ბელადები

როგორ გაანეიტრალა სტალინმა მესამე მსოფლიო ომის საშიშროება

№11

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 25.03, 2021 წელი

სტალინის შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გენიალური პოლიტიკოსი იყო და ყველა მისი ქმედება, თუ შეიძლება ასე ითქვას, პრაგმატიზმისა და სამართლიანობის ნაზავს წარმოადგენდა.... 

ისტორიულ და ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი ანტონ პროკოფიევი წერს: „სტალინი მრავალწახნაგა, აქედან გამომდინარე კი, რთული პიროვნება იყო, ძნელად თუ გაიგებდი, რა ჰქონდა ჩაფიქრებული, ამიტომ, ხშირად მისი პოლიტიკური სვლებიც კი ეჭვს იწვევდა. მხოლოდ პოლიტიკური თამაშის გროსმაისტერმა, სტალინმა იცოდა, თუ რას ემსახურებოდა მისი ესა თუ ის სვლა, ისევე, როგორც ეს გენიალურ მოჭადრაკეებს სჩვევიათ და საჭადრაკო პარტიის ბოლოს გამარჯვებულები რჩებიან ხოლმე. სტალინზე არანაკლებ ცნობილი, ნაკლებგენიალური, მაგრამ დიდი უინსტონ ჩერჩილი წერდა: „გარდა იმისა, რომ სტალინმა ეპოქა შექმნა და ამ პროცესში მე და რუზველტიც ვმონაწილეობდით, სტალინმა ეპოქის შემდგომი ეპოქის შექმნასაც ჩაუყარა საფუძველი. მართალია, ისტორიაში მე და რუზველტიც უეჭველად დავრჩებით და საკმაოდ საპატიო ადგილიც გვექნება, თუმცა არა ისეთი ბრწყინვალე, როგორიც სტალინს, მაგრამ ეპოქის ეპოქის ავტორი მხოლოდ და მხოლოდ სტალინი იქნება და ჩვენ იქ, უბრალოდ, მოგვიხსენიებენ...“

ეპოქის ეპოქის შექმნაში „ბრიტანელი ლომი“ თანამედროვე პერიოდს გულისხმოდა. მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების მიჯნას. ჩერჩილი ამბობდა, რომ სტალინმა ისეთი პოლიტიკური გათვლები განახორციელა და ისეთი ქმედებები ჩაიდინა, რომ მესამე მსოფილო ომზე რომ არაფერი ვთქვათ, მსოფლიოში დიდი კონფლიქტი, მინიმუმ, ასი წელი მაინც აღარ იქნებაო...

და მართლაც, ასეთი კონფლიქტი უკვე 70 წელია, თითქმის არ ხდება და იმედია, არც მოხდება. არადა, „ცივი ომის“ „მამა“ – ჩერჩილი 1946 წელს მთელი არსებით მოუწოდებდა მსოფლიო საზოგადოებრიობას, რომ აელაგმათ საბჭოური ოკუპაცია ირანში და სტალინი ხელშეკრულების დარღვევისთვის დაესაჯათ...

პროფესორი როი მედვედევი განმარტავს: „1941 წლის აგვისტო-სექტემბერში საბჭოეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ირანის ოკუპაცია განახორციელეს. ამ აქციას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა. ერთი მხრივ, ანგლო-ამერიკელები ირანს იყენებდნენ დამაკავშირებელ გზად ბრიტანეთის ინდოეთიდან საბჭოთა კავშირზე, სადაც სხვადასხვა დახმარება შედიოდა, მეორე მხრივ, ირანში საბჭოთა ჯარის ყოფნა ჩვენი (საბჭოთა) საზღვრების დაცვის გარანტია იყო ფაშისტების შემოტევისგან. ხელშეკრულების მიხედვით, ფაშიზმის დამარცხების შემდეგ ოკუპანტებს ისინი უნდა დაეტოვებინათ. და, მართლაც, ბრიტანეთმა და სხვა ძალებმა ირანის დეოკუპაცია განახორციელეს, ხოლო საბჭოეთი კვლავ აგრძელებდა ამ პროცესს. სწორედ ამიტომ „რაზმავდა“ ჩერჩილი მთელ მსოფლიოს საბჭოეთისა და სტალინის წინააღმდეგ. საქმე კი ის იყო, რომ სტალინმა კარგად იცოდა, ბრიტანეთი ირანის სამხედრო პოტენციალს აძლიერებდა, რაც მომავალში შესაძლოა, საბჭოეთზე თავდასხმისთვის გამოეყენებინათ. სწორედ, ამიტომ არ ჩქარობდა სტალინი ირანიდან გამოსვლას. ამასობაში, ჩრდილოეთ ირანში, ანუ საბჭოეთის ზონაში, შეიქმნა აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკა და ქურთების მეჰაბადის რესპუბლიკა. მართალია, საბჭოეთი ირანიდან გამოვიდა და ეს ორი რესპუბლიკაც დაიშალა, ხოლო ირანმა კი თავისი კუთვნილი ტერიტორიები დაიბრუნა, მაგრამ იქ ცხელი წერტილები დარჩა და ირანს საკმაო პრობლემები შეექმნა სეპარატიზმის კუთხით. ანუ, თუკი ირანი საბჭოეთზე თავდასხმის მომხრე იქნებოდა, ადგილობრივი ქურთების პარტიზანული ჯგუფები მათ ზურგში დასცხებდნენ და მოსვენებას არ მისცემდნენ. ამგვარად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქურთულ გამათავისუფლებელ მოძრაობას სტალინმა მისცა ბიძგი...“

ერთი შეხედვით, სტალინმა ჯერ კიდევ 75 წლის წინ ჩადო არაერთი გეოპოლიტიკური ნაღმი მსოფლიო პოლიტიკაში და ირანის კრიზისი ერთ-ერთი მათგანი იყო. თუმცა, ახლა დღესავით ნათელია, რომ სწორედ, ამ ნაღმმა (სხვა „ნაღმებმაც“) გაანეიტრალა ის მომავალი დიდი კონფლიქტი, რაც აუცილებლად მოხდებოდა და ჯაჭვური რეაქციის პრინციპს რომ მივყვეთ, მესამე მსოფილო ომს გამოიწვევდა. ანუ, სტალინმა გათვალა, რომ საბჭოთა კავშირზე ყოველი მხრიდან დაიწყებოდა მასირებული თავდასხმა და ამ კატასტროფის თავიდან ასაცილებელი საშუალებაც მოიგონა. როი მედვედევი წერს: „მართალია, სტალინმა დასავლეთის შემოტევის საწინააღმდეგო ტაქტიკა აამუშავა, მაგრამ საბჭოეთი მაინც დაინგრა და ამაში სტალინს ნამდვილად არ მიუძღვის ბრალი. უბრალოდ, სტალინის მემკვიდრეებმა ვერ გაუძლეს დასავლეთის გავლენას და ეს უზარმაზარი მონოლითი – საბჭოთა კავშირი მაინც დაანგრიეს...“

ასეა თუ ისე, კაცობრიობის წინაშე სტალინს დიდი დამსახურება აქვს – სწორედ, მისი ძალისხმევით განეიტრალდა მესამე მსოფლიო ომის საშიშროება, რომელიც გლობალურ კატასტროფას გამოიწვევდა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი