ბელადები

როგორ შეაცვლევინა სტალინმა ჩერჩილსა და რუზველტს წინასწარ მოფიქრებული გეგმა

№21

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 03.06, 2021 წელი

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი, ფაქტობრივად, უემოციო დიპლომატი იყო და ხმასაც კი არასდროს უწევდა ხოლმე, ზოგჯერ თავის კოლეგებთან მიმართებაში, ძალიან მკვეთრად და უხეშად გამოხატავდა თავის აზრს და უმართლებდა კიდეც. 

 

პუბლიცისტი საველი ვოლკოვი წერს:

„იოსებ სტალინს მოლაპარაკებების დროს ყოველთვის ყველაფერი წინასწარ ჰქონდა მომზადებული და იცოდა, როდის რა სვლა უნდა გაეკეთებინა. 1943 წლის ნოემბრის მიწურულს „დიდი სამეული“ თეირანში შეიკრიბა – ომის შემდგომი მსოფლიოს ბედზე უნდა ემსჯელათ. მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერს სტრატეგიული ინიციატივა დაკარგული ჰქონდა, მაინც ძალიან მძლავრ სამხედრო მანქანას წარმოადგენდა და საბჭოეთს გამარჯვებისთვის მეორე ფრონტის გახსნა სჭირდებოდა, რათა ფაშისტები ნაკლები დანაკარგებით დაემარცხებინათ. ეს, ანუ მეორე ფრონტის გახსნა იყო ამ კონფერენციის მთავარი საკითხი. მეორე მთავარ თემად კი პოლონეთის საკითხი ჩაინიშნა. ანგლო-ამერიკელებს სურდათ, რომ ომის შემდგომი პოლონეთი დასავლეთის გავლენის სფეროში მოქცეულიყო, სტალინმა კი კარგად იცოდა, რომ პოლონეთი „ევროპის გასაღები“ იყო, ანუ გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი ქვეყანა და პოლონეთის დათმობას არ აპირებდა. მესამე სხდომის წინ სტალინმა უკვე იცოდა, თუ რას მოიმოქმედებდნენ რუზველტი და ჩერჩილი და წინასწარ მოემზადა საამისოდ. სერგო ბერია იხსენებდა: „თეირანში, ისევე როგორც შემდგომ ყირიმსა და პოტსდამში, შტატებისა და ბრიტანეთის ხელმძღვანელებს ვუსმენდით და მთელ ინფორმაციებს სტალინს ვაწვდიდით. ჩვენ იმ პერიოდისთვის ძალიან პროგრესული მოწყობილობები გვქონდა და საუბრებს გარეთ მათი სეირნობისას ვიწერდით. მესამე სხდომის წინ ჩერჩილმა და რუზველტმა მოილაპარაკეს, რომ მაქსიმალურად გაეწელათ მეორე ფრონტის გახსნა. ზეწოლა ეწარმოებინათ – თუკი სტალინი პოლონეთს არ დათმობდა, მაშინ მეორე ფრონტზე საუბარი არ ყოფილიყო. ერთი სიტყვით, სტალინს ეს ინფორმაცია მაგიდაზე დავუდეთ“.

საბჭოთა ბელადი ოლიმპიური სიმშვიდით შეხვდა ამ ამბავს. ის მოელოდა კიდეც ასეთ რამეს და საპასუხო სვლები უკვე მოფიქრებული ჰქონდა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა:

„ჩვენ წინასწარ გვქონდა ეს ვარიანტი გათვლილი და ისიც მოვიფიქრეთ, თუ რა უნდა გვექნა. სტალინმა ისე წაიყვანა საუბარი, რომ ჩერჩილმა და რუზველტმა დროზე ადრე გაამჟღავნეს თავიანთი აზრები და დაუფარავად თქვეს უარი მეორე ფრონტის გახსნაზე. სტალინმა მათ უთხრა:

– სანაცვლოდ რას ითხოვთ?

– პოლონეთის ჩვენთვის გადმოცემას, – პირდაპირ უთხრა ჩერჩილმა.

სტალინი წამოდგა და კოლეგებს მკვახედ უთხრა:

– პოლონეთის საკითხი არ გადაისინჯება, ის სლავურ წრეში უნდა დარჩეს და ამიტომ ვერაფრით გადაგვაფიქრებინებთ. მეორე ფრონტის გახსნა თუ არ გინდათ, იყოს ასე. მაგრამ დაიმახსოვრეთ, როდესაც „წითელი არმია“ მთელ ევროპას მოედება, იქიდან ფეხს ვეღარ მოგვაცვლევინებთ და არანაირი მოლაპარაკება არ იქნება. მე კი კონფერენციას ვტოვებ – სტალინი შეტრიალდა და დარბაზი მკვეთრი და მტკიცე ნაბიჯებით დატოვა. დანარჩენი ჩვენიანებიც მას მიჰყვნენ. შევყოვნდი მხოლოდ მე და ანგლო-ამერიკელებს ვუთხარი:

– სამწუხაროა, როდესაც მოკავშირეები შეთანხმებას არღვევენ. ეს ძალიან ცუდია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რა მოხდება, 1939 წლის თავდაუსხმელობის პაქტი რომ განახლდეს. ეს დიდი ძალა იქნება, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება, ისტორიის წინაშე კი მხოლოდ თქვენ დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.

მეც გარეთ გავედი და ჩვენებს შევუერთდი.“

სულ რაღაც ერთ საათში რუზველტი და ჩერჩილი სტალინს რეზიდენციაში ეახლდნენ. მოიბოდიშეს და სთხოვეს, რომ კონფერენცია არ დაეტოვებინა. პირობა დადეს, რომ კონსტრუქციულები იქნებოდნენ და ყველაფერზე მოილაპარაკებდნენ.

სტალინმა კოლეგები მაგიდასთან მიიწვია, სადაც დიდებული სუფრა იყო გაშლილი და წითელი ღვინის თანხლებით კარგი სადილი შედგა. საღამოს კი მოლაპარაკებები გაგრძელდა. რუზველტი და ჩერჩილი სტალინის ყველა ძირითად წინადადებას დათანხმდნენ. მეორე ფრონტის გახსნის საკითხიც გადაწყდა და არც პოლონეთი გადავიდა დასავლეთის გავლენის ქვეშ.

სტალინის ეს ზუსტი სვლა წარმატების მომტანი აღმოჩნდა და გასაკვირი ამაში არაფერია. ეს ის ადამიანია, ვინც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი სისხლისმღვრელი ომი მოიგო და იმხელა ზეწოლას გაუძლო, როგორც შინაგანად, ასევე გარედან, რასაც ალბათ, ვერავინ დაიკვეხნიდა. ერთი სიტყვით, სტალინის პოლიტიკურ-დიპლომატიური სტრატეგია ყოველთვის ამართლებდა და სწორედ, ამან განაპირობა ამ ადამიანის წარმატებები, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერია შექმნა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი