ბელადები

როგორ მიაყენა ბერიამ დიდი ეკონომიკური დარტყმა ჰიტლერს

№13

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 10.04, 2022 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საბჭოთა კავშირის მოდერნიზებაში, ასევე მნიშვნელოვანია მისი დამსახურება ფაშისტური გერმანიის კრახში. ჰიტლერის დასამარცხებელ სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ეკონომიკური დივერსია, რასაც ბერიას ძალისხმევით დიდი წარმატებით ახორციელებდნენ...

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ბერიას მეთაურობით, საბჭოთა უწყება ფართო ფრონტით ებრძოდა ჰიტლერს. ჩვენს არსენალში მრავალმხრივი საშუალებები იყო. იმ ხერხების უმრავლესობა ბერიამ მოიფიქრა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ეკონომიკური დივერსია იყო, კონკრეტულად კი – ყალბი ფაშისტური მარკების ბეჭდვა და ფულის ამ დიდი მასის შერევა გერმანულ ეკონომიკაში. საამისო მზადება კი ჩვენმა უწყებამ ბერიას საკავშირო „ენკავედეს“ ხელმძღვანელად დანიშვნიდან სულ რაღაც სამ თვეში, 1939 წლის თებერვლიდან დაიწყო. ეს პროექტი (თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ) ზესაიდუმლოდ ითვლებოდა და მისი არსებობის შესახებ თითზე ჩამოსათვლელმა ხალხმა ვიცოდით. სტალინისა და მოლოტოვის გარდა ამ პროექტზე პოლიტბიუროს სხვა წევრებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რაც ნიშანდობლივი იყო. ამ პროექტის კურირება ბერიამ მე დამავალა და რადგან ზესაიდუმლოება დაცული უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივად, ყველა წვრილმანი (პირობითად, წვრილმანი) სამუშაოს შესრულება მე მიწევდა. პირველ რიგში, შევარჩიე ხუთი ბუნკერი, სადაც ეს პროექტი უნდა განხორციელებულიყო, აგრეთვე, მოვიძიე იმ ასი ყალბი ფულის მჭრელის საქმეები, ვისაც ამ პროექტში უნდა ემუშავა. ნიშანდობლივია ის, რომ ამ ასიდან ზოგს სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი და დახვრეტას ელოდნენ, დანარჩენი 80 კი 15-20-წლიან პატიმრობას იხდიდნენ მკაცრი რეჟიმის ციხე-კოლონიებში. სიკვდილმისჯილები, რა თქმა უნდა, წამოვიყვანე ბერიას განკარგულებით და როდესაც შეიტყვეს, რომ სიკვდილს გადაურჩნენ, თავდაპირველად არც კი დაიჯერეს. იმავე დღეში იყვნენ დანარჩენი ყალბი ფულის მჭრელებიც...“

„ენკავედეს“ საიდუმლო ლაბორატორიებში ხუთი 20-20-კაციანი ჯგუფი 24 საათის განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობდა და 1939 წლის ივლისის მიწურულს, ანუ ხუთი თვის შემდეგ, მივაღწიეთ ფაშისტური მარკების აბსოლუტურად იდენტური კუპიურების გამოშვებას. მათ თითქმის ვერცერთი ექსპერტიზა ვერ არჩევდა ნამდვილისგან და მთავარი მიზანი მიღწეული იქნა. შემდგომი ეტაპი იყო ფულის დიდი მასის გერმანიაში შეტანა, რათა ისინი ეტაპობრივად შეერიათ ფაშისტურ ეკონომიკაში...

პავლე სუდოპლატოვი: „როდესაც მარკის ზუსტი ანალოგის დამზადება შევძელით, მისი გამოცდის ჯერი დადგა. ანუ ფაშისტური მარკების საკონტროლო რაოდენობა გასასინჯად უნდა გაგვეშვა. ბერიას მიერ მოფიქრებული და დამტკიცებული გამოცდის გეგმით, დავბეჭდეთ 20 მილიონი გერმანული მარკა. შემდგომ, სამ ევროპელ კომერსანტს, რომლებიც ჩვენი თანამშრომლები იყვნენ, 7-7 მილიონი გერმანული მარკა მივეცით და გერმანიაში, შვეიცარიაში და შვედეთში ნაღდი ფულით სხვადასხვა კომერციული შესყიდვები განვახორციელებინეთ. როდესაც ამხელა რაოდენობის თანხები ბრუნავდა, მიღებული წესებით, ეს ფულის მასა ბანკში, ექსპერტიზის მიერ უნდა შემოწმებულიყო. ამ ოპერაციის ნამდვილი მიზანიც სწორედ ეს იყო. ვერც ფაშისტური გერმანიის, შვეიცარიისა და შვედეთის ბანკებმა ვერანაირი სიყალბე ვერ გამოავლინეს და ბერიამ დიდი ფულის ბეჭდვას მისცა ვიზა. შევიმუშავეთ სქემები, თუ როგორ შეგვეტანა ფულის დიდი მასები თავად ფაშისტურ გერმანიაში და მის მიერ ოკუპირებულ ქვეყნებში, სადაც ფინანსური ოპერაციები მარკებით ხორციელდებოდა. რა თქმა უნდა, სრულიად საიდუმლოდ. ფულების ამ დიდ მასებს, განსაკუთრებით ფაშისტურ გერმანიაში, მარტივი კონტრაბანდისტული საშუალებებით ვგზავნიდით, ძირითადად, ბალტიის ზღვით, სადაც ფაშისტებს უკონტროლო ზონები ჰქონდათ და ფული ამგვარად შედიოდა. შემდგომ ეს ნაწილდებოდა გერმანიის მთელ ტერიტორიაზე და კონსერვდებოდა. 1941 წლის 22 ივნისისთვის მხოლოდ ფაშისტური რაიხის ტერიტორიაზე 500 მილიონი რაიხსმარკა იყო დაკონსერვებული და ეს მასა უაქტიურესად იქნა ამუშავებული უშუალოდ ომის დროს და ფაშისტების ეკონომიკას აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა...“

ნიშანდობლივია, რომ როდესაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, საბჭოთა „ენკავედეს“ საიდუმლო ლაბორატორიებში 200 მილიონი გერმანული მარკა იყო შენახული, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვეღარ გამოიყენეს, რომ გერმანული მარკა გაუქმდა. შემდგომ, ბერიას ბრძანებით, ეს მარკები დაწვეს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი