ბელადები

როგორ იხსნა ბერიამ კონსტანტინე გამსახურდია სიკვდილისგან

№3

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 31.01, 2021 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

თითქმის სამოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ მისმა მკვლელებმა შავი პიარი ააგორეს, რაც დღემდე ეფექტურად მოქმედებს. თუმცა, ზოგიერთი ტაბუმოხსნილი საბუთი თუ ბერიასდროინდელი ადამიანების ჩანაწერები სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს... 

ისტორიკოს-პუბლიცისტი, რუსეთის დამსახურებული ჟურნალისტი როდიონ შირიაევი წერს: „ლავრენტი ბერიას ისტორიას თითქმის ოცდაათი წელია, ვიკვლევ და რაც უფრო მეტ საარქივო-ისტორიულ მასალას თუ კერძო პირთა ჩანაწერებს ვეცნობი, ვრწმუნდები, რომ ეს ადამიანი საკმაოდ ჰუმანური, ღრმად განათლებული პიროვნება იყო და ეპითეტი „სტალინის ჯალათი“ მისთვის მიკერებული იარლიყია და მეტი არაფერი. მავანთ, შესაძლოა, ჩემი სიტყვები სასაცილოდაც კი არ ეყოთ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია... მოდი, ჯერ ღია წყაროებს გადავხედოთ და მათზე დაყრდნობით ვიმსჯელოთ. ღია წყაროები კი გვამცნობენ, რომ ეგრეთ წოდებული, რეპრესიების წლებში (1937-1938), როდესაც ბერია საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო, ეს მზიური რესპუბლიკა მყარად ინარჩუნებდა ბოლო ადგილს რეპრესიების მსხვერპლთა სიაში და მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ყველას. საქართველოში სულ რამდენიმე ათასი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს და მათი უმრავლესობა, მაშინდელი კანონებით, იმსახურებდა კიდეც ასეთ სასჯელს... სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მათ შორის უსამართლო მსხვერპლიც იყო და ბერიას პირადი შურისძიების ფაქტებიც კი არსებობდა (ამ შემთხვევებს ბერია სიცოცხლის ბოლომდე ნანობდა), მაგრამ საკავშირო მასშტაბთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს რეპრესიებმა გვერდი აუარა და ეს ბერიას პირადი დამსახურება იყო. საგულისხმო ფაქტია ის, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა და შედარებით დაბალი რანგის მუშაკი ლავრენტი ბერია ცდილობდა, სასიკვდილო საფრთხე აერიდებინა ადამიანებისთვის და ამას საკუთარი კარიერისა და სიცოცხლის რისკის ფასადაც კი აკეთებდა.
საინტერესოა ისტორია, რომელიც ორ ცნობილ ქართველ ხელოვანთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან და ალექსანდრე აბაშელთან (ნამდვილი გვარია – ჩოჩია) არის დაკავშირებული... 1927 წელს, ერთი წლით ადრე მესამედ დაპატიმრებული და ათი წლით გაციმბირებული, ცნობილი ქართველი მწერალი და სამშობლოს დიდი პატრიოტი კონსტანტინე გამსახურდია ციხიდან გაათავისუფლეს და საქართველოში დააბრუნეს. ეს ფაქტი თავად გამსახურდიასთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. გათავისუფლების მიზეზად საბუთებში ჯანმრთელობის შერყევა იყო აღნიშნული. ჯანმრთელობაშერყეული ბანაკებში ბევრი იყო, მაგრამ თითქმის არავის ათავისუფლებდნენ. იმ პერიოდში ბერია უკვე საქართველოს „ჩეკას“ უფროსი იყო. გამსახურდიას პირადად არ იცნობდა. რა თქმა უნდა, არც გამსახურდია იცნობდა ბერიას. მეტიც, დიდ მწერალს არაფერი სმენოდა ბერიაზე და არც მისი სურათი ჰქონდა ნანახი, რადგან ის ჯერ ბელადების რანგში არ გადიოდა. მძიმე განსაცდელგადატანილი და ოფიციოზისგან ათვალწუნებული გამსახურდია დაუდგრომელი ხასიათის ადამიანი იყო და „მთავრობის წყალობას“ არ ცნობდა. ამიტომ, ციხიდან გამოსვლის მერეც აგრძელებდა საბჭოთა ხელისუფლების ლანძღვას და სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, აქტიურ საპროტესტო აქციებსაც მიმართავდა. გამსახურდიას ახლო მეგობრობა აკავშირებდა ალექსანდრე აბაშელთან (ჩოჩია) და მართალია, აბაშელი აქტიური პროტესტანტობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ისიც სამშობლოს პატრიოტი იყო. 1928 წლის თებერვალში კონსტანტინე გამსახურდია გასაბჭოების საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლას გეგმავდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე და ამის შესახებ რამდენიმე კოლეგას უთხრა...
23 თებერვალია, გამსახურდია აბაშელთანაა ბინაში. მეგობრები სასტუმრო ოთახში სხედან და საუბრობენ. საღამოს 10 საათია. ამ დროს კარზე კაკუნის ხმა გაისმა. მასპინძელი კარის გასაღებად გავიდა და სულ მალე ახალგაზრდა, მელოტ კაცთან ერთად შემობრუნდა უკან, რომელსაც ტყავის პალტო ეცვა და თვალზე პენსნე უელავდა. ახალმოსული სავარძელში მოკალათებული გამსახურდიას წინ შეჩერდა. მწერალი არც კი განძრეულა უცნობის შემოსვლაზე. ახალგაზრდამ კი სწორედ მას მიმართა:
– თუ არ ვცდები, კონსტანტინე გამსახურდია უნდა იყოთ.
გამსახურდიამ უხმოდ, დასტურის ნიშნად დინჯად დაუკრა თავი. პენსნიანმა კი დაამატა:
– აქ იმიტომ მოვედი, რომ გაგაფრთხილოთ, ზეგ რომ ქაშუეთის ეკლესიის წინ შავი ჩოხებით აპირებთ გამოსვლას, თქვენ და თქვენი მეგობრები, რათა გასაბჭოება დაგმოთ, ეს არ გააკეთოთ.
გამსახურდიას სახეზე ირონია გამოესახა და იქვე მდგომ აბაშელს მეგრულად უთხრა:
– ვინაა ეს ლაწირაკი, რომ ამდენს ბედავს და ჭკუას გვარიგებს?
აბაშელმა მხრები აიჩეჩა. პენსნეიანმა კი მეგრულადვე მიუგო გამსახურდიას:
– მე ლაწირაკი კი არა, ლავრენტი ბერია ვარო...
არავინ იცის კიდევ რა ილაპარაკეს მაშინ, მაგრამ ამ მცირეხნიანი შეხვედრის შემდეგ მწერლებმა ბერიას გაფრთხილება ყურად იღეს და რუსთაველზე პროტესტით აღარ გამოსულან. ბერიამ კი ამ საქციელით ბეწვის ხიდზე გაიარა – თავისუფლად შეიძლებოდა, არა მარტო მის კარიერას დასმოდა წერტილი, არამედ მის სიცოცხლესაც... არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გაციმბირებული გამსახურიდიას თბილისში დაბრუნება ბერიას ძალისხმევის შედეგი იყო და ეთაყვანებოდა რა საქართველოს „ჩეკას“ უფროსი მწერალ გამსახურდიას, მისი სიცოცხლე გადაარჩინა. და ეს არ იყო გამონაკლისი. ბერიამ არაერთ შემოქმედს, ხელოვანსა თუ რიგით მოქალაქეს შეუნარჩუნა სიცოცხლე და მისი ჯალათობა თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი