ბელადები

როგორ მოაპოვებინა სტალინმა საბჭოთა ხელოვნებას მსოფლიო აღიარება

№1

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 17.01, 2021 წელი

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინს მავანნი უკულტურობასა და ლამის უწიგნურობაში ადანაშაულებენ, ფაქტია, რომ საბჭოთა ბელადი არა მხოლოდ ხელოვნების მოყვარული, არამედ მისი მფარველიც იყო და განსაკუთრებულ ძალისხმევას ახმარდა მის ყოველმხრივ განვითარებას. 

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე პოკროვსკი წერს: „ცნობილი ფაქტია, რომ მოსკოვის ქალაქკომის პირველი მდივნობიდან სტალინმა ნიკიტა ხრუშჩოვი 1938 წელს იმიტომ მოხსნა, რომ მას იოტისოდენა წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ხელოვნებაზე. საქმე კი ის იყო, რომ „დიდ თეატრში“ „ბორის გოდუნოვს“ დგამდნენ და გენერალურ რეპეტიციაზე ქალაქის „თავი“ ხრუშჩოვი მიიწვიეს ცოლთან ერთად. როგორც ამ ფაქტის თვითმხილველები იხსენებდნენ, ხრუშჩოვი და მისი მეუღლე ნინა კუხარჩუკი ძალიან არაკომფორტულად გრძნობდნენ თავს ოპერაში და როგორც გალინა ვიშნევსკაია ციტირებდა: ისინი ისე გამოიყურებოდნენ, როგორც ინდაურები ჭადრაკის დაფასთან. ანუ ისხდნენ გაფხორილები, არაფერი გაეგებოდათ და ძალიან სულელური გამომეტყველება ჰქონდათ. ხოლო, როდესაც ფინალში „მეფის სადიდებელმა“ დასჭექა, ხრუშჩოვმა ყურები ცქვიტა... იმავე ღამეს ხრუშჩოვმა სტალინს წარუდგინა ხალხის მტრების გრძელი სია. მასში „დიდი თეატრის“ მთელი ადმინისტრაცია და „ბორის გოდუნოვის“ შემოქმედებითი კოლექტივი სრულად იყო წარმოდგენილი. როგორც სტალინის მდივანი პოსკრებიშევი იხსენებდა, სტალინს თავი გაუქნევია და მისთვის უთქვამს: ეგ ინდაური (ხრუშჩოვი) გამოიძახეო.
ხრუშჩოვი ღამის 3 საათზე წამოაგდეს საწოლიდან და სტალინთან წაიყვანეს აგარაკზე, კუნცევოში. მოგვიანებით ხრუშჩოვი თავის მემუარებში წერდა – არ ვიცოდი, სად და რატომ მივყავდი და მეგონა, მაპატიმრებდნენო. აგარაკზე სტალინს ხრუშჩოვი მაგრად შეუჯორავს. ერთი სიტყვით, მოსკოვის ქალაქკომის პირველი მდივნობიდან სტალინმა იმავე ღამეს მოაშორა ნიკიტა და უკრაინის მეთაურად გადაიყვანა. პრინციპში ეს დაწინაურებას ნიშნავდა, თუ მასშტაბებს გავითვალისწინებთ. მაგრამ სტალინს უვიცი კადრი მოსკოვში ნამდვილად არ სჭირდებოდა და გაითვალისწინა რა ხრუშჩოვის ენერგიულობა და შემსრულებლობა, უკრაინაში გაამწესა. თავისი იდიოტიზმი ხრუშჩოვმა 60-იან წლებში დაამტკიცა, როდესაც მანეჟის საგამოფენო დარბაზში მიმდინარე ავანგარდისტების გამოფენას ბულდოზერები მიუსია და ნამუშევრები გაანადგურებინა.
ისტორიკოსი როი მედვედევი წერს: „მანეჟის ცნობილი მოვლენების დროს ხტრუშჩოვმა თქვა: ხელოვნებაში მე სტალინისტი ვარო. ამით უნდოდა საკუთარი ვანდალიზმის გამართლება, თუმცა ეს სრული აბსურდი იყო. ხრუშჩოვს ხელოვნებაში, ისევე, როგორც სხვა მრავალ სფეროში არაფერი გაეგებოდა. სტალინს კი ხელოვნებაში, ისევე, როგორც მრავალ სხვა სფეროში დიდი ცოდნა და მაღალი გემოვნება ჰქონდა. მართალია, ხელოვანებს სტალინი იდეოლოგიური კუთხითაც იყენებდა, მაგრამ ის ამას დიდი ცოდნითა და სიფრთხილით უდგებოდა და საქმეც საუკეთესოდ გამოსდიოდა. სწორედ, სტალინის ხელდასხმით დაიდგა „დიდ თეატრში“ (შემდგომ კი საბჭოეთის სხვა თეატრებშიც) ის შედევრები, რომლებიც დღემდე არ ჩამოდის სცენიდან და ეს აშკარა დასტურია იმისა, რომ სტალინმა კარგად იცოდა, თუ რა იყო ნამდვილი ხელოვნება და ვის და როგორ უნდა ეკეთებინა ის...“ მართალია, სტალინის მმართველობის პერიოდში გარკვეული ლიტერატურული შედევრები თაროზე შემოიდო, მაგრამ არც ეს შედევრები და არც მათი ავტორები ბელადს რეპრესიებში არ მოუყოლებია. პირიქით, ბულგაკოვი, ზოშჩენკო და სხვა, ეგრეთ წოდებული, „აკრძალული მწერლები“, თავისუფლად განაგრძობდნენ წერას. მათი ნაწარმოებები იბეჭდებოდა და სცენაზეც იდგმებოდა.
ნიშანდობლივ ისტორიას ყვებოდა მიხეილ შოლოხოვი: „სტალინური პრემიის კანდიდატ მწერლებსა და ნაწარმოებებს სტალინთან, კრემლში განვიხილავდით. სულ ოცამდე ნაწარმოები იყო და იმან გამაოცა, რომ სტალინს არა მარტო წაკითხული ჰქონდა ისინი, არამედ მათ ღრმა, კვალიფიციურ ანალიზს უკეთებდა. განხილვისას სტალინმა ისტორიული ფრაზა თქვა: ამხანაგებო, სამწუხაროა, რომ კანდიდატებს შორის ბულგაკოვი არაა თავისი „ოსტატი და მარგარიტათი“. ვფიქრობ, ეს ნაწარმოები უმაღლეს ჯილდოს იმსახურებს, მაგრამ ჯერ ამის დრო არაა. თუმცა, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, მოვა დრო და ბულგაკოვიცა და მისი შედევრიც ღირსეულად დაფასდებაო. ყველანი გავისუსეთ. გვეგონა, რომ სტალინი გვცდიდა. მან თვალი მოგვავლო. მიხვდა ჩვენს აზრებს, მაგრამ არაფერი უთქვამს და პირველი პრემიის მისანიჭებლად ალექსეი ტოლსტოის კანდიდატურა დაასახელა.“
სტალინმა, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად იცოდა, რაოდენ დიდი იყო ბულგაკოვი და ამისთვის, ისევე როგორც სხვა ნიჭიერთათვის, თითიც არ დაუკარებია და წლების შემდეგ მათ თავიანთი კუთვნილი დაფასება მიიღეს. მუსიკის, თეატრისა და ლიტერატურის პარალელურად, სტალინს სიღრმისეულად ესმოდა კინოხელოვნებაც და სწორედ, საბჭოთა ბელადმა მისცა ბიძგი საბჭოთა კინოს განვითარებას. ვერავინ, მათ შორის ყველაზე უკიდურესი დასავლელი კრიტიკოსები, სტალინის ეპოქაში გადაღებულ, ყველაზე იდეოლოგიზებულ ფილმზეც კი ვერ ამბობდნენ, დაბალი ხარისხის ან მდორე გემოვნების იყოო. მეტ-ნაკლებად ზოგიერთ ფილმში შეიძლება, ჭარბობდა კიდეც იდეოლოგიური კლიშეები, მაგრამ ისინი უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული და მათ მსოფლიო დონის ხელოვანები – რეჟისორები და აქტიორები ასრულებდნენ. ამგვარად, სტალინმა უმძლავრესი ბაზა, ფუნდამენტი შეუქმნა ხელოვნებას, რომელმაც მსოფლიო ასპარეზზე ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი