ბელადები

როგორ გადაიბირა ბერიამ გერმანიის ელჩი

№9

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 12.03, 2023 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია, მიუხედავად იმისა, რომ არა ერთ სფეროში მოღვაწეობდა, ისტორიოგრაფიაში შესულია, როგორც საბჭოთა უშიშროების დიდი ორგანიზატორი, რეფორმატორი და ეს აბსოლუტური სიმართლეა. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული საბჭოთა დაზვერვის უდიდესი მიღწევები, რამაც პირველ რიგში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰიტლერის დამარცხებაში.

გენერალი პავლე ფიტინი: „ბერიას ამერიკელებმა ტყუილად როდი უწოდეს „დაზვერვის გენია“. ეპითეტი ზედგამოჭრილია ამ ადამიანისთვის და რაც არ უნდა ჩირქი მოსცხონ და ლაფში ამოსვარონ მისი სახელი, ამ დამსახურებას მას ვერ შეუბღალავენ. ბერია ყოველთვის ისეთ სვლებს პოულობდა (ამ შემთხვევაში მე მხოლოდ დაზვერვა მაქვს მხედველობაში), რაც დიდად რგებდა საქმეს. ბერიას ადამიანების განჭვრეტისა და მათი დარწმუნების უნიკალური უნარი ჰქონდა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მის წინაშე დასმულ ყველა ამოცანას ეს ადამიანი წარმატებით ართმევდა თავს. ამოცანებს კი მას სტალინი უსახავდა და ისინი ყოველთვის ურთულესი იყო. მით უმეტეს, ომის წინა პერიოდში (რა თქმა უნდა, ომის დროსაც). მარტო შულენბურგის გადაბირება რად ღირდა.“

გრაფი ვერნერ ფონ დერ შულენბურგი გერმანელი დიპლომატი იყო და საბჭოთა კავშირში ელჩად 1934 წელს დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა დაზვერვას გერმანიაში მაღალი დონის რეზიდენტურა ჰქონდა ჩანერგილი, ასევე, სხვადასხვა ყვეყანაში მოღვაწე გერმანელი დიპლომატები ჰყავდა გადაბირებული, ამ კუთხით მუშაობა ყოველდღიურად ძლიერდებოდა. ჰიტლერთან ომი კარს იყო მომდგარი და რომ იტყვიან, ზედმეტი აგენტი დაზვერვას არ აწყენდა. ამიტომ ბერიამ შულენბურგის გადაბირება დასვა დღის წესრიგში და საამისოდ სპეციალური ღონისძიებებიც დაიგეგმა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „გერმანიასთან დადებული თავდაუსხმელობის პაქტიდან ორი კვირის შემდეგ ბერიამ მე და ფიტინი გვიხმო და გვითხრა:

– მეგობრებო, არავისთვისაა საიდუმლო, რომ გერმანიასთან დადებული პაქტი, ფაქტობრივად, ფარატინა ქაღალდია და რომ მას ჰიტლერი აუცილებლად დაარღვევს. ჩვენი ამოცანაა, რომ დარღვევის, ანუ ომის დაწყების თარიღი, რაც შეიძლება, გადავწიოთ და საამისოდ კი იქ უფრო და უფრო მეტი აგენტი თუ არა, თანამოაზრე მაინც გავიჩინოთ.

ბერიამ პაუზა გააკეთა და ხან მე მაკვირდებოდა, ხან ფიტინს. მე ბოლომდე ვერ ჩავწვდი ბერიას სიტყვების მიზანს. ფიტინსაც ეტყობოდა, რომ ვერც ის. არც ბერიას გასჭირვებია ამის მიხვედრა. მას გაეცინა და გვითხრა:

– მეგობრებო, ამ მიმართულებით ჩვენი უახლოესი მიზანია, რომ გერმანიის ელჩი შულენბურგი დავარწმუნოთ ჩვენთან ურთიერთობის აუცილებლობაში.

ფიტინმა ბერიას უთხრა:

– ლავრენტი პავლოვიჩ, შულენბურგი საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა და ამის გაკეთება, ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება.

– შენი აზრით, შეუძლებელიც, ხომ? – ღიმილით შეაწყვეტინა ბერიამ ფიტინს.

– დიახ, ამხანაგო ბერია, – დაეთანხმა ფიტინი.

– მე კი ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად შესაძლებელია და რაც მთავარია, აუცილებელიც, – თქვა ბერიამ და მე მომმართა:

– თქვენი აზრი?

– შულენბურგის გადმობირება, ვფიქრობ, გაგვიჭირდება, ლავრენტი პავლოვიჩ, – ვუპასუხე ბერიას.

– მომისმინეთ და მიხვდებით, რომ ასეთი რამ სავსებით რეალურია, – გვითხრა ბერიამ. წინ ორი ნაბეჭდი ფურცელი დაგვიდო და დაამატა, – აქ შულენბურგის დოსიეა. აქვე გაეცანით ძალიან ყურადღებით და თქვენი მოსაზრებები გამაცანით.

დოსიეში შულენბურგის ბიოგრაფიასთან ერთად ეწერა, რომ 1918 წელს მენშევიკურ საქართველოში ის გერმანიის წარმომადგენელი იყო. ასევე, აღნიშნული იყო ისიც, რომ გრაფს სახსრები აწუხებდა და მაშინაც და ამჟამადაც ის წყალტუბოში აბაზანების მისაღებად ჩადიოდა ხოლმე. იქვე იყო აღნიშნული, რომ შულენბურგი თავგამოდებული მოჭადრაკე იყო და კარგად იცნობდა ცნობილ ქართველ მოჭადრაკეს, ვიქტორ გოგლიძეს. ეს უკანასკნელი კი „ენკავედეს“ გენერლის, სერგო გოგლიძის ღვიძლი ძმა იყო.

სიტყვა ფიტინმა აიღო და ბერიას უთხრა:

– თუ არ ვცდები, ამხანაგ ვიქტორ გოგლიძის მეშვეობით უნდა მოვახერხოთ ამ ამოცანის გადაჭრა.

ბერიამ თავი დააქნია და მკითხა:

– თქვენი აზრი?

– ვფიქრობ, რომ გოგლიძესთან შულენბურგი ზედმეტს ილაპარაკებს. ჩვენ ამას ჩავიწერთ და შემდგომ კი მას დაველაპარაკებით, – დავამატე მე.

– სწორია. იმოქმედეთ! – გვითხრა ბერიამ.

ორი კვირის შემდეგ გოგლიძე და შულენბურგი ერთმანეთს წყალტუბოში შეხვდნენ. ცოტა კონიაკი დალიეს. ისაუბრეს. ჩვენ კი ეს ყველაფერი კინოკამერაზე აღვბეჭდეთ და შემდეგ უკვე პირადად ბერიამ დელიკატურად „გამოიყენა“ გრაფი შულენბურგი.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი