ბელადები

როგორ შეაჩერა ბერიას იდეის განხორციელებამ ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლა საბჭოთა კავშირზე

№18

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 15.05, 2022 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას დიდი წვლილი მიუძღვის საბჭოთა კავშირის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში, რაც მემკვიდრეობით გადაჰყვა რუსეთს და ყველაზე უცნაური ისაა, რომ ეს მას არც საბჭოთა ხელმძღვანელებმა დაუფასეს და არც დამოუკიდებელი რუსეთის მმართველებმა.

„პერესტროიკის“ გარიჟრაჟზე ვიაჩესლავ მოლოტოვი ტაბუირებულ ტელეინტერვიუში ამბობდა: „ბერიას ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ოცდაათ წელზე მეტი გავიდა და როცა ვიაზრებ, თუ რა გააკეთა მან ქვეყნისთვის და კიდევ რამდენს გააკეთებდა, იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ.“

პარადოქსულად ჟღერს მოლოტოვის სიტყვები – „მოექცნენო“, რადგან თავადაც ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ საქმეში, თუმცა დანარჩენს ის სიმართლეს ამბობს – ბერიამ ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის და კიდევ უფრო მეტს გააკეთებდაო... იმავე ინტერვიუში საბჭოთა კვაშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს: „ის, რომ ატომური ბომბის შექმნაში ბერიას ლომის წილი მიუძღვის, ერთი მხარეა, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, არანაკლებ სტრატეგიული და ესეც ბერიას დამსახურება და მისი ნიჭის გამოვლინებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ატომური იარაღი უკვე გვქონდა, შეერთებული შტატები მაინც ჩვენზე ძლიერი იყო. ეს ქვეყანა მუდმივ ზეწოლას ახორციელებდა საბჭოთა კავშირზე და ერთი მხრივ, სამხედრო ბაზებით ცდილობდა, მარყუჟში მოვექციეთ, მეორე მხრივ კი, პირდაპირი სამხედრო აგრესიითა და ატომური იარაღის გამოყენებით გვემუქრებოდა. ამიტომ, სტალინმა შეგვკრიბა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლის მოძებნა დაგვავალა. ყველა თავის აზრს გამოთქვამდა და იმაზე შევჯერდით, რომ ისეთი საავიაციო ფლოტი შეგვექმნა, რომლის საშუალებითაც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიამდე ატომური ბომბის მიტანას შევძლებდით. ეს აზრი ყველას მოეწონა, მათ შორის სტალინსაც. ბოლოს კი სიტყვა ბერიამ ითხოვა და თქვა:

– ამხანაგებო, მისასალმებელი იდეაა და ამაზე მუშაობა ღირს. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის წყალქვეშა ნავების ფლოტი უნდა გავაძლიეროთ. მათზე ატომურქობინიანი რაკეტები დავამონტაჟოთ და ჩვენი სუბმარინები საპატრულოდ შორეულ ოკეანეებში, ამერიკისა და ბრიტინეთის სანაპიროებთან გავუშვათ. ეს იდეა იმითაა კარგი, რომ უზარმაზარ წყალქვეშა სივრცეში ჩვენი გემების აღმოჩენა და განეიტრალება ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელი იქნება. მაშინ, როცა თვითმფრინავებთან დაკავშირებით ამის გაკეთება გაცილებით იოლია.

ბერიას იდეა ყველას მოეწონა და სტალინმა მისი სასწრაფო განხორციელების ბრძანება გასცა.“

ბერიას იდეის განხორციელება მასშტაბური და ძალიან სწრაფი ოპერაცია იყო. მას ერთობლივად ატარებდნენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და უშიშროება. პირველი 10 ცალი ახალი სუბმარინი 1950-1951 წლებში დამზადდა, 10 ძველი გარემონტდა და შესაბამისად გადაკეთდა. შემდეგ თითოეულ მათგანზე ძლიერი სარაკეტო-გამშვები სისტემა დაამონტაჟეს და ოკეანეებსა და ზღვებში, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სანაპიროებთან გაუშვეს. უშიშროების მოვალეობა კი ამ გეგმაში ის იყო, რომ მათ შეგნებულად გაავრცელეს ეს ინფორმაცია და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა შეიტყვეს, რომ მათი ქვეყნების სიახლოვეს საბჭოთა ატომურქობინიანი სუბმარინები დაცურავდნენ, რომელთა მოხელთებაც მაშინ შეუძლებელი იყო, რადგან არ არსებობდა შესაბამისი აპარატურა. ამ ხერხმა ასი პროცენტით გაჭრა. შეერთებული შტატების საბჭოეთზე ზეწოლა მნიშვნელოვნად შენელდა და დაპირისპირებამ მეტწილად დიპლომატიურ ფრონტზე გადაინაცვლა. ამ ყველაფრის შემოქმედი კი ბერია იყო.

თავის მემუარებში ჰარი ტრუმენი წერდა: „იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის რუსების ასეთი სვლა, რომ თითქმის შოკში ვიყავი. თავდაპირველად გვეგონა, რომ რუსებმა შესაშინებლად დეზინფორმაცია შემოგვიცურეს, თუმცა, როდესაც ჩვენმა ანალიტიკურმა დაზვერვამ დაადასტურა, რომ ეს სრული სიმართლე იყო, თავი დაუცველად ვიგრძენით. ყოველ წამს შეიძლებოდა, რუსული ატომურქობინიანი რაკეტა წყლიდან ამოფრენილიყო და ჩვენთვის დაერტყა...“

ლავრენტი ბერიას ინოვაციები თითქმის ყოველთვის გენიალური იდეები იყო. თუმცა ძალიან მარტივი და ღიმილის მომგვრელი ბევრისთვის – როგორ ვერ მოვიფიქრეთ ასეთი რამეო. სამხედრო ანალიტიკოსები და პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ბერიას იდეის განხორციელებამ დედამიწა დიდი კატაკლიზმისგან იხსნა, რადგან მაშინ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ატომური ომი სავსებით რეალური ჩანდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი