ბელადები

როგორ მოაპოვებინა ბერიამ ბოლშევიკებს ინგლისში გასაგზავნი ოქრო

№23

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 19.06, 2022 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია გენიალური მზვერავი იყო და ამას თვით ამერიკელებიც აღიარებდნენ. ეს ადამიანი, ფაქტობრივად, ბავშვობიდან ჩაება სადაზვერვო საქმიანობაში. ბოლშევიკების იატაკქვეშეთს მიემხრო და აუწონავი სამსახური გაუწია მათ, რაც შემდგომ დიდად დაეხმარა კავკასიაში ბოლშევიკური ხელისუფლების განმტკიცებაში.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „ბერია ჩვენ კრემლში დავაპატიმრეთ, რომელიც შემდგომ გაასამართლეს და დახვრიტეს. თუმცა, ახლა, 33 წლის შემდეგ (ეს ინტერვიუ 1986 წელსაა ჩაწერილი, მოლოტოვის გარდაცვალებამდე 6 თვით ადრე), გულისტკივილით ვაღიარებ, რომ ბერიას წინააღმდეგ განხორციელდა შეთქმულება და ის, უბრალოდ, თავიდან მოიშორეს. მე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სოლიდური პოსტი მეკავა, არ შემეძლო, გავლენა მქონოდა ამ პროცესებზე და რომ არა ხრუშჩოვის მხარეს დგომა, მეც ბერიას ბედს გავიზიარებდი, რადგან ვიმეორებ, რომ ბერია ყოვლად უკანონოდ დასაჯეს... და, კიდევ ერთი, მე არ ვიცი, ბერია იმავე დღეს მოკლეს კრემლში, თუ 6 თვის მერე მართლა გაასამართლეს და დასაჯეს. ჩემი აზრით, ბერია იქვე გაანადგურეს, რადგან შეთქმულთათვის ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენდა, რომელთა შორის მაშინ, სამწუხაროდ, მეც ვიყავი“.

მოლოტოვის ეს პათოსი, ანუ აღიარებითი ჩვენება, რომ ბერია ყოვლად უსამართლოდ დააპატიმრეს და შემდეგ მოკლეს, ყველა შეთქმულმა გაიზიარა, გარდა ხრუშჩოვისა და მარშალ ჟუკოვისა. თავის ტაბუირებულ მემუარებში კლიმენტი ვოროშილოვი წერდა: „ლავრენტი ბერიამ ჩვენს, ბოლშევიკურ იატაკქვეშა არალეგალურ მოძრაობას აუწონავი სამსახური გაუწია. როდესაც ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლოზე მუსავატურ დაზვერვაში მუშაობასა და ინგლისის ჯაშუშობაში დასდეს ბრალი, ეს იყო, რომ იტყვიან, თითიდან გამოწოვილი ბრალდება. ჯერ ერთი, ბერია სტალინის მითითებით შეაგზავნეს მუსავატებთან ბაქოში და ჩვენ აუწონავი მნიშვნელობის ინფორმაციებით გვამარაგებდა. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ბერია დაზვერვის გენია იყო, რაც სხვათა შორის, თავად ამერიკელებმაც აღიარეს. ბერია ძალიან ახალგაზრდა, შეიძლება ითქვას, ბავშვიც კი იყო, როდესაც ბაქოში სწავლისას ჩვენ, ბოლშევიკებს შემოგვიერთდა და ისეთი ნიჭი და თავდადება გვაჩვენა, რომ კიროვმა ამის შესახებ სტალინს მოახსენა და სწორედ სტალინის მითითებით გახდა ბერია ჩვენი (ბოლშევიკების) ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კადრი. როგორც ცნობილია, ლენინის ბრძანებით, სტალინი ბოლშევიკური მოძრაობის სრული მმართველი იყო და როცა ლენინი მრავალწლიან ემიგრაციაში იმყოფებოდა, მას ცვლიდა კიდეც.“

თვით სტალინის მმართველობის დროსაც და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, პოსტსტალინურ პერიოდში მის რევოლუციურ დამსახურებებს აკნინებდნენ. არადა სტალინი ლენინის სიცოცხლეშივე სჯობნიდა ლენინს – სტალინის გადაწყვეტილებები პრიორიტეტული იყო, თუმცა ყველაფერი, რაც იმ პერიოდში რუსეთში ხდებოდა, სტალინის მითითებით, მოხსენებითი წერილის სახით, ლენინთან, ემიგრაციაში იგზავნებოდა. ერთ-ერთ ასეთ მოხსენებაში ნახსენები იყო ბერიას სახელი და ლენინმა ბერია ძალიან შეაქო. საქმე კი ეხებოდა 1916 წლის მოვლენებს ბაქოში, როდესაც ბერიამ უდიდესი სამსახური გაუწია ბოლშევიკებს. ლაპარაკია ინგლისელების სამხედრო-სარკინიგზო ეშელონზე, რომელიც ბაქოს სადგურში იდგა, თბილისის გავლით ფოთში უნდა ჩასულიყო და ინგლისურ გემ „არსენალისთვის“ საიდუმლო სპეციალური ტვირთი უნდა ჩაეტანა (სხვათა შორის ამ სიუჟეტზე კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ მხატვრული ფილმიც გადაიღო – „მიზანი“, თუმცა იქ სინამდვილე ბოლომდე არაა ასახული და ნამდვილი გმირები დასახელებული არ არიან). საქმე ის იყო, რომ მუსავატებთან შეგზავნილმა ბერიამ გაიგო საიდუმლო ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული ნავთობის მაგნატი – მუსტაფა ჯაფაროვი ლონდონში საიდუმლოდ აგზავნიდა 2 მილიონ 350 ათასი მანეთის ღირებულების ოქროს მონეტებს (ათმანეთიანებს – „ჩერვონცებს“). ბრიტანელებს, აგრეთვე, მიჰქონდათ ასი ცალი 10-კილოგრამიანი (1 ტონა) ოქროს ზოდი. ამ ტვირთს აცილებდა ერთი ბრიტანული ქვედანაყოფი, 24 კბილებამდე შეიარაღებული სამხედროს შემადგენლობით. ერთი სიტყვით, ბერიამ ეს საიდუმლო ინფორმაცია სერგეი კიროვს შეატყობინა. კიროვმა სტალინს აცნობა და მისგან მიიღო საიდუმლო შიფრბრძანება – ამ საქმეში ჩართეთ უსმან ალიევის საბრძოლო ჯგუფი და განახორციელეთ ექსპროპრიაცია. ამგვარად, როგორც კი ტვირთით სავსე ვაგონი ბაქოს 60 კილომეტრით გასცდა, უსმან ალიევი და მისი მებრძოლები მატარებელს თავს დაესხნენ და მთელი ოქრო წაიღეს.

მოგვიანებით ამ ოქროს ნაწილი ემიგრაციაში მყოფ ლენინთან გააგზავნეს. ნაწილი ბაქოს აჯანყებას მოხმარდა, დიდი ნაწილი კი პეტროგრადში გაიგზავნა და სწორედ ამ ფულით დაფინანსდა, ეგრეთ წოდებული, „ოქტომბრის რევოლუცია“. ამგვარად, ბერიას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ბოლშევიკების გამარჯვებაში 1917 წელს.

სერგო ბერია: „სხვათა შორის, მამას არ უყვარდა თავისი მიღწევების შესახებ ლაპარაკი. ის ძალიან სიტყვაძუნწი იყო. ერთხანს მე არც კი მეგონა, რომ მამა ბოლშევიკურ არალეგალურ მოძრაობაში იყო ჩართული. ერთხელ ჩვენს მოსკოვურ ბინაში სტალინი გვეწვია და სუფრასთან სწორედ მან მოყვა მამის მოღვაწეობის შესახებ ბაქოში და პირველად მე და დედამ სწორედ სტალინისგან შევიტყვეთ მამის ბაქოური ეპოპეა.“

ბერიას დამსახურება რუსმა ბოლშევიკებმა ნაცარტუტად აქციეს და ბერია მტრად შერაცხეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი