ბელადები

როგორ გააცურა ბერიამ იაპონელები და ფაშისტები სტალინგრადის ბრძოლის წინ

№20

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 28.05, 2023 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას დიდი წვლილი მიუძღვის ფაშიზმზე გამარჯვებაში. მის მიერ მოფიქრებულმა მახვილგონივრულმა სვლებმა მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირისთვის სტრატეგიული უპირატესობების მოპოვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

კონსტანტინე როკოსოვსკი იხსენებდა: „როგორც ცნობილია, სტალინგრადში გამარჯვებამ ამ ომში გარდამტეხი როლი შეასრულა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ჩვენ სტალინგრადში თავი მოვუყარეთ მნიშვნელოვან სამხედრო ძალებსა და ტექნიკას. ეს რესურსები კი ახლო აღმოსავლეთიდან გადმოვისროლეთ, იქიდან, საიდანაც იაპონიის ვერაგული თავდასხმა იყო მოსალოდნელი. ამ თავდასხმის განეიტრალებაში კი გადამწყვეტი როლი საბჭოთა დაზვერვამ შეასრულა“.

როკოსოვსკი ისეთ დროს საუბრობდა ამაზე, როდესაც ბერიას სახელის ხსენება დანაშაული იყო და გამჟღერებელს ციხე არ ასცდებოდა. თუმცა, მაშინაც ყველამ იცოდა, თუ ვის გულისხმობდა სახელოვანი მარშალი, რადგან საბჭოთა დაზვერვის ხელმძღვანელი ლავრენტი ბერია იყო. საბჭოთა დაზვერვამ იაპონელები დაარწმუნა, რომ მათ საზღვრებთან მობილიზებული იყო იმაზე ბევრად მეტი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა, ვიდრე ამას სინამდვილეში უწყება უზრუნველყოფდა. ნახევარი მილიონი ჯარისკაცი და უამრავი სამხედრო ტექნიკა ისე ელვისებურად გადაიყვანეს ათასობით კილომეტრზე, რომ ვერავინ შეიტყო. სტალინგრადში კი საპირისპირო ოპერაცია ჩატარდა. ნახევარი მილიონი ჯარისკაცი სამ წრედ ისე განალაგეს, რომ მათი დაფიქსირება შეუძლებელი იყო. დიდძალი სამხედრო ტექნიკა კი უზარმაზარ კატაკომბებში ჩამარხეს. ზედაპირზე კი მცირერიცხოვან ძალებთან ერთად განალაგეს გასაბერი, ვითომ სამხედრო ტექნიკა. იმავდროულად, უკიდურესად გამკაცრდა კონტროლი საბჭოთა პოზიციებში შესვლაზე, რამაც გაძლიერებული ინტერესი გამოიწვია ფაშისტების მხრიდან. საბჭოთა პოზიციების დასაზვერად გაგზავნილმა მზვერავებმა „შეაღწიეს“ (სინამდვილეში ისინი „ენკავედეს“ კონტროლით შევიდნენ იქ) „დახურულ“ ტერიტორიაზე და „აღმოაჩინეს“, რომ საბჭოთა პოზიციები, ფაქტობრივად, დაუცველი იყო და იქაურობა დეკორაციებით იყო მოფენილი. ეს ცნობები ჰიტლერულმა ხელმძღვანელობამ ხუთი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროდან მიიღეს. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ სტალინგრადში დამატებითი ძალები არ გადაესროლათ და შედარებით მცირე ჯარით შეუტიეს. ხოლო შემდეგ რაც მოხდა, მთელმა მსოფლიომ კარგად გაიგო. როდესაც გერმანელები მიხვდნენ, თუ როგორ მოტყუვდნენ და მაშველი ძალებიც გადაისროლეს, უკვე გვიან იყო. ისინიც ხაფანგში მოყვნენ და ვინც ცოცხალი გადარჩა, პაულიუსთან ერთად, ტყვედ ჩაბარდა. სტალინგრადის ბატალიები, რომ იტყვიან, სულ მისხალ-მისხალ აქვთ გარჩეული საბჭოთა და რუს ანალიტიკოსებს, თუმცა მათ მხოლოდ ერთი „მცირე დეტალი“ „გამორჩათ“, ის, რომ მთელი ეს ეშმაკობა ლავრენტი ბერიას მიერ იყო მოფიქრებული და ორგანიზებული.

იაკობ კედმი: „ნათქვამია – გენიალურობა უბრალოებაშიაო. სწორედ ასეთი უბრალოება იყო ის სვლა, რაც ბერიას მიერ განხორციელდა და ეს „ტროას ცხენის“ ოპერაციასავით მახვილგონივრული და გამარჯვების მომტანი ნაბიჯი იყო. მაგრამ ტროაზე ბევრად უფრო მასშტაბური თავისი მრავალფეროვნებით“.

საგულისხმო დეტალია ის, რომ ეგრეთ წოდებულმა, „გამარჯვების მარშლებმა“ (გარდა კონსტანტინე როკოსოვსკისა) თავიდან ბოლომდე საკუთარ თავს მიაწერეს სტალინგრადის ბატალიები და გაკვრით, მინიშნებითაც კი არ უხსენებიათ ბერიას წვლილი ამ საქმეში, როგორც ეს როკოსოვსკიმ გააკეთა. უბრალოდ, როკოსოვსკი ჟუკოვზე ბევრად პატიოსანი და ღირსეული ადამიანი აღმოჩნდა. არადა, როკოსოვსკის ჰქონდა იმის მიზეზი, რომ ბერია სძულებოდა. სძულებოდა, იმიტომ რომ სწორედ ბერიას ძალისხმევით ჩამოსცილდა როკოსოვსკი კონსტანტინე სიმონოვის ცოლს, რომელიც საყვარლად ჰყავდა. ჟუკოვისთვის კი ბერიას არასდროს უწყენინებია. მეგობრობდნენ კიდეც, მაგრამ სწორედ ჟუკოვმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ბერიას განეიტრალებასა და ლიკვიდაციაში.

გენერალი პავლე ფიტინი: „როდესაც ფაშისტებს, ეგრეთ წოდებულ, „სტალინგრადულ სპექტაკლს“ ვუმზადებდით, იაპონელები კი შეცდომაში შეგვყავდა, ალბათ, მხოლოდ ბერია იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეჭვი არ ეპარებოდა ამ, ერთი შეხედვით, ავანტიურის წარმატებაში. მან შეგვატყო კიდეც ყოყმანი და პირდაპირ გვითხრა: „მეგობრებო, თავს ვდებ, რომ ჩვენი ოპერაცია სრული წარმატებით ჩატარდება და მზად ვარ, პასუხი ვაგო მცირედი წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი