ბელადები

როგორი ურთიერთობა ჰქონდათ სტალინსა და ათათურქს

№26

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 08.07, 2021 წელი

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინს 24 წელიწადი იატაკქვეშა რევოლუციურ საქმიანობაში აქვს გატარებული და 14 წლის ასაკიდან 38 წლამდე (1893–1917 წლები), ფაქტობრივად, აბსოლუტური არალეგალი იყო, ის მაინც ახერხებდა როგორც საკუთარ თავზე მუშაობას და ფართო თვითგანათლების მიღებას, ასევე ისეთი საერთაშორისო სანაცნობო-საახლობლო წრის შექმნას, რომელიც მას შემდგომში სახელმწიფო საქმიანობის სასურველად წარმართვაში დაეხმარა. 

ერთ-ერთი ასეთი საჭირო ნაცნობობა აკავშირებდა სტალინს მუსტაფა ქემალ-ფაშასთან, იგივე ათათურქთან... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ანატოლი რივკინი წერს: „მომავალმა საბჭოთა ბელადმა და მომავალმა თურქების მამამ ერთმანეთი 1896 წელს ქალაქ მონასტირში (დღესდღეობით ამ ქალაქს ბიტოლა ეწოდება და ჩრდილოეთ მაკედონიას ეკუთვნის) გაიცნეს. 15 წლის ქემალი სამხედრო სკოლის პირველკურსელი იყო, პარალელურად კი, გიორგი გურჯიევის „მედიტაციის წრის“ ლექციებს ესწრებოდა. გურჯიევს 17 წლის იოსებ ჯუღაშვილი ახლდა თან. სტალინმა და ათათურქმა, სწორედ, მაშინ გაიცნეს ერთმანეთი. მოგვიანებით, გიორგი გურჯიევის პირად დღიურებში აღმოაჩინეს სტალინისა და ათათურქის ნაცნობობის დამადასტურებელი ჩანაწერები (თავად ეს ჩანაწერები გურჯიევის სახლიდან 1949 წლის ოქტომბერში გაქრა, მას მერე, რაც გურჯიევი დაიღუპა და სავარაუდოდ, მათ სტალინის მითითებით „ენკავედე“ დაეუფლა. თუმცა, იმავე წელს ამ დღიურების მცირე ფრაგმენტი ფრანგულ პრესაში გამოქვეყნდა და სწორედ მასშია მოთხრობილი სტალინისა და ათათურქის შესახებ).

ორკვირიანმა ლექციებმა ქემალზე წარუშლელი კვალი დააჩნია და 15 წლის ბიჭმა ისეთი ინტენსიურობით დაიწყო საკუთარ თავზე მუშაობა (იოსების რეკომენდაციით), რომ მან მომავალში თანამედროვე თურქული სახელმწიფო შექმნა... ნაცნობები (უკვე სტალინი და ათათურქი) ერთმანეთს 25 წლის შემდეგ, 1921 წლის 16 მარტს, მოსკოვში შეხვდნენ. ათათურქი დიდი ეროვნული კრების (იგივე პარლამენტი) თავმჯდომარე იყო. სტალინი კი – ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისარი. ამ დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს შორის მეგობრობის და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. განაწილდა ტერიტორიები ამიერკავკასიაში. საქართველოს ბათუმი და აჭარა ერგო, ხოლო დანარჩენი ძირძველი ქართული მიწები თურქეთს დარჩა. ეს იყო ლენინის სურვილი, რომელიც ძალაუფლებას ამაგრებდა, ნელ-ნელა საბჭოთა კავშირს ქმნიდა, რაშიც თურქეთთან პრობლემები ხელს შეუშლიდა.

მართალია, სტალინს სულაც არ ეპიტნავებოდა ლენინის ამგვარი ამიერკავკასიური პოლიტიკა, მაგრამ იმ მომენტში, ამ მხრივ, რაიმეს შეცვლა არ შეეძლო. მით უმეტეს, რომ ლენინს ტროცკი და მისი მომხრეები უჭერდნენ მხარს... მაშინ ათათურქი მოსკოვში დელეგაციის მხოლოდ წევრი იყო და სტალინთან თავის შეხვედრას ასე აღწერდა: „იოსებმა მაგრად ჩამომართვა ხელი და მითხრა: „თვალყურს ვადევნებ თქვენს მოღვაწეობას და თქვენი წარმატებები გულწრფელად მიხარია. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ხელშეკრულება მომავალში, ალბათ, კორექტირებას დაექვემდებარება...“ ცოტა არ იყოს, მეხამუშა, რომ სტალინმა თქვენობით მომმართა. მე თავდაპირველად მასთან შენობით მინდოდა მიმემართა, თუმცა გადავიფიქრე. თანაც მომეჩვენა, რომ ხელშეკრულების კორექტირების შესახებ სტალინის სიტყვები შეფარული მუქარა იყო და ამან საკმაოდ დამაფიქრა...“ ათათურქი საკმაოდ გამჭრიახი, ჭკვიანი ადამიანი იყო და ხვდებოდა, რომ როგორც კი სტალინი მეტ ძალას მოიკრებდა და ხელისუფლებას უფრო განიმტკიცებდა, აუცილებლად წაუყენებდა თურქეთს ტერიტორიულ პრეტენზიებს და თუკი ნებით არ მიიღებდა, ძალით წაართმევდა. ამიტომ, ათათურქმა შესანიშნავად გამოიყენა 30-იანი წლების მსოფლიო-პოლიტიკური ძალების ბალანსი – მას ერთი მხრივ, კარგი ურთიერთობა ჰქონდა სტალინთან, მეორე მხრივ, იგივე ურთიერთობები დაამყარა როგორც დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან, ასევე ჰიტლერთანაც... ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „მას მერე, რაც ათათურქმა ჰიტლერთან დაამყარა ურთიერთობა, რასაც სტალინი წინასწარმეტყველებდა, იოსებ ბესარიონოვიჩმა პირისპირ საუბრისას მითხრა:

– თურქების მამას (ასე მოიხსენიებდა სტალინი ათათურქს) ჰგონია, რომ ეს სიტუაცია მუდმივი იქნება და დიდ ომში თუ ჩაება, მას მერე, რაც ჰიტლერს დავაჩოქებთ, თურქეთსაც დავაბრუნებინებთ ჩვენს მიწებს...

თითქმის ყველაფერი ახდა, თუმცა ათათურქი მეორე მსოფლიო ომს ვეღარ მოესწრო – ის 1938 წელს გარდაიცვალა.

ნიშანდობლივია ისიც, რომ 1931 წელს საბჭოთა უშიშროებამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ თურქეთში მოქმედი სომეხი ნაციონალისტები ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ ათათურქის წინააღმდეგ – მისი მოკვლა უნდოდათ. ეს ინფორმაცია სტალინის ბრძანებით მიეწოდა თურქ ლიდერს და ის ტერაქტს გადაურჩა.

აშკარაა, რომ სტალინისთვის კარგი იქნებოდა, ათათურქი ცოცხალი ყოფილიყო, რადგან მასთან კომპრომისის გასაღებს ფლობდა და როდესაც თურქი ლიდერი გარდაიცვალა, საბჭოთა ბელადმა გულწრფელი სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა თურქეთის მთავრობას.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი