ბელადები

როგორი სოციალური პოლიტიკა შექმნა სტალინმა საბჭოეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

№45

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 17.11, 2022 წელი

საბჭოთა იარაღი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ნათელი გონების მქონე, თუმცა საკმაოდ მკაცრი მმართველი იყო. მაგრამ სიმკაცრე მას ხასიათში არ ჰქონდა, მას მხოლოდ იმ შემთხვევებში ავლენდა, როცა გონიერი განსჯისა და გადაწყვეტილებების შედეგად მიღებული კანონები ირღვეოდა.

აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი წერდა: „მეორე მსოფლიო ომმა საბჭოთა კავშირს უდიდესი დაღი დაასვა. გარდა წარმოუდგენელი ნგრევისა, ქვეყანამ უდიდესი ადამიანური მსხვერპლი გაიღო. ამ 20 მილიონზე მეტი დაღუპულიდან 95 პროცენტი მამაკაცი იყო და ისე მოხდა, რომ ომის დამთავრების შემდეგ ქალთა რაოდენობა თითქმის ორჯერ სჭარბობდა მამაკაცთა რიცხვს. არადა, ამ დანაკლისს შევსება სჭირდებოდა. ამიტომ, სტალინის ინიციატივით, 1946 წელს, საბჭოთა კავშირში გრანდიოზული სოციალური პროგრამა მიიღეს. ის რამდენიმე ფუნდამენტალურ პრინციპზე იყო დაფუძნებული. მთავარი კი, რაც ლაიტმოტივად გასდევდა ამ პროგრამას, საბჭოთა მოქალაქეების ჯანმრთელობისა და ცხოვრების დონის სწრაფი და ხარისხიანი ამაღლება იყო. პროგრამას შესაბამისი კანონმდებლობაც მიუსადაგეს. კონკრეტულად კი კატეგორიულად აიკრძალა აბორტები, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა (როდესაც ამას ექიმი დაადასტურებდა და შესაბამის დასკვნას შეადგენდა). დაინერგა მრავალშვილიანი ოჯახების წახალისების სისტემა. სამ შვილზე ოჯახს სახელმწიფო ფულად კომპენსაციასა და სპეციალურ სოციალურ ბარათს აძლევდა. სოციალური ბარათით ოჯახს ნახევარ ფასში შეეძლო შეეძინა პირველადი მოთხოვნილების პროდუქტები. ხოლო ყოველ მომდევნო ბავშვზე ოჯახს 5 ათას მანეთს უხდიდნენ. ვისაც 5 ბავშვი ჰყავდა, ამავე ბარათით, პირველადი მოთხოვნილების პროდუქტები უფასო იყო – პური, რძე, შაქარი, მარილი, მაკარონი და კარაქი. ამასთანავე, ასეთ ოჯახებს საცხოვრებლით აკმაყოფილებდნენ და სწორედ სტალინმა შექმნა, ეგრეთ წოდებული, სოციალური კორპუსები (საცხოვრებელი სახლები), რაც შემდგომში სხვებმა მიიწერეს საკუთარ თავზე“.

სტალინისვე მკაცრი მოთხოვნით, გაორმაგდა საბავშვო წლებში კვების რაციონი და ის პირადად სტალინმა შეადგინა მრავალი დარგის სპეციალისტებთან ერთად. ასევე, მიიღეს დადგენილება უდედმამო ბავშვების შვილად აყვანის შესახებ და ამას უმკაცრესი კრიტერიუმები დაედო საფუძვლად და სისტემატურად კონტროლდებოდა. ისედაც უფასო ჯანდაცვა კიდევ უფრო მეტად კვალიფიციურ საფეხურზე ავიდა. სკოლებში საბავშვო ბაღებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლე-სტუდენტობას და აღსაზრდელებს სავალდებულო აცრებს, ასევე, კომპლექსურ გამოკვლევებს უტარებდნენ. მცირედი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი მათ უფასოდ მკურნალობდნენ. ასეთივე სიტუაცია იყო ყველა საბჭოთა დაწესებულებაში და ხალხისთვის უამრავი კურორტი და სამკურნალო დაწესებულება აიგო, სადაც ხელმისაწვდომ ფასებში შეიძლებოდა სრულყოფილი დასვენება. საგზურებს კი ასეთ ადგილებში, ფაქტობრივად, უფასოდ აძლევდნენ მშრომელებსა და ბავშვებს. ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეები უმკაცრესი კანონით იყო დაცული და ვინც ამას დაარღვევდა, 25-წლიანი ციხე ელოდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ზოგიერთი დასავლელი პუბლიცისტი სტალინის სოციალურ პროგრამაში იმას, რომ ეს ყველაფერი ომში დახარჯული (დაღუპული) რესურსების შევსებას ემსახურებოდა, სიცრუედ მიიჩნევდა, ამბობდნენ, რომ თითქოს, სტალინი ამ ყველაფერს ლამაზად ფუთავდა. რესურსის აღდგენა კი საზარბაზნე ხორცად და ახალი მონების (ხალხის) გასამრავლებლად უნდოდა. ეს, ჩემი აზრით, სისულელეა. თუნდაც, იმიტომ, რომ სტალინის ამ პროგრამამ დიდი კეთილდღეობა მოუტანა საბჭოთა მშრომელ ადამიანს, პატიოსან კაცს და ამით ყველამ იხეირა. საგულისხმო ფაქტია, რომ ომში დაკარგული, ეგრეთ წოდებული, „რესურსი“, სტალინმა სულ რაღაც 6 წელიწადში შეავსო და გააორმაგა. როგორც ხედავთ, ფანტასტიკური შედეგია და ეს სიკეთე სწორედ სტალინის, ერთი მხრივ, გონივრულმა და მეორე მხრივ, მკაცრმა პოლიტიკამ მოიტანა“.

მავანნი სტალინს რას არ აბრალებენ. საქმე ზოგჯერ ტრაგიკომიკურ აბსურდამდეც კი მიდის და ამის შემთხზველებს, ალბათ, თავადაც სჯერათ ამის. თუმცა შედეგი სახეზეა და საკმარისია, ოდნავ მაინც ჩავიხედოთ ისტორიაში, რომ თვალნათლივ ვიხილავთ სტალინის პოლიტიკის ყველა სიკეთეს. და, მიუხედავად იმისა, რომ მის შემდგომ ქვეყანას უნიათო, უნებისყოფო და უვიცი ადამიანები მართავდნენ, ქვეყანა თითქმის 40 წელი ინერციით მიდიოდა წინ და მძლავრ ცოცხალ ორგანიზმს წარმოადგენდა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „სტალინისებური მართვის სტილის კრიტიკა დღეს, „პერესტროიკის“ პერიოდში, ნებადართულია და ყველა კრიტიკოსი გახდა, თუმცა არავის შესწევს იმისი უნარი, რომ ქვეყანა სწორად მართოს და ხალხს სიკეთე, კეთილდღეობა და მშვიდობა მოუტანოს. სტალინი გენიოსი იყო. ასეთი ადამიანები კაცობრიობის ისტორიას თითებზე ჩამოსათვლელი ჰყავს და სტალინი ყველა მათგანზეც კი ორი თავით მაღლა დგას.“

ამ სიტყვების წარმოთქმიდან ცოტა ხანში მოლოტოვი გარდაიცვალა. ასევე ცოტა ხანში კი საბჭოთა კვშირი დაინგრა, სტალინურმა ინერციამ უკუსვლა დაიწყო, ქვეყანა უფსკრულში გადაიჩეხა და ხალხმა იმაზე მეტი მსხვერპლი გაიღო, ვიდრე სტალინის დროს.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი