ბელადები

როგორ გაშიფრა სტალინმა დასავლური ანტისაბჭოთა გეგმა „წარმოუდგენელი“

№36

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 15.09, 2022 წელი

საბჭოთა იარაღი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი უმკაცრესი მმართველი იყო, ამასთან, სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მაღლა არასდროს არაფერს და არავის აყენებდა. მათ შორის, არც უახლოეს სისხლით ნათესავებს და ოჯახის წევრებსაც კი, მით უმეტეს, უცხოებს. მართალია, სტალინი ადამიანებს ენდობოდა, მაგრამ თუ შენიშნავდა, რომ მას ატყუებდნენ, არც თავს მოატყუებინებდა, არ ინდობდა მოტყუების მოსურნეს და ისეთ „ილეთს“ ჩაუტარებდა, რომ ბედს აწყევლინებდა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „სტალინი ძალიან მკაცრი კაცი იყო და ლენინი მას „ზეწოლის“ დიდოსტატს უწოდებდა. თვით ლევ დავიდოვიჩ ტროცკი, სტალინის დიდი მტერი, წერდა: „სტალინს ლენინი, პირველ რიგში, იმის გამო აფასებდა, რომ „კობა“ თავს არავის გაასულელებინებდა. ილიჩი ამბობდა, სტალინივით ზეწოლა არავის შეუძლია არა მარტო ჩვენ შორის, არამედ მსოფლიოშიო. სტალინი მართლაც დიდ გავლენას ახდენდა ყველაზე და მას წინააღმდეგობას ვერავინ უწევდა“. ტროცკი სტალინის ამ თვისებას ზოგადად აღწერს და იმას არ ამბობს, რომ სტალინი ზეწოლას მტრებზე ახორციელებდა (მათ შორის, თავად ტროცკიზეც) და არა ყველაზე. სწორედ ტროცკიზე ზეწოლამ და ნამდვილმა ფაქტებმა გაამარჯვებინა ჩვენს ფრთას და დავამარცხეთ ტროცკიც და მისი მიმდევრებიც, რომლებიც ქვეყანას, მთელ საბჭოთა კავშირს, უფსკრულისკენ მიაქანებდნენ. აგრეთვე, სტალინის ზეწოლამ მოგვიტანა გამარჯვება ჰიტლერთან ომში და ჩვენი ისტორიის ეს ფურცელი დღემდე ბოლომდე არ გაშიფრულა“.

მოლოტოვი ამ სიტყვებს „გაგანია პერესტროიკის“ დროს ამბობს, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ვითომდა „საჯაროობა“ ზეობდა, სინამდვილეში კი გორბაჩოვისეული პროპაგანდა მხოლოდ მათთვის სასარგებლო ინფორმაციებს ასაჯაროებდა და მთელი რიგი ფაქტები კვლავ იდუმალებით იყო მოცული და დაკარგულიც კი. 1985 წელს დასავლეთს ხელს არ აძლევდა იმის აფიშირება, რომ ჯერ კიდევ 1944 წლის მიწურულს ბრიტანო-ამერიკელები ფაშისტებთან სეპარატისტულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ საბჭოეთის წინააღმდეგ და მასზე თავდასხმას აპირებდნენ.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, ეგრეთ წოდებული, „დიდი სამეულის“ ქვეყნები, ჰიტლერთან ომში ერთ მხარეს ვიყავით, ჩვენ, საბჭოთა დაზვერვა, მაინც გაცხოველებული ენერგიით ვმუშაობდით მოკავშირეების ზურგში, ზუსტად ისევე და შეიძლება ითქვას, მეტადაც, ვიდრე ფაშისტებთან მიმართებაში. სტალინი ბრძენი პოლიტიკოსი იყო. ის ბოლომდე არ ენდობოდა მოკავშირეებს და სურდა, რომ მათი გეგმების შესახებ ყველაფერი გვცოდნოდა. მან სწორედ ასეთი მიზანი დაგვისახა და არც შემცდარა. ჩვენმა მზვერავებმა მალევე აღმოაჩინეს, რომ ანგლო-ამერიკელები, ალენ დალესის მეთაურობით, შვეიცარიაში ფაშისტებს საიდუმლოდ ხვდებოდნენ და საკმაოდ შორს მიმართული გეგმები ჰქონდათ. კერძოდ კი, გენერალ კარლ ვოლფს უთანხმდებოდნენ, რომ თუკი ფაშისტები ანგლო-ამერიკელებს უბრძოლველად ჩაბარდებოდნენ, შემდგომ კი კოალიციური ძალებით – გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი – საბჭოეთს შეუტევდნენ და დაამარცხებდნენ, მაშინ საბჭოეთს დაანაწილებდნენ და მათთვის ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა. ეს იგივე იყო, რასაც ჰიტლერი გეგმავდა „ბარბაროსაში“ და რა თქმა უნდა, ვოლფი და მისი დამქაშები თანახმანი იყვნენ ამ წინადადებაზე. მეტიც, დიდი ბრიტანეთის სამხედრო შტაბმა შეიმუშავა საბჭოთა კავშირთან ომის გეგმა და მას კოდური სახელი – „წარმოუდგენელი“, უწოდეს. თუმცა, ეს გეგმა ჩაფლავდა. სტალინმა ის ღიად ამხილა, რაც, მართლაც რომ, წარმოუდგენელი იყო. დასავლეთს იმედი ჰქონდა, რომ ჰიტლერის „ბარბაროსას“ უკვე 1945-1946 წლებში ანგლო-ამერიკელები და კვლავ გერმანელები განახორციელებდნენ. თუმცა, რომ იტყვიან, ფეხი არ ჩაუვიდათ“.

1945 წლის თებერვალში ყირიმის (იალტის) კონფერენციაზე სტალინმა ჩერჩილსა და რუზველტს უტყუარი საბუთები წარუდგინა დასავლური სეპარატიზმის შესახებ და მათ ხელი ააღებინა დასახულ გეგმაზე, რომელიც სავარაუდოდ, უდიდესი კატასტროფა იქნებოდა კაცობრიობისთვის. მართალია, ატომური იარაღი ჯერ კიდევ დამზადების სტადიაში იყო, მაგრამ იმ პერიოდისთვის იმდენი ძლიერი სამხედრო იარაღი იყო შექმნილი და ისეთი უდიდესი სამხედრო რესურსი იყო მობილიზებული, რომ კაცობრიობის კატასტროფას ატომური ბომბის აფეთქება აღარც კი დასჭირდებოდა.

მარშალი კონსტანტინე როკოსოვსკი: „ყირიმის კონფერენციის მსვლელობამდე სულ რამდენიმე საათით ადრე სტალინმა ჟუკოვი, მე და სხვა მხედართმთავრები დაგვიბარა და მოკლედ გვითხრა: გამორიცხული არაა, რომ ბრიტანო-ამერიკელების წინააღმდეგ თქვენი არმიების შემობრუნება დაგჭირდეთ და ამისთვის მზად იყავით. თუ ასე მოხდა, მაშინ ისინი ფაშისტებივით უნდა გავანადგუროთ. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი რამ საჭირო არ გახდა“. ეს კი იმან განაპირობა, რომ სტალინმა ბრიტანო-ამერიკელები „წარმოუდგენლის“ აბსურდულობაში დაარწმუნა.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი