთქვამთ. შევარჩიე ათიოდე ავტომატი და სპეცმანქანით ბალაშიხაში ჩავიტანე. დილის 10 საათი იყო, ავტომატები ჯერ კიდევ გადმოტვირთული არ გვქონდა, რომ თავისი მანქანით სტალინი მოვიდა. მან ჯერ ხელი ჩამომართვა, შემდეგ კი მითხრა:
– ამხანაგო კონსტრუქტორო, იმედია, რომ თქვენი „კალაშნიკოვები“ არ შეგვარცხვენსო.
ნიშანდობლივია, რომ ჩემს ავტომატს „კალაშნიკოვი“, სწორედ, სტალინმა შეარქვა... ერთი სიტყვით, სტალინი საქმის დიდი ცოდნით სცდიდა ჩემს იარაღს და ჩემდა გასაკვირად, იმის მიუხედავად, რომ მას ეს იარაღი პირველად ეჭირა ხელში, მიზანშიც საკმაოდ კარგად ისროდა...“
მოგვიანებით სტალინის მიერ გამოცდილი იარაღი მთელმა მსოფლიომ აღიარა, ქვეყანა (რუსეთი) კი მისი გაყიდვით დღემდე დიდ მოგებას იღებს“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი