ბელადები

როგორ შექმნა ბერიამ ინდური სპეცსამსახური

№32

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 21.08, 2022 წელი

ლავრენტი ბერია
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია უნიკალური მონაცემების ადამიანი იყო. მას უამრავი დიდი პროექტი აქვს განხორციელებული და ყველა უმაღლეს დონეზე შეასრულა. მისი მოღვაწეობა მხოლოდ საბჭოთა კავშირით არ შემოიფარგლებოდა, ის თავის საქმიანობას საერთაშორისო დონეზეც ახორციელებდა და საბჭოეთისადმი მეგობრულად და ლოიალურად განწყობილ სახელმწიფოებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში ეხმარებოდა.

იაკობ კედმი: „ბერია, ჩემი აზრით, პირველ რიგში, „ჩეკისტი“ იყო და მისი ყველა საქმიანობა სხვადასხვა სფეროში სწორედ აქედან გამომდინარეობდა. რომ არა „ჩეკისტური წრთობა“, ბერია იმდენს ვერ მიაღწევდა და ვერც მოახერხებდა. ბერიას ერთ-ერთი ყველაზე წონიანი საერთაშორისო პროექტი ინდოეთისთვის სრულფასოვანი სპეცსამსახურის შექმნა იყო. როგორც ცნობილია, ინდოეთი დიდ ბრიტანეთს 1947 წელს გამოეყო. მაშინ, როცა უკვე გადაწყვეტილი იყო ეს ამბავი, დიდმა ბრიტანეთმა ზუსტად ერთი დღით ადრე პაკისტანს მისცა დამოუკიდებლობა და კიდევ უფრო გააღრმავა ინდოეთ-პაკისტანური კონფლიქტი. ანუ დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები ყოველმხრივ ხელს უშლიდნენ თავისი ყოფილი კოლონიის – ინდოეთის,დამოუკიდებლად განვითარებას და ამ საქმეში სწორედ პაკისტანს იყენებდნენ. ინდოეთს კი სპეცსამსახური, ფაქტობრივად, არ გააჩნდა. ასე რომ, ბრიტანელების მიერ დამოძღვრილ პაკისტანის ფარულ შემოტევებს ვერ გაუმკლავდებოდა. ამას 1948 წლის 30 იანვარს მაჰათმა განდის მკვლელობაც დაერთო. ამიტომ, ნერუმ სტალინს მიმართა დახმარებისთვის და როცა საბჭოთა ბელადის მითითებით, საქმეში ბერია ჩაერთო, რომ იტყვიან, ყინულიც დაიძრა“.

სპეცსამსახურების საქმიანობაში ბერიას, რომ იტყვიან, ჭიპი ჰქონდა მოჭრილი. ის საიდუმლოდ ჩავიდა დელიში და ჯავაჰარლალ ნერუს შეხვდა. ბერია იმ პერიოდში ატომურ პროექტს კურირებდა და დრო არ ჰქონდა. თუმცა, დელიში 2 დღე დაჰყო. ნერუს მიერ მოწვეულ სამხედროებსა და პოლიციელებს შეხვდა და მათთან ერთად ყველა ის საკითხი განიხილა, რომელიც შემდგომ საფუძვლად დაედო ინდოეთის სპეცსამსახურის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას. ბერია მოსკოვში ისევე უჩინრად დაბრუნდა, როგორც გაემგზავრა და ამ ფარული ვიზიტის შესახებ ინდოეთში არავის შეუტყვია.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „იმ ადამიანებს შორის, ვინც ბერიასთან ერთად სპეცსამსახურის შექმნის კონცეფცია განიხილა, სამი მისი პირადი ინფორმატორი იყო. ამიტომ, ბერიამ წინასწარ იცოდა, რომ ინდოეთში გამგზავრება მოუწევდა და ამისთვის საფუძვლიანად მოემზადა. ამის შემდეგ, უკვე ჩამოყალიბებული ინდური სპეცსამსახურის მესვეურთაგან ვიღებდით სრულ ინფორმაციებს და კონტოლის საშუალება გვქონდა. თუმცა ამ ყველაფერს ბოროტად როდი ვიყენებდით. უბრალოდ, ინდოეთთან და ამ რეგიონთან ჩვენს საგარეო პოლიტიკას ამის გათვალისწინებით, ვაგებდით. სწორედ ბერიას დამსახურებაა, რომ ეს უზარმაზარი სახელმწიფო ჩვენი ქვეყნის მეგობარი გახდა და საერთაშორისო საქმიანობაში ყოველმხრივ მხარს გვიჭერდა“.

სულ ცოტა ხანში ინდური სპეცსამსახურები საგრძნობლად გაძლიერდნენ. სხვადასხვა დანაყოფები უკვე დიდი წარმატებით უმკლავდებოდნენ, ძირითადად, პაკისტანელთა ფარულ შემოტევებს და აგრეთვე, სხვა არამეგობრული ქვეყნების გამოხტომებს. ბრიტანეთის დაზვერვა ერთობ დაბნეული იყო და ვერ გაეგო, რა მოხდა. თუმცა, ხვდებოდნენ, რომ აქ საბჭოთა კავშირის ხელი ერია, მაგრამ ამის დამამტკიცებელი ფაქტები არ გააჩნდათ.

გენერალი პავლე ფიტინი: „ბერიას მითითებით, საბჭოთა კავშირში 70 ინდოელი ფარულად ჩამოვიყვანეთ და ანტიტერორისტულ და სხვა სპეციალურ დისციპლინებში მოვამზადეთ. საგულისხმოა ის, რომ არცერთი მათგანი არ გაყიდულა, მტრის მხარეზე არ უმუშავია. თუმცა ბრიტანული დაზვერვა მათთან მოსასვლელ ყველა საშუალებას იყენებდა. ისინი ვერც ფულით მოისყიდეს და ვერც სხვა საშუალებით“.

ბერია თავის პირად აგენტურას თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა და ისინიც ამგვარადვე პასუხობდნენ მას. ქართველი მარშალი ყოველთვის გლობალური მასშტაბებით აზროვნებდა. თუნდაც, ლოკალურ ამოცანებს ბერია ყოველთვის გლობალურად მიიჩნევდა, მათ გადაწყვეტასაც ამგვარად უდგებოდა და ამის მიხედვით მოქმედებდა კიდეც. ბერიას ყველა სვლა გროსმაისტერულად იყო გათვლილი – მოწინააღმდეგეს თავგზას უბნევდა და ყოველთვის მიზანს აღწევდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი