ბელადები

როგორ იპოვა ლავრენტი ბერიამ ფრანსისკო ფრანკოსთან მისასვლელი

№46

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 28.11, 2021 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია საკმაოდ მკაცრი, ხშირ შემთხვევებში, სასტიკი ადამიანი იყო, ის საკმაოდ მაღალ დონეზე იყო გათვითცნობიერებული პოლიტიკაში და სტალინის გარდაცვალებისთანავე ისეთი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.

ისტორიკოსი როი მედვედევი: „ბერიას ვერაგული მკვლელობის მოტივის (ანუ, რატომ მოკლეს ბერია, რატომ ჩამოაშორეს ის ხელისუფლებას) უამრავი ვერსია არსებობს. მთავარი მათ შორის არის ვერსია იმის შესახებ, რომ თითქოს შეთქმულებს ეშინოდათ, ბერია ყველას დაგვხოცავსო და მას დაასწრეს... მე ჩემი მოსაზრება მაქვს, რომელიც აბათილებს „დასწრებებზე თამაშის“ ვერსიას. ვფიქრობ, შეთქმულებს შეეშინდათ ბერიას რეფორმების, უფრო მეტად კი იმ საერთაშორისო-პოლიტიკური კურსის, რასაც ბერია გეგმავდა, ანუ, რადიკალური დემოკრატიული რეფორმების, რომელთა გატარებაც ბერიამ სტალინის დაკრძალვის (9 მარტი) მეორე დღიდანვე, ანუ 1953 წლის 10 მარტს დაიწყო. ამ რეფორმების დროს შეთქმულებს შესაძლოა, თავიანთი პოსტები დაეკარგათ და ეს იქნებოდა და მეტი არაფერი. ბერია მათ არ გაანადგურებდა. შესაძლოა, მხოლოდ კომფორტულ იზოლაციაში მოეთავსებინა (როგორც ეს ბრეჟნევმა გაუკეთა ხრუშჩოვს). ბერიას რომ მომავალ შეთქმულთა ჯგუფის განადგურება ნდომოდა, ამას სტალინის დასაფლავებისთანავე გააკეთებდა. ლავრენტი პავლოვიჩმა კარგად იცოდა ანდაზა: „რკინა მანამ უნდა გამოაწრთო, სანამ ცხელიაო“ და „გაციებას“ არ დაელოდებოდა. არა, ბერიას სულ სხვა გეგმები ჰქონდა – ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმა. ერთ-ერთი გეგმის ნაწილი იყო ესპანეთის მმართველთან, ფრანკოსთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება და საამისოდ პირველი ნაბიჯიც გადადგა...“

ფრანსისკო ფრანკო დასავლური დემოკრატების მიერ დიქტატორად იყო მიჩნეული და მას ჰიტლერის მომხრესაც კი უწოდებდნენ, თუმცა ეს მთლად ასე არ ყოფილა. „კაუდელიო“ (ფრანკოს მეტსახელია და ნიშნავს ბელადს) თავის თამაშს თამაშობდა. კომუნისტები, სოციალისტები და ბასკი ტერორისტები „ნაციის (ერის) მტრებად“ მიაჩნდა და ებრძოდა მათ. თუმცა, „ცივი ომის“ დაწყებისთანავე დასავლეთმა აღიარა ფრანკო, რადგან ესპანეთი სტრატეგიულად სჭირდებოდათ. აღიარებების პროცესმა ჯაჭვური ხასიათი მიიღო და საბჭოეთისა და მისი ბლოკის გარდა, ფრანკო მთელმა მსოფლიომ აღიარა. სტალინის გარდაცვალების მერე კი უკვე ბერია ჩაერთო ამ პროცესში და ესპანელ „კაუდელიოსთან“ მისასვლელი გზების არა ნგრევას, არამედ შენებას შეუდგა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „1953 წლის 11 მარტს ბერია პირისპირ მესაუბრა და მომავალი სპეციალური ოპერაციის სქემა დამიხატა, რომელსაც „მისასვლელი“ („პოდხოდ“) უწოდა. მოკლედ, ბასკი სეპარატისტების ჯგუფს უნდა შეემუშავებინათ ფრანსისკო ფრანკოს ლიკვიდაციის გეგმა. თუმცა, ბოლო მომენტში ეს გეგმა არ უნდა განხორციელებულიყო, ყველანი ფრანკოს უშიშროებას უნდა დაეპატიმრებინა. ინფორმაცია კი ესპანელებისთვის ჩვენ უნდა მიგვეწოდებინა. მთავარი იყო, რომ თავად ბასკებს არ სცოდნოდათ, რომ მათ ჩვენ მივეცით მიმართულება. რა თქმა უნდა, არც ფრანკოს უნდა გავეშიფრეთ. ჩვენს უწყებას საზღვარგარეთ ყოფილ ნაცისტთა აგენტურა გვყავდა, რომლებიც ბასკებთან იყვნენ დაკავშირებულები. ერთი მხრივ, სწორედ, მათი მეშვეობით მივმართეთ ისინი ფრანკოს წინააღმდეგ. მეორე მხრივ კი (ფრანკოს რომ არ გავეშიფრეთ), ჩვენი აგენტი დავასახელეთ, რომელმაც თითქოსდა მოგვაწოდა ეს ინფორმაცია (ფრანკომ ისიც დააპატიმრა, მაგრამ მალევე გამოუშვა). ფრანკოზე თავდასხმა უნდა განხორციელებულიყო აგარაკიდან რეზიდენციამდე მიმავალი გზის მონაკვეთზე. ექვსკაციან ჯგუფს ოთხი ნაღმტყორცნიდან უნდა აეფეთქებინა „კაუდელიოს“ მანქანა. ორი კი დაზღვევაზე უნდა ყოფილიყო. ერთი სიტყვით, დააპატიმრეს ექვსივე ტერორისტი და კიდევ სამი ადამიანი. ცხრიდან რვა დახვრიტეს. ერთი კი უკან გადმოგვცეს...“ ეს ვერაგული გეგმა, სიმბოლური სახელწოდებით – „პოდხოდ“ (მისასვლელი), ბერიას მიერ იყო მოფიქრებული და ფრანკოს პირად მადლობას ბერიას წინადადება მოჰყვა, სადაც ბერია მას ჰპირდებოდა, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ აღიარებას მიიღებთ და ურთიერთთანამშრომლობა დავამყაროთო. ბერიამ თანხმობა მიიღო. იგი აგვისტოში მადრიდში არაოფიციალურად უნდა სწვეოდა ფრანკოს. თუმცა ამ დროისთვის ბერია უკვე განადგურებული იყო. მისი სასამართლო პროცესი კი – სრულიად ფალსიფიცირებული...

მიუხედავად ყველაფრისა, ბერია აბსოლუტურად მართალი აღმოჩნდა. საბჭოეთმა ესპანეთთან მაინც დაამყარა მჭიდრო ურთიერთობა. თუმცა, ამ კუთხით, დასავლეთს ჩამორჩა. ბერია კი შორსმჭვრეტელი დიპლომატი იყო. იცოდა, რასაც აკეთებდა და რომ არა მისი ლიკვიდაცია, არა ერთ სასარგებლო საქმეს გააკეთებდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი