ბელადები

როგორ და რატომ შექმნა ბერიამ „ობეხეესის“ წინამორბედი სტრუქტურა

№15

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 23.04, 2023 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია საკმაოდ მკაცრი, ზოგჯერ სასტიკი, მმართველი იყო. თუმცა, ხშირ შემთხვევებში ის იმდროინდელი კანონების ფარგლებში მოქმედებდა. ის კანონები კი ძალიან მკაცრი და დაუნდობელი იყო.

ბორის სოკოლოვი: „ბერიას ინოვაციურობიდან გამომდინარე, ამ ადამიანმა სამსახურების სტრუქტურების ისეთი სისტემა შექმნა, რაც დღემდე მოქმედებს რუსეთში. ზოგს ის მოძველებულად მიაჩნია. ზოგს – პირიქით, თუმცა, თავის დროზე ბერიას მიერ შექმნილმა სტრუქტურებმა დიდი სამსახური გაუწია საბჭოთა კავშირის გაძლიერებას. ერთ-ერთი ასეთი სტრუქტურა იყო, ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახური (შემდგომში მას „ობეხეესი“ უწოდეს), ბერიას დროს კი მას მექრთამეობასთან და სახელმწიფო ქონების დატაცებასთან მებრძოლი განყოფილება. 1935 წელს სტალინის უშუალო მითითებით სახელმწიფო უშიშროების ორგანოებს დაევალათ, რომ მკაცრი ბრძოლა გამოეცხადებინათ სახელმწიფო ბიუჯეტის და სახელმწიფო ქონების დამტაცებლების, მექრთამეების წინააღმდეგ. ყველაზე ეფექტურად კი ამ საქმეს ბერია მიუდგა. ცენტრალური სტრუქტურებისა და სხვა რესპუბლიკების ანალოგიური სტრუქტურების ხელმძღვანელებისგან განსხვავებით, მან ამ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილება შექმნა. ამ პერიოდში ბერია ამიერკავკასიის რესპუბლიკების „ცეკას“ პირველი მდივანი იყო და დიდ ძალაუფლებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც ჰქონდა. ბერიამ გენერალი სერგო გოგლიძე დაიბარა კაბინეტში. ახალი სტრუქტურის ზუსტი სქემა დაუხატა და უმოკლეს დროში ამ სამსახურის შექმნა და ეფექტური მუშაობა დაავალა. თან განუმარტა, რომ სუფთა „ჩეკისტური“ მიდგომა საკმარისი არ იყო და ამ საქმეში სპეციალისტები ჩაერთო სხვადასხვა დარგიდან. ერთი სიტყვით, ბერიამ და გოგლიძემ ეს სამსახური ისე ააწყვეს (მოვლენებს წინ ვუსწრებ), რომ სახელმწიფომ 69 მილიონი მანეთის შემოსავალი მიიღო, რაც იმ პერიოდისთვის კოლოსალური თანხა იყო და ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნამატი მიიღო.“

ბერიას დანაშაულად უთვლიან იმას, რომ 1936 წლის მიწურულს, მის მიერ შექმნილმა განყოფილებამ ბაქოში გაშიფრა ჯგუფი, რომელიც ეგრეთ წოდებული, „ლევი ნავთობით“ ვაჭრობდა. სახელმწიფო საბადოებზე მოპოვებულ ნავთობპროდუქტებს „ლევად“ აწვდიდა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს და ამით სახელმწიფო 27 მილიონი მანეთით დააზარალეს. ამ დანაშაულის გამო მხილებული და დაპატიმრებული იქნა ბაქოს ნავთობსარეწის 27 თანამშრომელი. მათ სრულად დაუმტკიცდათ დანაშაული და 25 მათგანი დახვრეტილ იქნა. მოგვიანებით, ლავრენტი ბერიას ეს ქმედება დანაშაულად, რეპრესიების მოწყობად ჩაუთვალეს, რაც არ შეესაბამეოდა სიმართლეს.

სერგო ბერია: „მამაჩემი ზოგიერთ საქციელს ნანობდა და ამბობდა, შემეძლო ნაკლები სისხლით ან, სულაც უსისხლოდ გამეკეთებინაო, მაგრამ, რაც შეეხება ბაქოსთან დაკავშირებულ დატაცების საკითხს, ის წამითაც არ ნანობდა ამას. ბაქოში, გარდა იმისა, რომ მოქმედებდა მფლანგველ-მომხვეჭელთა ჯგუფი, ისინი უცხო ქვეყნის დაზვერვის გავლენის აგენტები იყვნენ და ორმაგად მტრობდნენ ქვეყანას. ეს კი იმდენად მიუღებელი იყო იმ პერიოდისთვის, რომ მათი დანდობა გამორიცხული იყო ყველა კრატერიუმით.“

აქ ერთი შესწორება უნდა შევიტანოთ: ბაქოს საქმეზე დამნაშავეთა შორის 2 დაუხვრეტელი (თუმცა დამნაშავე) ქართველი ინჟინერი იყო. ისინი იმსახურებდნენ სასიკვდილო განაჩენს, მაგრამ გადარჩნენ. მათ გვარებს არ ვასახელებთ. თუმცა, ორივე მათგანი შემდგომში სახელმოხვეჭილი, დამსახურებული, ორდენოსანი ადამიანები გახდნენ და ერთი მათგანი პირადად სტალინმა დააჯილდოვა საბჭოთა კავშირის უმაღლესი ორდენით. მათი გადარჩენა კი ბერიას საქმე იყო. ორივე ქართველი ნაციონალისტი იყო და კაპიკიც არ აუღიათ იმ დანაშაულებრივ საქმეში. ისინი, უბრალოდ, საბჭოთა წყობის მტრები იყვნენ და ტიპური საბოტაჟით იყვნენ დაკავებული. ბერიამ კი ორივე გამოაძვრინა ამ საქმიდან და დასკვნა მკითხველმა გააკეთოს.

ვლადიმირ კალინინჩენკო (საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი): „გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს დადგა საკითხი ბერიას რეაბილიტაციის შესახებ. შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც მეც შევდიოდი. საბოლოოდ ბერიას რეაბილიტაცია არ მოხდა. თუმცა, მე მისი რეაბილიტაციის მომხრეთა შორის ვიყავი შევისწავლეთ უამრავი საბუთი. ამ დოკუმენტების 85 პროცენტი ბერიას სასარგებლოდ იყო. თუმცა, უმრავლესობამ ასე არ მიიჩნია. იმ უმრავლესობას კი (როგორც მოგვიანებით შეიტყვე) დასავლეთიდან მოვლინებული ექსპერტები აკონტროლებდნენ. ამით მე იმისი თქმა მინდა, რომ ბერია თითქმის არასდროს სცდებოდა იმ პერიოდის საბჭოთა კანონებს და რატომ იყო ის დამნაშავე, ვერ ვხვდები. თუ მაინცდამაინც ბერიას დადანაშაულება იყო საჭირო, შეეძლოთ, ეთქვათ, რომ მან 2 ქართველი „გამოაძვრინა“ ამ საქმიდან. სწორედ ეს იყო კანონებით დანაშაული. თუმცა, ჩვენი კომისიის წევრებს ეს, ფაქტია, გამოპარათ, ან შეგნებულად აუქციეს გვერდი და არც მე დამიჟინია, რომ ბერია ამის გამო გამეშავებინა. ჩემი აზრით, ბერია პატრიოტი ადამიანი იყო და ნებისმიერი ხელსაყრელი მომენტის დროს ცდილობდა ქართველების დაცვას.“

გასაგებია, რომ ბერია ქართველების ქომაგი იყო, თუმცა ეს მას ვერც ევგენი მიქელაძისა და ვერც მიხეილ ჯავახიშვილის სისხლს ვერ ჩამორეცხავს (რომ არაფერი ვთქვათ სხვებზე), თუმცა, როგორც მისი ვაჟი, სერგო ბერია აღნიშნავდა, ლავრენტი პავლოვიჩი სიცოცხლის ბოლომდე ნანობდა ამ დანაშაულს და ამბობდა, ნეტავ დრო უკან დაბრუნდეს, რომ ეს ხალხი ეშაფოტზე არ ამეყვანაო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი