ბელადები

როგორ გაანადგურა სტალინმა „საბოტაჟნიკი“ ოპოზიცია

№52

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 31.12, 2020 წელი

საბჭოთა იარაღი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინის წარმატების საიდუმლო არა მხოლოდ ამ ადამიანის ფოლადისებურ ნებისყოფასა და მიზანსწრაფულობაშია, არამედ იმაშიც, რომ მან, ყველასთვის მოულოდნელად, მძლავრი ხელისუფლების მყარი ფუნდამენტი შექმნა და ძალაუფლება თავად  აიღო ხელში, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აღარ გაუშვია... 

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ვსევოლოდ ვოლხოვი წერს:

„მხოლოდ მიამიტებსა და კომუნისტური პარტიის ისტორიაში გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს შეუძლიათ, ამტკიცონ, რომ სტალინი მას შემდეგ გახდა სრულუფლებიანი მმართველი, როდესაც მემარცხენე და მემარჯვენე ოპოზიციები დაამარცხა და ტროცკი განდევნა“...

არა. ეს არასწორი აზრია. სტალინი ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეშივე ფლობდა მართვის სადავეებს, მაგრამ შეგნებულად არ იყენებდა სრული დატვირთვით. ლენინის სიკვდილის შემდეგ კი სტალინმა თავად აიღო სრული პასუხისმგებლობა ქვეყანაზე, რადგან დაინახა, რომ ოპოზიცია ყოვლად არაკონსტრუქციული იყო და იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის მართვასა და აღმშენებლობაში მიეღო მონაწილეობა, საბოტაჟით იყო დაკავებული. აი, მაშინ დაიწყო სტალინმა ძალაუფლების ხელში აღება, რაშიც მას თავისი პოსტი – პარტიის გენერალური მდივნობა უწყებდა ხელს.

ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო, უფრო ტექნიკური განხრის პროფილის თანამდებობა უმნიშვნელოვანესად, სწორედ, თავად სტალინმა გადააქცია, რაშიც მას ლენინმაც დაუჭირა მხარი. გენერალურმა მდივანმა სტალინმა პოლიტბიუროს წევრებს უმნიშვნელოვანესი დადგენილებები მიაღებინა, რაც შემდგომ წარმატებულად გამოიყენა პოლიტიკურ ბრძოლაში. კონკრეტულად კი, პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით, გენერალურ მდივანს შეეძლო, პირადად დაენიშნა ადამიანები უმაღლეს პარტიულ პოსტებზე – ყველგან და რაც მთავარია, გუბერნიებში. პარტიის წესდებით კი, უმაღლესი პოლიტიკური ორგანო ყრილობა იყო და მას, ხმის უბრალო უმრავლესობით, ნებისმიერი ადამიანის გადაყენება შეეძლო. ყრილობას კი გუბერნიის მმართველები და სხვა მაღალჩინოსანი პარტიულები, ანუ გენერალური მდივნის მიერ დანიშნულები წარმოადგენდნენ.

ამგვარად, სტალინს ყველა ყრილობაზე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა ჰქონდა. მისი გადაყენება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო და საბჭოთა ბელადი, სწორედ, ამიტომ გამოდიოდა გამარჯვებული ყველა პარტიულ უმაღლეს ფორუმზე, ანუ ყრილობაზე... გარდაცვალების წინ ას წელს მიტანებული ლაზარ კაგანოვიჩი იხსენებდა:

„იმ პოლიტიკურ-პარტიული მექანიზმის ერთ-ერთი ჭანჭიკი, ვინც სტალინს აბსოლუტური ძალაუფლება განახორციელებინა, მეც ვიყავი და ამით ძალიან ვამაყობ. სტალინი ჯერ კიდევ ოციანი წლების შუაში, ლენინის გარდაცვალებისთანავე ამბობდა ოპოზიციაზე, „საბოტაჟნიკები“ არიანო და მისი წინასწარმეტყველება გამართლდა. სტალინს სურდა კონსტრუქციული თანამშრომლობა ყველასთან და ოპოზიციის არსებობას დიდად მიესალმებოდა. თუმცა, როდესაც ეს ნაძირლები აშკარა საბოტაჟზე, ტერორიზმზე გადავიდნენ და ახლად შექმნილ ქვეყანას საძირკველს უთხრიდნენ, მას სხვა აღარაფერი დარჩა, რომ ისინი მეტასტაზებივით ამოეძირკვა...“

საგულისხმო დეტალია ისიც, რომ ლენინის გარდაცვალებისთანავე სტალინმა, პარტიაში, ეგრეთ წოდებული, „ლენინური მოწვევა“ გამოაცხადა და იქ მილიონზე მეტი გლეხი, მუშა და ინტელიგენტი გაწევრიანდა. უახლოეს წლებში კი სტალინი, სწორედ, ამ კადრებს დაეყრდნო საბოლოო პოლიტიკური გამარჯვების საქმეში და მათაც გაამართლეს. ამავე „მოწვევის“ პარტიულმა კომუნისტებმა ითავეს როგორც ინდუსტრიალიზაციის, ასევე, სამამულო ომის ყველა საორგანიზაციო სირთულე და ბელადი არც აქ შემცდარა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი წერდა:

„სტალინმა, ერთი შეხედვით, გენერალური მდივნის სუფთა ტექნიკური პოსტი უმძლავრეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადააქცია და ქვეყანას მისი მეშვეობით მართავდა. მე მახსოვს ოცდაათიან წლებში „საბოტაჟნიკი“ ოპოზიციონერების დაჯღანული სახეები. ისინი მიხვდნენ, თუ რა მძლავრი პოლიტიკური ინსტრუმენტი შეუქმნა სტალინმა საკუთარ თავს და ისიც დაინახეს, რომ სწორად მოიქცა. რომ არა სტალინის, ერთი მხრივ, პიროვნული თვისებები, მეორე მხრივ კი, ის უფლებები, რასაც გენერალური მდივნობა აძლევდა, საბჭოთა კავშირი ოციანი წლების მიწურულს დალევდა სულს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი ოპოზიციონერი რომ გამხდარიყო გენერალური მდივანი, მათ შორის ტროცკიც, ვერაფერს გააწყობდა და ქვეყანა უფსკრულში გადაიჩეხებოდა. ამგვარად, ოპოზიცია ასეც და ისეც დამღუპველი, ძალიან ცუდი მოვლენა იყო და სტალინმა აბსოლუტურად სწორი ნაბიჯები გადადგა მათ მიმართ, რაც შემდგომ ისტორიამაც დაადასტურა...“

როგორც კაგანოვიჩი, ასევე მოლოტოვი სტალინის უახლესი თანამებრძოლები იყვნენ და ოპოზიციის განადგურებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ცდებიან. პირიქით, სწორედ, სტალინი იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც უზარმაზარი ქვეყანა ფეხზე წამოაყენა და სტალინმა ეს სამჯერ შეძლო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი