ბელადები

როგორ იხსნა ბერიამ „დიდი თეატრის“ საბალეტო დასი განადგურებისგან

№34

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 02.09, 2021 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ აგორებული ცილისწამებების ქვაკუთხედს ბერიას სადო-მაზოხისტური სექსოპათოლოგობა წარმოადგენს და დღემდე ძალიან ბევრს ეს სიმართლე ჰგონია, ფაქტები სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. ისტორიკოს-პუბლიცისტი ვიქტორ სტარიკოვი წერს: 

„ლავრენტი ბერიას ფალსიფიცირებული სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრალდება იყო ის, რომ თითქოს ბერიას არცერთი ლამაზი ქალი თუ არასრულწლოვანი არ გაუშვია ისე, რომ ლოგინში არ ჩაეგორებინა. როდესაც „ბერიას ქალების“ რაოდენობა შეკრიბეს, მათმა რიცხვმა 10 ათასს მიაღწია. შემდგომ ეს რაოდენობა ძალიან ფანტასტიკურად მიიჩნიეს, 20-ჯერ შეამცირეს და 500 ქალზე შეჩერდნენ. გენერალ-ლეიტენანტი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ათი ათასი „ბერიას ქალის“ რაოდენობის აბსურდულობას თვით გონებადაბნელებული შეთქმულებიც კი მიხვდნენ. თუმცა, 500 ქალიც აბსოლუტური სისულელეა და ამის მარტივი მტკიცებულებაა ის, რომ ბერია 1923-1953 წლებში უკიდურესად დატვირთული იყო და უბრალოდ, ფიზიკურად ვერც მოასწრებდა ამას და ვერც შეძლებდა. ბერიას ცხოვრების ბოლო 30 წლის ყოველდღიური დღის რეჟიმი საყოველთაოდაა ცნობილი და ამის დამტკიცება სრულიად მარტივი გამოთვლებითაა შესაძლებელი. უბრალოდ, ქალებთან გასატარებლად დრო მას არ რჩებოდა და თანაც ბერია არამც თუ გარყვნილი, არამედ აქტიური მექალთანეც კი არ ყოფილა. ლიალია დროზდოვა კი, ვისგანაც ბერიას ქალიშვილი შეეძინა, ლავრენტი პავლეს ძეს შეუყვარდა და ასეთი რამ შეიძლება, ნებისმიერ პატიოსან, არამექალთანე, ცოლიან კაცს მოუვიდეს. ასეთი ბრალდების საპირისპიროდ კი ისიც მეტყველებს, რომ ბერიას არა ერთი ცნობილი ქალბატონი გამოუგლეჯია უმაღლესი პარტიული ფუნქციონერის კლანჭებიდან, რადგან უმეტესი მათგანი, სწორედაც რომ, გარყვნილი მექალთანე იყო და რასაც თვითონ სჩადიოდნენ, ბოლოს ბერიას გადააბრალეს.“ გენერალი სუდოპლატოვი აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ღაღადებდა. საგულისხმო ფაქტია ის, რომ ბერიამ ვიქტორ აბაკუმოვის კლანჭებს ახალგაზრდა მაია პლისეცკაია გამოგლიჯა და საერთოდ, „დიდი თეატრის“ საბალეტო დასი დაშლას გადაარჩინა. გენერალი ვიქტორ აბაკუმოვი სამხედრო კონტრდაზვერვა „სმერშის“ ხელმძღვანელი იყო. ომის შემდეგ კი სტალინმა ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ ორგანოებში გაამწესა და სწორედ, იქ „გაშალა ფრთები“. ჯერ ერთი, რომ აბაკუმოვმა ოკუპირებული გერმანიიდან აურაცხელი ნაძარცვი სიმდიდრე ჩამოიტანა საბჭოთა კავშირში და გაზულუქებული ბურჟუასავით ცხოვრობდა. მიუხედავად მეორე მსოფლიო ომში დამსახურებისა, ომის შემდეგ აბაკუმოვი კაბინეტის კაცი გახდა. მისი მთავარი სამუშაო იარაღი ტელეფონი იყო. მას უამრავი დრო ჰქონდა და მრავალი საყვარელიც ჰყავდა. აბაკუმოვმა თავისი უწყება ლამაზი მდივანი გოგონებით აავსო და სწორედ, მათთან ერთობოდა როგორც თავის კაბინეტში, ასევე ფეშენებელურ ბინასა და ორ კეთილმოწყობილ აგარაკზე. ერთი სიტყვით, აბაკუმოვი სიამოვნებას არ იკლებდა და თუკი რომელიმე ლამაზი ქალი მოეწონებოდა, ყველა ძალას ხმარობდა მის დასამორჩილებლად. ამ ქალების უმეტესობა აბაკუმოვს ნებდებოდა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც მას ლოგინში არ უწვებოდა და ასეთ შემთხვევაში გაზულუქებული გენერალი ურჩი ქალს საქმეს უთითხნიდა და ციხეში სვამდა. ასე გააციმბირა აბაკუმოვმა ცნობილი მსახიობი ოკუნევსკაია, რომელიც ციმბირის ბანაკში ტუბერკულოზით დაავადდა. მართალია, ოკუნევსკაია ბერიამ გაათავისუფლა, მაგრამ ეს ცნობილი და ულამაზესი ქალი ამ დაავადებამ შეიწირა. აბაკუმოვს განსაკუთრებული ლტოლვა ჰქონდა „დიდი თეატრის“ ბალერინებისადმი. გენერლის ლტოლვის ობიექტი გახდა ახალგაზრდა, უნიჭიერესი და პერსპექტიული მოცეკვავე მაია პლისეცკაია. თუმცა, აბაკუმოვმა ქალი ვერ დაიმორჩილა. ასევე, უარი უთხრა აბაკუმოვს პლისეცკაიას კიდევ ხუთმა ცნობილმა კოლეგამ. გამწარებული გენერალი ისე დაიბოღმა, რომ ექვსივე ურჩ ბალერინას საქმეები შეუკერა და უნდა დაეპატიმრებინა. თუმცა, ბოლო მომენტში ამ საქმეში ლავრენტი ბერია ჩაერთო. სერგო ბერია (ლავრენტი ბერიას ვაჟი) იხსენებდა: „როდესაც ვიქტორ აბაკუმოვი განუკითხავად იქცეოდა, იმ პერიოდში მამაჩემი უკიდურესად დაკავებული იყო. ის პერმანენტულ მიმოსვლაში ატარებდა დროს და დილით რომ კავკასიაში იმყოფებოდა სხვადასხვა საკითხის მოსაგვარებლად, შუადღეზე მოსკოვში მნიშვნელოვან საქმეს განიხილავდა. ღამით კი უკვე ციმბირში ჩადიოდა და საიდუმლო პროექტების ინსპექტირებას ახორციელებდა. მამას სპეციალური, სწრაფმფრენი სამხედრო თვითმფრინავი ემსახურებოდა და ზოგჯერ ნორმალური კვებისთვისაც კი არ რჩებოდა დრო. მიუხედავად ამისა, მამას ყურამდე მიაღწია „დიდი თეატრის“ „ბალერინების საქმემ“ და რომ იტყვიან, თვითმფრინავის ტრაპიდან ჩაერთო საქმეში. ფორმალურად იმ პერიოდში აბაკუმოვი მამაჩემის დაქვემდებარებაში არ შედიოდა. ის პირადად სტალინს ემორჩილებოდა და პირდაპირ გადიოდა მასზე, რადგან ბელადთან ინფორმაციები მიჰქონდა, რომელთა გარკვეული ნაწილი ინტრიგნული იყო. მიუხედავად ამისა, მამამ მოიპოვა ინფორმაცია აბაკუმოვის მიერ „შეკერილი“ საქმეების შესახებ. შემდეგ აბაკუმოვი „ლუბიანკაზე“ მიაყვანინა და თავის კაბინეტში არგუმენტირებულად „შეჯორა“ და დაემუქრა: გენერალო, აქედან შენს უწყებაში დაბრუნდები და ექვსივე საქმეს მოსპობ! წინააღმდეგ შემთხვევაში სტალინი შეიტყობს, თუ როგორ ცდილობ „დიდი თეატრის“ საბალეტო დასის განადგურებას და ამაზე პასუხს თავად ბელადი მოგთხოვს. მით უმეტეს, რომ იცი, თუ როგორ უყვარს სტალინს ბალეტი და „დიდი თეატრი“. აბაკუმოვმა ბერიას ბრძანება შეასრულა ისე, როგორც იყო ნათქვამი. თუმცა, გენერალი რამდენიმე თვეში დააპატიმრეს და ყველა დანაშაული გაუხსნეს. რამდენიმე წელიწადში კი დახვრიტეს. თუმცა ბერია უფრო ადრე მოკლეს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი