ბელადები

როგორ გამოსწორდა მძიმე ვითარება უკრაინაში ბერიას წყალობით

№17

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 07.05, 2023 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია მრავალპლანიანი ადამიანი იყო და სწორედ იმიტომ აღწევდა დიდ წარმატებებს, რომ საქმეს არასოდეს უდგებოდა ცალსახად. როგორც ცნობილ ანდაზაშია – ის (ბერია) შვიდჯერ ზომავდა და ერთხელ ჭრიდა. მაგრამ ჭრიდა ისე, რომ არანაირი ხინჯი არ რჩებოდა.

სერგო ბერია: „საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ყველაზე დაუმორჩილებელი და ანტისაბჭოთა (ანტირუსული) განწყობის ქვეყნები იყო საქართველო და უკრაინა. ამ რესპუბლიკებში თითქმის არასდროს ცხრებოდა იატაკქვეშა ანტიკომუნისტური ვნებები და ცენტრალური მთავრობა ყოველთვის განსაკუთრებულ ღონისძიებებს მიმართავდა „ბუნტარების“ წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, მამაჩემი საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივანი იყო და ცნობილი რეპრესიების წლებში მოახერხა ამ კრიზისის დაძლევა და მცირე სისხლით გამოვიდა ამ საქმიდან. ამას ვერ ვიტყვით უკრაინაზე. იქ ხრუშჩოვი მძვინვარებდა. მილიონობით უკრაინელის სისხლი დაღვარა და განსაკუთრებული სისასტიკით შეძლო სიტუაციის შენელება. ვიმეორებ შენელება და არა განეიტრალება. ამ უზარმაზარ, მდიდარ მხარეს „გოლოდომორის“ საშინელებამ გადაუარა და ოფიციალური მონაცემებით 3 მილიონი ადამიანი გაწყვიტა შიმშილმა. თუმცა, ნამდვილი რიცხვი, მინიმუმ, ორ-ნახევარჯერ მეტია. ამ უბედურებამ უკრაინელთა ნაციონალისტური განწყობები კიდევ უფრო გაამძაფრა და ადამიანები ბევრად უფრო თავზე ხელაღებულები გახდნენ. „ჩეკას“ მონაცემებით, ქვეყანაში დიდი არეულობა, საყოველთაო აჯანყება მოხდებოდა და მისი შეჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდებოდა. ეს კი საბჭოთა კავშირს უკიდურესად შეასუსტებდა და ქვეყანა დაშლის პირას მივიდოდა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამ მდგომარეობის გამოსასწორებელი ძალიან მარტივი სქემა მამაჩემმა შესთავაზა სტალინს და ბელადი ჯერ დაეთანხმა, შემდგომ კი მისი დაუყოვნებელი განხორციელების ბრძანებაც გასცა.“

ბერიას მარტივი და გენიალური სქემა ის იყო, რომ მან სტალინს ურჩია, უკრაინიდან მხოლოდ 60 პროცენტი ხორბლისა და 60 პროცენტი ხორცპროდუქტების გატანა, ნაცვლად 90–90-ისა. აგრეთვე, უკრაინაში მეტი სახორბლე მიწების დამუშავება და რქოსანი ცხოველების რაოდენობის გაზრდა. ერთი მხრივ, ამ ზომებმა „გოლოდომორი“ შეაჩერა. მეორე მხრივ კი, სამომავლო საფუძველი ჩაუყარა იმას, რომ „გოლოდომორი“ არ განმეორებულიყო. მეორე რჩევა კი ის იყო, რომ სტალინური ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში განხორციელებულიყო და ასეც მოხდა. უკრაინაში აშენდა უმძლავრესი სამხედრო მრეწველობა. განვითარდა ენერგეტიკული სექტორი და ამ ყველაფერმა ხალხის დასაქმება გამოიწვია და ანტისაბჭოური განწყობები ჩაცხრა. აჯანყებისა და სამოქალაქო ომის საშიშროებაც გაქრა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „უკრაინა ყოველთვის ფეთქებადსაშიში რეგიონი იყო და რომ იტყვიან, დენთის კასრზე იჯდა. სტალინს ძალიან აშფოთებდა ასეთი სიტუაცია და ბერიას რჩევა სწორედ ამიტომაც გაიზიარა, განახორციელა და სასურველი შედეგიც მივიღეთ. ერთ-ერთი მთავარი მომენტი ის იყო, რომ ხრუშჩოვი უკრაინას მოაშორა და იქ ახალი ხელმძღვანელობა მიავლინა, ვინც ზედმიწევნით განახორციელა სტალინის გეგმა – უფრო სწორად, კი ბერიას გეგმა“.

უკრაინაში რომ სიტუაცია გამოსწორდა, ქვეყანა (საბჭოთა კავშირი) ძალიან სწრაფი და ეფექტური განვითარების გზას დაადგა. ბელადმა კი დაინახა, რომ ბერიას საქართველოში დატოვება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და „დიდი ომის“ წინ ბერია მოსკოვში გადაიყვანა და უსაფრთხოების სისტემა ჩააბარა.

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ბერიას მოსკოვში გადაყვანა იყო სტალინის ფრაზის – კადრები წყვეტენ ყველაფერს, ყველაზე ნათელი დადასტურება, სწორედ ცენტრალურ მთავრობაში გადასვლით დაამტკიცა ბერიამ, რომ ქვეყნის (საბჭოთა კავშირი) ნამდვილი ბურჯი იყო სტალინთან ერთად და სწორედ ამ ტანდემმა განახორციელა უდიდესი აღმშენებლობის, შემდგომ ომის მოგებისა და კვლავ აღმშენებლობის პროცესი. ბერიას უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ეს ადამიანი ერთდროულად იყო შემოქმედი, დამგეგმავი და განმახორციელებელიც. ასეთი ადამიანები კი მსოფლიო ისტორიაში თითებზე ჩამოსათვლელია“.

დღესდღეობით ბერიას შემოქმედებას ჯერ კიდევ „შავად“აფასებენ და როდის „გაათეთრებენ“ ან „გაათეთრებენ“ თუ არა საერთოდ, საკითხავია. მაგრამ, ვინც რა უნდა წეროს და თქვას და რა შავი პიარიც არ უნდა ააგოროს, ფაქტები ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ სწორედ ბერია იყო ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ ქვეყნისა, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა და მეტ-ნაკლებად თანასწორუფლებიანი საზოგადოება შექმნა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი