ბელადები

როგორ მოაგვარა ბერიამ ურთიერთობები იუგოსლავიასთან

№45

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 21.11, 2021 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ის ადამიანი იყო, ვინც პოსტსტალინურ პერიოდში ყოველმხრივ ცდილობდა, იმ ხარვეზების გამოსწორებას, რომელიც ხელს უშლიდა საბჭოთა კავშირს განვითარებაში და რომ არა ბერიას ვერაგული მკვლელობა, ის ამას აუცილებლად შეძლებდა. ოლეგ სოკოლოვი, ისტორიკოსი: „ბერია, მართალია, სტალინის მარჯვენა ხელი და მისი მითითებების უპირველესი შემსრულებელი იყო, მაგრამ ყველაფერში მაინც არ ეთანხმებოდა საბჭოთა ბელადს და ეს აშკარად გამოჩნდა სტალინის სიკვდილის შემდეგ, როდესაც ბერიამ ნაყოფიერი რეფორმატორული მოღვაწეობა დაიწყო როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის კუთხით და, სიმართლე გითხრათ, ჩემი აზრით, სწორედ, საგარეო პოლიტიკის გადასინჯვამ მოუსწრაფა ბერიას სიცოცხლე. ეს, ეგრეთ წოდებული, „გადასინჯვა“ კი, ძირითადად, ორი საკითხით გამოიხატებოდა – გერმანიისა და იუგოსლავიის. ბერია დარწმუნებული იყო, რომ ორად გაყოფილი გერმანია აუცილებლად უნდა გაერთიანებულიყო და თავისუფალი განვითარების საშუალება მისცემოდა. საამისოდ ის ბევრს იღვწოდა და გარკვეულ პროგრესსაც მიაღწია, მაგრამ ვერ მოასწრო. ხოლო, რაც შეეხება იუგოსლავიის პრობლემას, ბერიამ მისი მოგვარება მალევე შეძლო. თუმცა, ეს წარმატება, ისევე, როგორც სხვა მიღწევები, ნიკიტა ხრუშჩოვმა თავად მიიწერა...“

სტალინს იუგოსლავიის ლიდერ ბროზ ტიტოსთან უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობები ჰქონდა. საბჭოთა ბელადი ვერ ეგუებოდა ტიტოს დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშის როლს და ყოველმხრივ ზღუდავდა მას. ხოლო თავისი უპირატესობა რომ დაემტკიცებინა, ბერიას დაავალა ურჩი ტიტოს მოსკოვში ძალით ჩამოყვანა და ბერიას უწყებამ საძინებლიდან „ასწია“ იუგოსლავიის მეთაური და ტრუსებით მიჰგვარა სტალინს. ეს ეპიზოდი, რა თქმა უნდა, ტიტოსაც ახსოვდა და ბერიასაც. ბერია ნახევრად ხუმრობით ამბობდა ხოლმე – ჩემს არწივებს ცოტა ტაქტი უნდა გამოეჩინათ და ტიტოსთვის შარვალი მაინც ჩაეცმიათო. ერთი სიტყვით, როგორც კი სტალინი გარდაიცვალა, ბერიამ პირადი წარმომადგენელი ვლადიმერ დეკანოზოვი გაუგზავნა ტიტოს და საბჭოთა კავშირში არაოფიციალურ სტუმრად მიიწვია. ტიტომ ეს მიწვევა მიიღო და 1953 წლის აპრილის დასაწყისში ბერიას მიერ გაგზავნილი თვითმფრინავით საქართველოს დედაქალაქში, თბილისში ჩაფრინდა. ბერია მას პირადად დახვდა და „ლიმუზინით“ ისინი პირდაპირ აფხაზეთში გაემგზავრნენ. ეს ნახევრად საიდუმლო შეხვედრა გაგრაში, ბერიას აგარაკზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ძალიან პოზიტიური გამოდგა. სერგო ბერია (ლავრენტი ბერიას ვაჟი): „მამა ძალიან კმაყოფილი იყო ტიტოსთან ორდღიანი ურთიერთობით და ამბობდა: „მოხუცი“ ტყუილად დაემდურაო მას. „მოხუცში“ კი მამა სტალინს გულისხმობდა. მას მერე, რაც სტალინი ტიტოს შემოუწყრა და მასთან ურთიერთობები გაწყვიტა, ყოველმხრივი შეზღუდვები დაუწესა და არაფრად მიიჩნევდა, იუგოსლავიის ლიდერი ძირითადად ბრიტანელებისკენ გადაიხარა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ტიტო თანახმა იყო ბალკანებზე ბრიტანული არმია შეეშვა. ეს კი სტალინის ინტერესებს არ შეესაბამებოდა და საქმე სამხედრო კონფლიქტამდე იყო მისული. ხოლო იქ ერთი ტყვიაც რომ გავარდნილიყო, მესამე მსოფლიო ომს ვერ ავიცილებდით. მამა ძალიან განიცდიდა ამ მდგომარეობას და ყოველმხრივ ცდილობდა სიტუაციის გამოსწორებას. თუმცა, გადამწყვეტი სიტყვა სტალინზე იყო. ის კი არაფერს თმობდა და მზად იყო, ურჩი ტიტოსთვის დაერტყა კიდეც. თუმცა სტალინის გარდაცვალებამ მდგომარეობა ნაწილობრივ განმუხტა. მამაჩემმა კი კვანძის გახსნას მიჰყო ხელი. პირველ რიგში, ტიტოს, რომ იტყვიან, სამეფო მიღება მოუწყვეს და ისე მოექცნენ, როგორც მოექცეოდნენ ამერიკის პრეზიდენტს ან დიდი ბრიტანეთის პრემიერს. მამა დიპლომატი იყო და იცოდა, მსგავსი სვლები. ამან პირველი დიდი და სასიკეთო გავლენა მოახდინა ტიტოზე. შემდგომ კი მამამ ტიტოს ყველა შეზღუდვის უმალვე მოხსნა შესთავაზა. სამაგიეროდ, ბალკანეთზე სხვა სამხედრო ძალა არ უნდა გაჭაჭანებულიყო. ეს შეთანხმება მიღწეული იქნა და როგორც კი ტიტო სამშობლოში დაბრუნდა, მეორე დღიდანვე დაიწყო ყოველმხრივი ურთიერთობების აღდგენა.“

შემდგომ ბერიას მიერ დაწყებული ეს სასიკეთო პროცესი ხრუშჩოვმა საკუთარ თავზე მიიწერა და ურთიერთობების გაღრმავებას შეუდგა. ეს იყო პოლიტიკური პლაგიატი და არა ერთჯერადი შემთხვევა – ბერიას მიერ წამოწყებულ საქმეებს ხრუშჩოვის კოლეგები ითვისებდნენ და ნამდვილი ავტორის ვინაობას ჩქმალავდნენ. ასე მიითვისა ხრუშჩოვმა და ბანდამ სარაკეტო, კოსმოსური თუ სხვა გრანდიოზული წამოწყებები, რასაც საფუძველი ლავრენტი ბერიამ ჩაუყარა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი