ბელადები

როგორ ებრძოდა იოსებ სტალინი მსოფლიოს ფარულ მთავრობას

№6

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 18.02, 2021 წელი

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინისადმი მსოფლიოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა და მას სხვადასხვანაირად აფასებენ. თუმცა თითქმის ყველას ერთსულოვნად მიაჩნია, რომ სწორედ, საბჭოთა ბელადმა გაყო გერმანია ორად, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება... 

ისტორიკოსი ალექსეი პავლოვი წერს: „სტალინს გერმანია ნამდვილად არ გაუყვია. პირიქით, სწორედ, საბჭოთა ბელადმა გააჟღერა ის სამშვიდობო ინიციატივა გერმანიის თაობაზე, რომელიც მიწასთან გასწორებული ქვეყნის ფეხზე დადგომასა და მის აღორძინებას შეეხებოდა. როგორც კი 1946 წელი დადგა და მოკავშირეებს (ამერიკის შეერთებული შტატები, საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი) შორის პოლიტიკური დაძაბულობა დაიწყო, სტალინმა ანგლო-ამერიკელებს შესთავაზა, რომ გერმანიიდან საოკუპაციო ჯარები გაეყვანათ. ქვეყანას, როგორც ფინანსურ-ეკონომიკურად, ასევე სპეციალისტებითა და ცოცხალი ძალით დახმარებოდნენ და ჩაეტარებინათ არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა ყველა, გარდა ყოფილი ფაშისტებისა. ამასთან, გერმანია ყოველმხრივ დემილიტარიზებული უნდა ყოფილიყო – ქვეყნიდან უნდა გაეტანათ ყველა სახის შეიარაღება, გარდა პოლიციური, მსუბუქი იარაღისა. თავდაპირველად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ტრუმენმა, ასევე ბრიტანეთის პრემიერმა ეტლიმ ეს წინადადებები მიიღეს და განაცხადეს კიდეც, რომ მათ სულ მალე საქმედ აქცევდნენ. თუმცა, სულ რაღაც ათ დღეში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ბურჟუაზიულმა პრესამ (ძირითადად, ანგლო-ამერიკულმა), ფაქტობრივად, ანტისტალინური კამპანია გააჩაღა. საბჭოთა ბელადს ყოველგვარი ეთიკის ნორმების დარღვევითა და სათანადო მიზეზის გარეშე ცრუპენტელასა და ომის გამჩაღებელს უწოდებდნენ. აშკარა იყო, რომ ბურჟუაზიული, მართული პრესა შესაბამისი დირექტივებით მოქმედებდა და შეგნებულად ეწეოდა ცილისმწამებლურ კამპანიას.

ამ პროცესს ტრუმენის რადიოგამოსვლა დაემატა, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა: გვინდა, ვირწმუნოთ საბჭოთა ლიდერის სიტყვები, მაგრამ მწარე გამოცდილება გვაქვს, და როგორც ჰიტლერმა მოატყუა მსოფლიოო ათი წლის წინ, იგივე ბედი გველოდებაო. სტალინის ჰიტლერთან შედარება ძალიან დიდი შეურაცხყოფა იყო. თუმცა, სტალინი ამას არ აჰყვა და საპასუხო სიტყვაში მას მოუწოდა: ჩვენ ჰიტლერი ერთად დავამარცხეთ. მოდი, დავამარცხოთ ჩვენი ბნელი ვნებები და ყველა საკითხი მრგვალ მაგიდასთან განვიხილოთ. მხოლოდ ამ გზით შეიძლება თანხმობის მიღწევა და წინსვლა. ყველაფერი იმის აღდგენა, რაც ამ საშინელმა ომმა დაანგრიაო. სტალინის სიტყვას ახალი ცილისმწამებლური კამპანია მოჰყვა. უფრო მწვავე და შეურაცხმყოფელი. ეტლიმ კი ტრუმენის სიტყვები გაიმეორა და სტალინის ჰიტლერთან შედარებას, თავის მხრივ, დაამატა – მაშინ ვირწმუნებთ სტალინის სიტყვას, თუკი ის მთელი ევროპიდან გაიყვანს წითელ არმიას და თავის ტერიტორიაზე დააბრუნებსო.
ვიაჩესლავ მოლოტოვი ჰყვებოდა: „სტალინი, დასავლეთის რადიოარხებს პირდაპირ ეთერში ისმენდა. მას როგორც კრემლში, ასევე კუნცევოში მძლავრი რადიომიმღებები ჰქონდა, ინგლისური კი კარგად იცოდა, თუმცა, არ უყვარდა უცხო ენებზე საუბარი. როდესაც ეტლი რადიოთი გამოდიოდა, მეც სტალინთან ერთად ვიყავი და სიტყვა რომ დაასრულა, სტალინმა ირონიით მითხრა:
– ხედავ, რას ამბობს ეგ ქოლგის ქვეშ გაფხორილი ინდაური? ჭკუითაც არ ცდილობს ჩვენს მოტყუებას და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადის. ხომ გეუბნებოდი, რომ მათთან კეთილმეზობლური და კეთილმეგობრული დამოკიდებულება ძალიან მოკლეხნიანი ისტორიაა. აი, უკვე გვაწვებიან და თუკი კონტრშეტევა არ განვახორციელეთ, გამორიცხული არაა, იარაღითაც კი შემოგვიტიონო.
ერთი სიტყვით, მკაცრი წერილი მოვამზადეთ, რომელიც ბრიტანელებსა და ამერიკელებს გავუგზავნეთ. მასში სასტიკად იყო დაგმობილი ანტისაბჭოური ისტერია და წერილს სტალინი აწერდა ხელს. პასუხი არ მიგვიღია, თუმცა ცილისმწამებლური კამპანია შენელდა. ჩვენ კი ატომურ იარაღზე მუშაობა განვაგრძეთ...
1946 წლიდან ერთბაშად რამდენიმე პარალელური პროცესი ვითარდებოდა და სტალინს მრავალ ფრონტზე ერთდროულად უწევდა ბრძოლა. როგორც მოლოტოვი და სტალინის სხვა თანამებრძოლები წლების მერე კერძო საუბრებში ჰყვებოდნენ, სტალინი მსოფლიოს მმართველ ფარულ მთავრობაზე საუბრობდა და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ყველა ეს კრიზისი მათი შექმნილი იყო საბჭოეთის დასაძირად“.
სტალინი ჯერ კიდევ იატაკქვეშა რევოლუციური მოღვაწეობისას აღნიშნავდა თავის ყველაზე უახლოეს თანამებრძოლებთან საუბრებში, რომ არსებობდა, ეგრეთ წოდებული, მსოფლიო მთავრობა და რომ მათი მთავარი სამიზნე რუსეთი იყო.

სერგო ორჯონიკიძის მეუღლე, ზინაიდა ორჯონიკიძე თავის დღიურებში წერდა: „ერთხელ, ჩემი სერგო და კობა (სტალინი) ჩვენთან იმყოფებოდნენ. მე ვქსოვდი, ისინი კი სამზარეულოში წითელ ღვინოს სვამდნენ და ხმადაბლა საუბრობდნენ. კობა რომ წავიდა, სერგო ძალიან ჩაფიქრებული იყო. ამის მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა: კობამ ისეთი რაღაცები მითხრა, ის ან შეშლილია და ეს ყველაფერი ტყუილია, ან თუ მართალია, მაშინ, როდესაც ძალაუფლებაში მოვალთ, ისეთ ძალებთან მოგვიწევს სამკვდრო-სასიცოცხლო შებმა, რომლების ბადალიც არ მოიძებნებაო. სერგო მსოფლიო ფარულ მთავრობაზე საუბრობდა, ეს მას სტალინმა უთხრა...“
სტალინი აშკარად არასდროს ლაპარაკობდა ამ თემაზე, თუმცა მთელი ცხოვრება ამ ფარულ ძალას, ეგრეთ წოდებულ, მსოფლიო მთავრობას ებრძოდა და როგორც ზოგიერთს მიაჩნია, სწორედ, ამ ძალების მიერაა მოწყობილი საბჭოთა ბელადის მკვლელობა. თუმცა, ამის აშკარა ფაქტები არ არსებობს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი