ბელადები

როგორ გამოჰგლიჯა ხელიდან ბერიამ დასახვრეტად გამზადებული ხრუშჩოვი სტალინს

ავტორი: ნიკა ლაშაური 14:29 17.11, 2020 წელი

ლავრენტი ბერია
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია ძალიან წარმატებული ადამიანი იყო და მის სახელს პლანეტარული მასშტაბის მიღწევები უკავშირდება, მისი სიცოცხლე ფატალურად დასრულდა და თანაც ისეთ ასაკში, რომ მას მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა და კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევდა. ყველაზე ტრაგიკომიკური კი ის გარემოებაა, რომ ბერიამ სიკვდილისგან იხსნა თავისი ორი ჯალათი, რომლებმაც მას სიცოცხლე მოუსპეს – ნიკიტა ხრუშჩოვი, ვინც ბერიას შეთქმულება მოუწყო და პავლე ბატიცკი, ვინც ბერია მოკლა კეფაში გასროლით, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ანატოლი ვორონოვი წერს: „პავლე ბატიცკის, ისევე როგორც კირილ მოსკალენკოს, მოგვიანებით მარშლის წოდებები მიანიჭეს, თუმცა ისინი ამას საერთოდ არ იმსახურებდნენ. ეს პატივი კი მათ ლავრენტი ბერიას ვერაგული მკვლელობისთვის ხვდათ წილად. მკვლელობის უშუალო შემსრულებელი პავლე ბატიცკი 1937 წელს, ცოტა ხნის განმავლობაში, თბილისში, ამიერკავკასიის შტაბში მსახურობდა, მაღალ თანამდებობაზე. ის ლოთი იყო და მისი ცოლი მისსავე ხელქვეითებთან ღალატობდა. ერთ-ერთ მათგანთან ერთად კი გაიპარა და მომავალი მარშალი ხახამშრალი და შერცხვენილი დატოვა. ამის ნიადაგზე ბატიცკიმ ლოთობას უმატა. ერთ დღეს კი გადატენილი პისტოლეტით ქუჩაში გამოვარდა და ჯერ ჰაერში სროლა ატეხა, შემდგომ კი თავის მოკვლა სცადა. ბერია იმ პერიოდში საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივანი იყო. ის სამსახურში ფეხით მიდიოდა და ამ სცენას შეესწრო. ბერიამ დაცვას უბრძანა, ადგილზე დარჩენილიყო, შემდეგ პისტოლეტმომარჯვებულ ბატიცკისთან მივიდა და საფეთქელზე მიდებული იარაღი აართვა. ბატიცკი გამოსაფხიზლებელში წაიყვანეს და როდესაც გამოფხიზლდა და თავი მოიწესრიგა, ბერიამ იხმო, ესაუბრა მას, დაამშვიდა და სამუშაოდ სხვა ადგილზე გადააყვანინა. ამის მერე ბატიცკის კარიერა აეწყო. ის ხელმეორედ დაქორწინდა და ბერიას მადლობაც კი გადაუხადა, როდესაც 1940 წელს მოსკოვში შეხვდა. 1953 წელს კი ბატიცკიმ ბერია ხრუშჩოვის ბრძანებით მოკლა. რაც შეეხება ბერიას მთავარ ჯალათს, ნიკიტა ხრუშჩოვს, ბერიამ ის 1939 წლის თებერვალში იხსნა დახვრეტისგან. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ბერიას დახვრეტიდან ოცდაათ წელზე მეტი გავიდა (ჩაწერილია 1985 წელს, როდესაც მოლოტოვი 95 წლის იყო, 1986 წელს კი ის 96 წლის ასაკში გარდაიცვალა) და მწარედ ვნანობ, რომ მის განადგურებაში მივიღე მონაწილეობა. ზუსტად ვიცი, რომ ანალოგიურად ნანობენ ამას შეთქმულების სხვა მონაწილეებიც. არადა ხრუშჩოვი გაუნათლებელი, მოსულელო კარიერისტი იყო და ამდენი ხალხი კი აგვიყოლია. სხვათა შორის, ხრუშჩოვი იყო ის კაცი, ვინც უკრაინაში მილიონობით ადამიანი დაახვრეტინა და ის ყელამდე სისხლში ცურავდა. შემდგომ კი ეს ყველაფერი ბერიას დაბრალდა... უკრაინის „ცეკას“ პირველი მდივნობის პერიოდში, 1938 წელს, მისი პირადი ბრძანებით, მილიონზე მეტი ადამიანი შერაცხეს ხალხის მტრად და დახვრიტეს. შემდგომ უკვე ისე წავიდა საქმე ქვეყანაში, რომ დასახვრეტი სიები მოსკოვთან უნდა შეთანხმებულიყო და ხრუშჩოვი ასეულათასიან სიებს აგზავნიდა დედაქალაქში. მოსკოვში კი ძალიან ცოტა ხალხის დახვრეტაზე აძლევდნენ სანქციას. 1939 წლის დასაწყისში ხრუშჩოვმა სტალინს გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ეწერა: „ძვირფასო ამხანაგო სტალინ! ჩემ მიერ გამოგზავნილი მტრების დასახვრეტი სიების ცოტა რაოდენობას მიმტკიცებენ. არადა, უკრაინაში ამ კატეგორიის ხალხი ძალიან ბევრია და გთხოვთ, ჩაერიოთ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“. 1939 წელს ბერია უკვე შინაგან საქმეთა საკავშირო კომისარი იყო. სტალინმა ის თავისთან დაიბარა და უბრძანა, კიევში ჩასულიყო, ყველაფერი გაერკვია და მისთვის მოეხსენებინა. იანვრის მიწურულს ბერია უკრაინაში ჩაფრინდა და დაადგინა, რომ ხრუშჩოვი სიტუაციას ამუქებდა. მაშინ სტალინმა ბერიას უთხრა, რომ ხრუშჩოვი პირადად ჩამოეყვანა მოსკოვში და დაეპატიმრებინა. ეს კი, ფაქტობრივად, დახვრეტის ტოლფასი იყო. ბერიამ სტალინი დაარწმუნა, რომ ხრუშჩოვის დახვრეტა არ ღირდა და საკმარისი იყო მხოლოდ მისი კონტროლი. ხოლო ამ კაცის ენერგიულობა პარტიას წაადგებოდა და უმჯობესი იქნებოდა მისი (ხრუშჩოვის) თანამდებობაზე დატოვება. სხვათა შორის, ხრუშჩოვი რომ ბერიამ დაიცვა, მეც იქ ვიმყოფებოდი და ყველაფერს შევესწარი. სტალინმა ბოლომდე მოუსმინა ბერიას. შემდეგ კიევში დაურეკა ხრუშჩოვს და უთხრა:
– ამხანაგო ხრუშჩოვ, ჩათვალეთ, რომ მეორედ დაიბადეთ და ამას ამხანაგ ბერიას უმადლოდეთ. ამიერიდან არანაირი თვითშემოქმედება არ გამაგონოთ და ყველა გადაწყვეტილება პირადად მე შემითანხმეთო.
ერთი სიტყვით, ბერიამ ხრუშჩოვი სიკვდილისგან იხნა. ხრუშჩოვი ბერიას მადლიერი იყო და ამას აშკარად გამოხატავდა ყოველთვის. თუმცა, თურმე, უბეში მისი მოსაკლავი დანა ედო. ჩვენც ჩაგვითრია თავის ავანტიურაში და ბერია კოლექტიურად მოვიშორეთ. არადა, ბერიას რომ ეცოცხლა, დღევანდელი ქაოსი არ იქნებოდა...“
მოლოტოვი ამ სიტყვებს გაგანია „პერესტროიკის“ დროს, 1985 წელს ამბობდა, ხედავდა რა, რომ ის დიდი ქვეყანა, რომლის მშენებლობაშიც დიდი წვლილი ჰქონდა შეტანილი, თავზე ემხობოდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი